საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასის 1/16 გათამაშებაში, ხობის ”კოლხეთმა” ზუგდიდის ”ზუგდიდი” მიიღო. ამ გუნდების პირველი მატჩი, განმუხურის სტადიონზე ფრედ, 1:1 დასრულდა და წინასწარ იყო მოლოდინი იმისა, რომ მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგებოდა. ასეც მოხდა. მთლიანობაში, თამაში უხეში გამოდგა, როგორც დერბის “შეეფერება”.
ხობელებმა საწყის წუთებშივე შეუტიეს მეტოქეს და 6-ე წუთზე შექმნეს პირველი სახიფათო მომენტი, თუმცა ”ზუგდიდის” მცველებმა განხმუხტეს სიტუაცია. ”კოლხეთის” იერიშს 12-ე წუთზე გუგუჩიამ უპასუხა საჯარიმო დარტყმით, თუმცა მეკარემ უშეცდომოდ ითამაშა.
ზუგდიდელთა რიგებში, ძირითადში იყო ეგვიპტელი ლეგიონერი ამირ მეგაჰედი, რომლისთვისაც, ადგილობრივ გულშემატკივრებს ქართული სახელიც კი მოუფიქრებიათ - ”ამირანი”. ეგვიპტელი ”ამირანი” აქტიურიც იყო, მაგრამ ისეთი არა, რომ სხვებისგან გამორჩეული ყოფილიყო. მეგაჰედს 18-ე წუთზე ჰქონდა ანგარიშის გახსნის კარგი შანსი, თუმცა ამ უკანასკნელის დარტყმული, მცირედით აცდა ხობელთა კარს.
აღნიშვნის ღირსია ადგილობრივი გულშემატკივრების აქტიური მხარდაჭერა საკუთარი გუნდის მიმართ, რამაც დიდი როლი ითამაშა ”კოლხეთის” გამარჯვებაში, ხობელები მთელი 4 (!) ტაიმის განმავლობაში არ გაჩერებულან.
ორივე გუნდის გულშემატკივარი საკმაოდ აგრესიული იყო მსაჯის მიმართ, თუმცა გარკვეულ ეპიზოდებში, მათი უკმაყოფილება საფუძველს არ იყო მოკლებული - რიგ ეპიზოდებში შეცდომებს უშვებდა კრიჭაშვილი.
34 -ე წუთზე ”კოლხეთი” აქტიურ თამაშს ზუგდიდელთა კონტრიერიში მოჰყვა და გუგუჩიას ჩაწოდებული ბურთი კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა გოგენიამ. 37 -ე წუთზე კი, ხობელებმა მაინც მიაღწიეს საწადელს, ”ზუგდიდის” საჯარიმო მოედნის ხაზთან, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ცოტნე ბუკიას მიუვიდა ბურთი, რომელმაც მარცხენა დაბალ კუთხეში შეაგდო ზუგდიდელთა კარში. პირველი ტაიმი ასე დასრულდა.
მეორე ტაიმში წიტაიშვილმა თამაშის გადარჩენა სცადა და მეორე ეგვიპტელი ლეგიონერი, ჯამალ ჰამზა და წურწუმია შემოიყვანა. სტუმრები ცდილობდნენ სწრაფი გოლი გაეტანათ მაგრამ მათ შეტევებს სიზუსტე აკლდა, ”კოლხეთი” თავის მხრივ კონტრიერიშებით დიდ პრობლემებს უქმინდა მეტოქეს. 57-ე წუთზე, ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს, ”კოლხეთის” მეკარემ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა.
62-ე წუთზე, ექსტორპედოელი დათა რიგვავა დაემუქრა ხობელთა კარს, მასპინძლები ძელმა იხსნა, თუმცა იქვე, კოლხეთის მცველ ჭითანავას მოხვდა ხელზე ბურთი, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი. პენალტი გუგუჩიამ უნაკლოდ შეასრულა, მარცხენა მაღალ კუთხეში აუღებელი დაურტყა მასპინძელთა მეკარეს - 1:1.
პირველი მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე, დამატებითი დრო უკვე რეალურიც გახდა, თუმცა ”კოლხეთის” ფეხბურთელს, ფიფიას რომ ცოტათი გამართლებოდა, მსაჯის მიერ დამატებულ, 91- ე წუთზე, კოლხეთი ძირითად დროში გაწყვეტდა მატჩის ბედს. საბოლოოდ, ძირითადი დრო 1:1 მორჩა წინა შეხვედრის მსგავსად და დამატებითი ტაიმები დაინიშნა.
დამატებითმა დრომ კიდევ უფრო შემატა სიმწვავე შეხვედრას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხობელებს დაღლა დიდად არ დასტყობიათ და ბოლომდე იბრძოდნენ, არც ”ზუგდიდი” იყო მდევრის როლში, ზუგდიდელები გამოცდილების ხარჯზე ცდილობდნენ მეტოქის დაჩაგვრას, მაგრამ პირველი დამატებითი ტაიმის 13-ე წუთზე ყველაფერს წერტილი ირაკლი გერგაიამ დაუსვა: მან ზუგდიდელთა საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, კარგად გაისწორა, დაარტყა და შეხვედრის გადამწყვეტი გოლი გაიტანა, რასაც ადგილობრივი ქომაგების დიდი სიხარული და ოვაცია მოჰყვა.
სამწუხაროა, სამეგრელოს მხოლოდ ორი გუნდი ჰყავდეს უმაღლეს ლიგაში, რადგან საკმარისია დასწრებოდით ამ შეხვედრას, ნახავდით თუ როგორ უყვართ ფეხბურთი სამეგრელოში და როგორ აქტიურად გულშემატკივრობენ. დარჩენილ დროში”ზუგდიდი” ბევრს ეცადა მატჩის გადარჩენას, მაგრამ ამისთვის სტუმრებს არც დრო დარჩათ და არც ენერგია. საბოლოოდ, მატჩი ხობის ”კოლხეთის” გამარჯვებით, 2:1 დასრულდა და დავით ყიფიანის სახელობის თასზე ბრძოლას, სწორედ ხობელები გააგრძელებენ.
”კოლხეთი”(ხობი) - ”ზუგდიდი” (ზუგდიდი) 2-1 (1-0)
17 სექტემბერი. 15:30 ხობის ცენტრალური სტადიონი 500 მაყურებელი
”ხობი”: გელაშვილი (ჭურღულია), გოგენია, გოგენია ირაკლი, პაჭკორია, ფიფია, ბუკია,
ვართაგავა, გერგაია, ღლონტი (ლომაია), გაბრავა, ჭითანავა.
მთავარი მწვრთნელი: ლევან ნოდია
”ზუგდიდი”: მამალაძე, ონიანი, აფაქიძე, მირცხულავა, კანკია (ხუბუა), მეგაჰედი,
სიხარულია (ჰამზა) , ლომია (წურწუმია), რიგვავა, გუგუჩია, ეხვაია,
მთავარი მწვრთნელები: კობა წიტაიშვილი, ოთარ თუთბერიძე
გოლები: ბუკია (37), გუგუჩია (65), გერგაია (113)
მთავარი მსაჯი: ალექსი კრიჭაშვილი
ედემი ელერჯია