ჩინეთის ქალაქ შენჟენში დასასრულს მიუახლოვდა მსოფლიოს 2011 წლის უნივერსიადის საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც ხუთი ქართველი ახალგაზრდა ჩაება, თუმცა, ბოლო ტურის წინ საპრიზო სამეულში გასვლის შანსი არცერთ მათგანს აღარ შერჩა.
გოგონათა ტურნირის ექვსი ტურის თავზე, ლიდერთა შორის ნინო ბაციაშვილიც (2381) იმყოფებოდა, მაგრამ მომდევნო ორ პარტიაში მხოლოდ 0.5 ქულა აიღო და 5.5 ქულით მეცხრე ადგილამდე დაქვეითდა. ნინო ლიდერ ირინა ვასილევიჩს (2367, რუსეთი) უკვე ქულით ჩამორჩება.
5.0 ქულით მეთორმეტე ადგილზე იმყოფება მაკა ფურცალაძე (2381), ხოლო სოფიკო გურამიშვილი (2329) 4.5 ქულით ოცდამესამეა.
ვაჟთა ტურნირის ჩემპიონობა ვადაზე ადრე მოიპოვა ჩინელმა ჩაო ლიმ (2669), რომელმაც რვა ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს უკვე 1.5 ქულით უსწრებს.
დავით ბენიძე (2514) 5.5 ქულით მეთორმეტე საფეხურზე დამკვიდრდა, ლუკა პაიჭაძეს (2489) კი ნახევარი ქულით ნაკლები აქვს და მეცხრამეტეა.
უნივერსიადის საჭადრაკო ტურნირის დასკვნითი ტური კვირას გაიმართება.







