როგორც იცით, ლევან მჭედლიძემ ლამაზი გოლი გაუტანა "ნოვარას". საჯარიმოს გარედან ძლიერად და ბილიარდული სიზუსტით დაარტყა. 24 წლის ქართველმა "ნოვარას" შარშანაც გაუტანა, როცა საჯარიმოში სამი კაცს გასცდა და მეკარეც უსაქმოდ დატოვა.
მჭედლიძის "ემპოლი" სერია B-ში მეორე ადგილზეა, მხოლოდ ორი ტური დარჩა და ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. თუ მეორე პოზიციას შეინარჩუნებენ, სერია A-ში გადავლენ.
"მსოფლიო სპორტი" მჭედლიძეს იტალიაში შეეხმიანა:
"ნოვარელთა თავკაცი ალიეტი ჩემი ყოფილი მწვრთნელია. მანაც მკითხა, რა დაგიშავეო... ეს ხუმრობით. უბრალოდ, დაემთხვა, რომ ზედიზედ "ნოვარასთან" გამაქვს. იმედია, ამაზე არ გავჩერდები, ახლა კარგად ვგრძნობ თავს და მომდევნო ტურში, "ჩიტადელასთანაც" უნდა გავიტანო".
ლევანს ვკითხეთ, ხომ არაა ალბათობა, რომ ზაფხულში კლუბი შეიცვალოს:
"ემპოლის" სურს, რომ დავრჩე. ეს იმ შემთხვევაში, თუ სერია A-ში გადავალთ. ვნახოთ, რა როგორ იქნება. ჯერ მართლა არ ვიცი. მთლიანად უახლოეს მატჩებზე ვარ კონცენტრირებული. მთავარია, თავს კარგად ვგრძნობ და სამი თვის წინ მიღებული კოჭის ტრავმაც შემთხვევითობა იყო".