ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა (2350) სენიორთა მსოფლიოს პირველობის მე-6 ტურში მოქმედ ჩემპიონ – რუს გალინა სტრუტინსკაიასთან (2325) თეთრი ფიგურებით წააგო და 3.5 ქულა შერჩა, რის გამოც მეორედან მე-8 ადგილამდე დაქვეითდა.
სამაგიეროდ, იმარჯვეს ტურნირის სხვა ქართველმა მონაწილეებმა. ნინო მელაშვილმა (2128) შავი ფიგურებით რუს ლარისა ხროპოვას სძლია (2014), ხოლო თამარ ხმიადაშვილმა ასევე შავებითYრუსსავე ტატიანა ბოგულის (2101) მოუგო. ქართველმა მოჭადრაკეებმა თავი 4-4 ქულას მოუყარეს და მეექვსე-მეშვიდე პოზიციებს ინაწილებენ.
ბერძნულ კამენა ვურლაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს 3 ლიდერი ჰყავს, რომელთა აქტივში 4.5-4.5 ქულაა. ესენი ყაზახი ელენა ანკუდინოვა (2147), რუსი ელენა ფატალიბეკოვა (2266) და ხსენებული სტრუტინსკაია არიან.
მე-7 ტურში ხმიადაშვილი გაფრინდაშვილს ეთამაშება, მელაშვილი კი – გერმანელ მარტინა ბელტცს (2097).
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველობაში 39 ქვეყნის წარმომადგენელი 128 მოთამაშე ჩაება, ტურნირი კი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 25 ნოემბერს დასრულდება.
ისიც ვთქვათ, რომ სენიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი რიგით 23-ეა, ქართველთაგან კი სხვადასხვა დროს ჩემპიონის ტიტული თამარ ხმიადაშვილს (1998, 1999, 2003) და ნონა გაფრინდაშვილს (1995, 2009) მოუპოვებიათ.







