სეზონის დაწყებამდე ორივე გუნდი ერთნაირ მდგომარეობაში აღმოჩნდა – ფინანსური გაურკვევლობა, ფეხბურთელთა მიგრაცია, არასრულფასოვანი მომზადება.
სეზონის სტარტზე რუსთაველებმა შინ ბათუმის “დინამოს” მოუგეს (2:1), ხოლო ლანჩხუთლები გასვლაზე “ზესტაფონთან” დამარცხდნენ (0:6). მე-2 ტურში ორივე გუნდმა ნულოვანი ფრე ითამაშა - “გურიამ” სახლში ქობულეთის “შუქურასთან”, “მეტალურგმა” სტუმრად “ზუგდიდთან”. გურულებმა და ქვემოქართლელებმა მეორე ტურის შედეგი მესამეშიც გაიმეორეს.
“გურიამ” მატჩი აქტიურად დაიწყო და მე-2 წუთზე, საბა ლომიამ მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ნიკა ჯიშკარიანს პასი მისცა, მაგრამ ბურთი შალვა ექვთიმიშვილმა ჩაჭრა და ხიფათი გაანეიტრალა. მე-8 წუთზე, ოთარ კიტეიშვილმა სტუმართა საჯარიმოში ივანე ხაბელაშვილს მოძებნა, რომელსაც ზუსტად დარტყმაში ხელი გიგა ჟვანიამ შეუშალა და ბურთს კარს გადასცდა. მე-10 წუთზე, გიორგი კილასონიამ ლანჩხუთელთა საჯარიმოს სიხლოვიდან “სტანდარტული” სახიფათოდ შეასრულა და ვლადიმერ ზუხბაიამ ბურთი მოიგერია, ხოლო დამატებაზე მყოფი კიტეიშვილი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
23-ე წუთზე, ირაკლი სიხარულიძემ გოლი გაიტანა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა რუსთაველ ფორვარდზე “თამაშგარე” დააფიქსირა. 32-ე წუთზე, ივანე ხაბელაშვილმა კარგი პასი მისცა ლანჩხუთელთა საჯარიმოში “გახსნილ” სიხარულიძეს, რომელმაც პარტნიორს ბურთი ერთი შეხებით დაუბრუნა და ხაბელაშვილის დარტყმას ლანჩხუთელი მცველი რომ არ გადაღობებობდა, შესაძლოა, ანგარიშიც გახსნილიყო.
მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, რომ გიორგი ქავთარაძემ მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და “გურიას” საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
74-ე წუთზე, გიორგი ვასაძემ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს, ბურთი “გურიას” საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც კახა კაკაშვილმა თავით ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. იმ დროისთვის ორივე გუნდის მიერ შექმნილ მომენტებს შორის, ეს ყველაზე სახიფათო იყო.
ამ ეპიზოდიდან მალევე, “ჯარიმიდან” ვასაძემ ბურთი კვლავ კაკაშვილს გადააწოდა, რომლის თავური ისევ სახიფათო და უზუსტო აღმოჩნდა. მატჩის ბოლო წუთზე ვასაძემ სახიფათოდ დაარტყა და ბურთს ცოტა დააკლდა, რომ კარში ჩაშვებულიყო.
გამომდინარე იქიდან, რომ 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, თბილისში ირლანდიას ხვდება, თემურ ქეცბაიას თხოვნით უმაღლესი ლიგის მომდევნო ტური 12 სექტემბერს გაიმართება.
მეტალურგი (რუსთავი) – გურია (ლანჩხუთი) 0:0
24 აგვისტო. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”.
მეტალურგი: ბედიაშვილი (კ), ვასაძე, ქავთარაძე, გიორგი კილასონია (ტორონჯაძე, 60), ვარლამ გიორგის ძე კილასონია, სიხარულიძე (დავით გელაშვილი, 71), ექვთიმიშვილი, ცნობილაძე, კოტე ხიზანეიშვილი, კიტეიშვილი, ხაბელაშვილი (კაკაშვილი, 54).
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კიალსონია.
გურია: ზუხბაია, ჟვანია, გოგიაშვილი, ჭეიშვილი, მეგრელიშვილი, ჯოჯუა, გაბრიჭიძე, კოშკაძე (კ), შალამბერიძე (კუკულაძე, 90+2), ნიკა ჯიშკარიანი (ინგოროყვა, 90), საბა ლომია (კვერენჩხილაძე, 71).
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ ლორია.
გაფრთხილება: შალამბერიძე (35), გაბრიჭიძე (54), ქავთარაძე (63). ზუხბაია (90+3)
მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა.







