ჭადრაკი

19:26 | 2.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

მელია ლიდერთა შორის რჩება

გიბრალტარის პრესტიჟულ საჭადრაკო ტურნირზე მოთამაშე სალომე მელია (2449) მე-8 ტურშიც ჩინებულად გაისარჯა და რეიტინგის მიხედვით, გაცილებით ძლიერ, გერმანელ დანიელ ფრიდმანთან (2655) შავი ფიგურებით ყაიმი ითამაშა. შედეგად, სალომემ თავი 6.0 ქულას მოუყარა და დამატებითი მაჩვენებლებით, მე-8 ადგილზე დამკვიდრდა, არადა ტურნირის დაწყების წინ, იგი 61-ე ნომრად გახლდათ განთესილი.
2011 Tradewise Gibraltar Chess Festival – Masters-ის ერთპიროვნული ლიდერი, უკრაინელი ვასილი ივანჩუკია (2764), რომელსაც 7.0 ქულა აქვს, ინგლისელი ნაიჯელ შორტი (2658) და ებრაელი ვიქტორ მიხალევსკი (2579) კი, მას 0.5 ქულით ჩამორჩებიან.
ბოლოსწინა მე-9 ტურში, მელია თეთრი ფიგურებით კიდევ ერთ ძლიერ მოჭადრაკეს, ინდოელ პენტალა ჰარიკრიშნას (2667) ეთამაშება, რომელსაც ქართველის დარად, 6.0 ქულა გააჩნია, რეიტინგით კი - ტურნირზე მეათეა. გასულ პარტიებში მან 4-ჯერ იმარჯვა და ამდენჯერვე ყაიმი გააფორმა.
5.5 ქულით, 21-ე ადგილზე გახლავთ გიორგი ყაჭეიშვილი (2585), რომელმაც შავი ფიგურებით საფრანგეთის სახელით მოთამაშე, გაბრიელ ბატალინის (2437) სძლია. ქართველი მოჭადრაკის შემდეგი მეტოქე, ინდოელი დრონავალი ჰარიკაა (2520), რომელსაც ასევე 5.5 ქულა აქვს. თეთრებით ყაჭეიშვილი ითამაშებს.
მე-9 ტურში, თეთრი ფიგურებით სერბი დრაშკო ბოშკოვიჩის (2412) წინააღმდეგ გაირჯება ნანა ძაგნიძე, რომელიც რუს ალექსეი სლავინს (2417) შავი ფიგურებით დაუზავდა და 5.0 ქულით, 34-ე საფეხურზე იმყოფება.
გიბრალტარის საჭადრაკო ფესტივალი 10 ტურად მიმდინარეობს, ჯამური საპრიზო ფონდი კი 126 ათასი გირვანქაა, საიდანაც ჩემპიონი 17 500-ს მიიღებს, ხოლო სულ, პრიზები მოწინავე თორმეტეულს ერგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.150942