რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გრძელდება საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ქართველი მოჭადრაკეები სალომე მელია და ბელა ხოტენაშვილი ასპარეზობენ. პირველი დღისგან განსხვავებით, რომელშიც ორივე ჩვენებურმა გამარჯვებას მიაღწია, მეორე ტური ნაკლებად წარმატებული გამოდგა.
ხოტენაშვილი შავი ფიგურებით რუმინელ ელენა კოსმასთან დამარცხდა, მელია კი თეთრებით სლოვაკ ევა რეპკოვას დაუზავდა.
შედეგად, მელიასა და კოსმას 1.5-1.5 ქულა მოუგროვდათ და ტურნირს სათავეში ჩაუდგნენ, ხოლო ხოტენაშვილი მე-8 ადგილამდე დაქვეითდა.
მესამე ტურში ქართველი მოჭადრაკეები უნგრელებს ეთამაშებიან. მელია შავებით ანიტა გარას გაეჯიბრება, ხოტენაშვილი კი თეთრი ფიგურებით სიდონია ვაიდას დაუპირისპირდება.
შეჯიბრი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 18 თებერვლამდე გასტანს, საპრიზო ფონდი კი 2 000 ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 500 ევროს მიიღებს.
მონაწილეთა რეიტინგი ასეთია: 1. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2461). 2. მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2447). 3. კრისტინა ფოიშორი (რუმინეთი, 2440). 4. ევა რეპკოვა (სლოვაკეთი, 2434). 5. სალომე მელია (საქართველო, 2431). 6. კორინა პეპტანი (რუმინეთი, 2411). 7. ირა ტუროვა (რუსეთი, 2386). 8. ანიტა გარა (უნგრეთი, 2370). 9. სიდონია ვაიდა (უნგრეთი, 2369). 10. ელენე კოსმა (რუმინეთი, 2322).







