მარჩელო ლიპის ტურინის “იუვენტუსთან” ერთად 3 სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგა, საკონტინენტთაშორისო თასი და ევროპის სუპერთასი აქვს მოგებული, ამიტომაც არაა გასაკვირი, ამჟამად ჩინეთში მომუშავე 64 წლის სპეციალისტი “ბებერი სინიორას” მიმართ გულგრილი რომ არაა.
- როგორ გგონიათ, ანტონიო კონტეს დისკვალიფიკაციით, მატჩების მსვლელობისას “იუვენტუსის” სათადარიგოთა სატადარიგოთა სკამი ძლიერ დაზარალდება?
- ცხადია, ანტონიოს დისკვალიფიკაცია გუნდს სასიკეთოდ არ წაადგება, მაგრამ ჩემთვის ძნელია იმის თქმა, რამდენად იმოქმედებს ეს “იუვეს” თამაშზე. როგორც დიდი გამოცდილების მწვრთნელი მოგახსენებთ, რომ უმთავრესი მატჩისწინა მზადების ერთკვირიანი პროცესია და ამ დღეების განმავლობაში კონტეს თავის ფეხბურთელებთან ურთიერთობის და მუშაობის ნორმალური საშუალება ექნება. თუმცა, ერთიცაა – კონტე იმ დამრიგებელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც შეხვედრათა მსვლელობისას ყოველთვის ემოციურად აძლევენ მითითებებს ფეხბურთელებს და ამ მხრივ, ტურინელ მოთამაშეებს რაღაც დააკლდებათ. თუმცა, სათადარიგოთა სკამიდან “იუვენტუსის” მატჩების გაძღოლა კარერას დაევალა, რომელიც მშვენივრად იცნობს კონტეს იდეებს. ამ მომენტის გათვალისწინებით, “ბებერი სინიორას” ფეხბურთელები მთავარი მწვრთნელის დანაკლისს ვერ იგრძნობენ.
- როდესაც ტურინის “იუვენტუსში” დაინიშნეთ, კონტეს მსგავსად, პირველსავე სეზონში გუნდს სკუდეტო მოაგებინეთ. რას ეუბნებოდით მოთამაშეებს მომდევნო წელს, რათა მათ მოტივაცია არ დაეკარგათ?
- ფეხბურთელებს სულ იმას ჩავჩიჩინებდი, რომ თუკი წინა სეზონში 100 პროცენტით გამოავლინეს შესაძლებლობები, ამჯერად 120 პროცენტიანი გარჯა მართებდათ. ძნელია ტიტულის მოპოვება, მისი შენარჩუნება კი ურთულესი საქმეა. საბედნიეროდ, “იუვესთან” ერთად ბევრს მივაღწიე და ეს უპირველსად იმის დამსახურებაა, რომ დროთა განმავლობაში ბიჭებმა მეტი თავდაჯერებულობა შეიძინეს. ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელები ტურინის “იუვენტუსის” სულით განიმსჭვალონ და კლუბის პატრიოტები გახდნენ. ვფიქრობ, კონტემ ამის გაკეთება მოახერხა.
- პირლო ახალ სეზონსაც წარმატებით ჩაატარებს?
- რატომაც არა. ისეთი დონის ფეხბურთელებს, როგორიც პირლოა, ასაკი არ აქვთ. ანდრეამ ტურინში სწორი მოტივაცია შეიძინა და დარწმუნებული ვარ, კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში იასპარეზებს მაღალ დონეზე.
- ამით დიდად გაახარებს “იუვენტუსის” გულშემატკივრებსა და მწვრთნელებს. ამბობენ, პირლოს გასახდელში დამატებითი, დადებითი მუხტი შეაქვსო...
- ნაღდად ასეა. ანდრეა ყოველთვის მზადაა თანაგუნდელი გაამხნევოს, იხუმროს და გუნდი ერთი მიზნისკენ დარაზმოს. უცხო თვალისთვის პირლო თითქოს გულჩათხრობილი ადამიანია, მაგრამ გარწმუნებთ, ასე არაა და გასახდელში იგი გუნდის სული და გული ხდება.
- აქამდე პირლოს ოხუნჯობაზე არაფერი გვსმენოდა. გასახდელში ფარული კამერა ხომ არ დავაყენოთ?
- გარწმუნებთ, ამის გაკეთება ნამდვილად ღირს.
- “იუვენტუსის” ამჟამინდელი ფეხბურთელებიდან ვისთან ისურვებდით მუშაობას?
- ჯოვინკოსთან. მას ადრეული ასაკიდან ვიცნობ, როდესაც “იუვეს” საბავშვო გუნდებში თამაშობდა და მაშინაც მსურდა სებასტიანის გაწვრთნა.
- ალესანდრო დელ პიერო კვლავინდებურად უგუნდოდაა...
- ალექსს კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი აწუხებს. დელ პიეროს ახალი გუნდის მოძიებას ვუსურვებ, თუმცა, ჩემი ნება რომ იყოს, ვისურვებდი მას კარიერა ტურინის “იუვენტუსში” დაესრულებინა.
გოჩა კაჭარავა







