საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 69-ე ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული საერთაშორისო დიდოსტატი მერაბ გაგუნაშვილი გახდა. ტურნირის ტაი-ბრეიკში გაგუნაშვილმა გამოცდილი თამაზ გელაშვილი დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონობა პირველად მოიპოვა, საკუთარი შეხედულებები კი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებ-გვერდს გაუზიარა.
- გასული გამარჯვება რამდენად მოსალოდნელი იყო?
- ჩემი მიზანი I-II ადგილი და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების საგზურის მოპოვება გახლდათ, წარმატებული სტარტის შემდეგ კი ჩემპიონობაზე სერიოზულად დავიწყე ფიქრი.
- აქამდე ჩატარებულ ჩემპიონატებში თქვენთვის საუკეთესო რომელი იყო?
- საუკეთესო შედეგი შარშანდელ ტურნირში ვაჩვენე, სადაც II ადგილი დავიკავე. 2004 წელს გამართულ ჩემპიონატშიც ვლიდერობდი, მაგრამ, გარკვეულ მიზეზთა გამო, ტურნირი არ დასრულებულა.
- ტურნირის დასაწყისში ძირითად ფავორიტად ვის თვლიდით?
- გამორჩეულად, არავის. ძირითად მეტოქეებად მაინც გამოცდილ მოჭადრაკეებს მივიჩნევდი.
- რომელი პარტია იყო განსაკუთრებული?
- მოგებული პარტიებიდან ყველა საინტერესო იყო. ავღნიშნავდი ლუკა პაიჭაძესთან ყაიმს, რომელიც ჩემმა მოწინააღმდეგემ საკამოდ მაღალ დონეზე ჩაატარა.
- ტურნირის მიმდინარეობისას კონკურენციას ვინ გიწევდათ?
- IX ტურის ჩათვლით, პაიჭაძე, შემდეგ კი, ბოლომდე თამაზ გელაშვილი მომყვებოდა.
- ჩემპიონატში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა მოჭადრაკე მონაწილეობდა. თქვენზე კარგი შთაბეჭდილება რომელი მათგანის თამაშმა მოახდინა?
- ამ მხრივ, ლუკა პაიჭაძეს გამოვარჩევდი.
- სამომავლო გეგმები როგორია?
- ევროპის ჩემპიონატისათვის ვემზადები, რომელიც 5 მარტს სტარტს ხორვატიის ქალაქ რიეკაში აიღებს.







