ფეხბურთი

12:38 | 24.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მახარაძემ უზბეკეთში მოიგო, ხუბუტია ლიდერობს, გრიგალაშვილი თასის შემდეგ ეტაპზეა

უზბეკეთის საფეხბურთო უმაღლესი ლიგის 23-ე ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომელსაც კახა მახარაძე კაპიტნობს, საკუთარ მოედანზე ბეკობოდის “მეტალურგს” 5:2 მოუგო. ქართველმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა და წინა ტურისგან განსხვავებით გოლი არ გაუტანია. “ფახთაქორს” 47 ქულა აქვს და 14 გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.

“ოლმალიქმა”, სადაც გიორგი კვესიეშვილი გამოდის, შინ სამარყანდის “დინამოს” 3:2 აჯობა. კვესიეშვილი თავიდან ბოლომდე გაისარჯა, ხოლო მის გუნდს 36 ქულით მე-5 ადგილი უკავია.

რუსეთის პირველი დივიზიონის მე-20 ტურში, სარანსკის “მორდოვიამ”, რომლის ღირსებასაც აკაკი ხუბუტია იცავს, სტუმრად სანკტ-პეტერბურგის “დინამო” 3:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. სარანსკელებს 40 ქულა დააგროვეს და 19-გუნდიან პირველ დივიზიონს ლიდერობენ.

ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგია” გასვლაზე იაროსლავლის “შინიკთან” 0:1 დამარცხდა. გურამ თეთრაშვილი სტუმართა სამატჩო განაცხადში არ იყო. “ლუჩ-ენერგია” 27 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.

კალინინგრადის “ბალტიკამ” სტუმრად ძერჟინსკის “ხიმკისთან” 1:1 ითამაშა. მეკარე გიორგი შელია კალინინგრადელთა სათადარიგოში იმყოფებოდა. “ბალტიკა” 24 ქულით მეთერთმეტეა.

კვიპროსის თასის პირველი ეტაპი გადალახა “ანორთოსისმა”, რომელშიც შოთა გრიგალაშვილი ასპარეზობს. ფამაგუსტელებმა ძირითად და დამატებით დროში ქვედალიგელ “ანაგენისს” ვერ აჯობეს (0:0), ხოლო პენალტების სერიაში 5:4 მოიგეს. გრიგალაშვილმა სრულად ითამაშა და თერთმეტმეტრიანიც ზუსტად შეასრულა – ანგარიში 3:2 გახადა.

 

0.1176