გიბრალტარში მიმდინარე საჭადრაკო ფესტივალის ორი ტურის თავზე, ქულათა მაქსიმუმით ერთბაშად 30 მონაწილე დაწინაურდა, რომელთა შორის არცერთი ქართველი მოჭადრაკე არ იმყოფება, თუმცა, სამი მათგანი ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება.
მდევრებს შორის ნანა ძაგნიძე (2535), ნინო ხურციძე (2444) და ჩვენთვის აქამდე უცნობი ქართველი მოჭადრაკე შალვა კაკულია (2133) ფიგურირებენ, რომლებმაც ორ ტურში თავი 1.5 ქულას მოუყარეს. 1.0 ქულა აქვთ აქტივში ლელა ჯავახიშვილსა (2454) და სალომე მელიას (2398).
გიბრალტარის საჭადრაკო ფესტივალი შვეიცარიული სისტემით, ათ ტურად წარიმართება და 2 თებერვალს დასრულდება, საპრიზო ფონდიდან კი თანხები ასე გადანაწილდება: I ადგილი – 20 ათასი ევრო, II – 12 ათასი, III – 10 ათასი, IV – 8 ათასი, V – 5 ათასი, VI – 3 500, VII – 3 ათასი, VIII – 2 500, IX – 2 ათასი, X – 1 000, XI – 1000, XII – 1000. ქალთა შორის გამარჯვებული 10 ათას ევროს მიიღებს, მეორე-მესამე ადგილოსნები კი შესაბამისად, 7 და 5 ათასით დაჯილდოვდებიან.







