თბილისში ქალთა შორის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მოჭადრაკეებმა ქუთაისში გადაინაცვლეს და ევროპირველობა სწრაფ ჭადრაკში ჩაატარეს. სასიხარულოა, რომ თბილისური ტურნირისგან განსხვავებით, ქუთაისში მასპინძლები მედლის გარეშე არ დარჩენილან. სალომე მელიამ (2444) თერთმეტ ტურში 8.0 ქულა მოაგროვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ასეთივე მონაგარით, ბრინჯაო სომეხ ლილი მკრტჩიანს (2468) ერგო, ჩემპიონობა კი უნგრელმა ტრან ტრანგ ჰოანგმა მოიპოვა (2456), რომელმაც თავი 9.0 ქულას მოუყარა.
სულ, ევროპის ჩემპიონატში 50 ქართველი მოჭადრაკე ჩაება. მელიას კვალად, ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ნანა ძაგნიძეს (2557), ბელა ხოტენაშვილს (2470) და ქეთი წაწალაშვილს (2280) ჰქონდათ. მათ 7.5-7.5 ქულა მოაგროვეს და შესაბამისად, მე-7, მე-8 და მე-11 ადგილები გაინაწილეს.
სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდიც 10 400 ევრო გახლდათ, საიდანაც გამარჯვებულმა 2 ათასი მიიღო, მელიას 1500 ევრო ერგო, მკრტჩიანს კი – 1000.







