ძიუდო

17:47 | 29.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მამუკა ყიზილაშვილი: “მთავარი დარღვევა ალბათ ხმამაღლა საუბარი იყო”

საქართველოს ჭაბუკ და ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებები იაპონური შეკრებიდან დაგეგმილზე ორი დღით ადრე დაბრუნდნენ. ამის მიზეზი ქართველი სპორტსმენების მიერ ადგილობრივთა გაღიზიანება გახდა. ცუკუბას უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, სადაც საქართველოს დელეგაცია თითქმის ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდა, სტუმრებს კარისკენ მიუთითა. მიზეზად კი ჭაბუკი და ახალგაზრდა ძიუდოისტების მიერ შიდაგანაწესის დარღვევა დასახელდა. “მსოფლიო სპორტი” დეტალების დასაზუსტებლად ქართული დელეგაციის ხელმძღვანელს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პირველ ვიცეპრეზიდენტ მამუკა ყიზილაშვილს ესაუბრა.

- სად ცხოვრობდა ქართული დელეგაცია და რატომ შეექმნა პრობლემები?

- ცუკუბას უნივერსიტეტში ვიყავით. ჩვეულებრივი საერთო საცხოვრებელია, სადაც ჩვენს გარდა დაახლოებით თხუთმეტი ადამიანი ცხოვრობდა. პრობლემები კი რამდენიმე შემთხვევის გამო შეიქმნა, რომლებსაც არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც არ მიიჩნევენ დარღვევად.

- კონკრეტულად რა დარღვევების გამო ვერ შეძლეს ნაკრებებმა შეკრების სრულყოფილად გავლა?

- პირველი პრობლემა ბიჭებს ქუჩაში ველოსიპედით სიარულისას შეექმნათ. შუქნიშანთან გაჩერებული ოთხი უცნობი სახის დანახვამ გამვლელი მოხუცი ქალი როგორც ჩანს დააეჭვა და პოლიციაში დარეკა. სიტუაცია მალევე გაირკვა, მას შემდეგ, რაც პოლიციელები დარწმუნდნენ, რომ საეჭვო პიროვნებები იაპონიაში სავარჯიშოდ ჩასული უცხოელი ძიუდოისტები იყვნენ. დარღვევებს შორის ერთი ახალგაზრდა ქართველების ხმამაღლა საუბარი იყო. ამას ერთი ინციდენტიც დაერთო, რომელიც მართლა დარღვევას ყველაზე მეტად ჰგავდა. ერთ-ერთი საცხოვრებელი ოთახის შესასვლელში ცეცხლმაქრი იდგა, რომლისთვისაც ოთახიდან ყოველი გამოსვლისას თავი უნდა აგერიდებინა, ფეხებში რომ არ გამოგდებოდა. ერთ დღეს, ერთმა სპორტსმენმა ცეცხლმაქრი აიღო და როგორც თავად განაცხადა, უფრო უსაფრთხო ადგილზე გადადგმა დააპირა, მაგრამ ამ დროს შიგნიდან რაღაც ფხვნილი გადმოიყარა.

- რასაც ადგილობრივთა პანიკა მოჰყვა?

- განგაში და სახანძრო მანქანები ნამდვილად არ ყოფილა. ეს ჭორი თბილისში გავრცელდა, ალბათ სიტუაციის დასამძიმებლად. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ იაპონიის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობას მიმართა, რომ საცხოვრებელი გაგვეთავისუფლებინა.

- კონკრეტულ პრეტენზიად დასახელდა რამე?

- ზემოთ ჩამოთვლილ დარღვევებზე იყო საუბარი. კონკრეტულად კი ვერ გეტყვით, ყველაზე მეტად რამ გააღიზიანა მასპინძლები. ალბათ ბიჭების ხმამაღალმა საუბარმა. როგორც შევიტყვეთ, ასეთი მკაცრი რეაქცია სწორედ სპორტსმენთა ასაკის გამო ჰქონდათ. გვითხრეს კიდეც, უფროსების ხმამაღალი საუბარი არანაირი კანონდარღვევა არაა, მაგრამ უმცროსებს ამის უფლება არ აქვთო.

- და ამის შესახებ შეკრების დაწყებამდე არ იცოდით?

- საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო წლებში იაპონიაში არაერთხელ გაიარა მოსამზადებელი შეკრება, მაგრამ ამ სახის პრობლემა ერთხელაც არ ჰქონია. ახალგაზრდები და ჭაბუკები კი ამ ქვეყანაში პირველად ჩავიყვანეთ და ეს ყველაფერი ჩვენთვისაც აბსოლუტურად უცნობი იყო. გუნდის წევრები გაოცებულები იყვნენ, არაფერი დაგვიშავებიაო. იმაზეც კი დავეჭვდით, ერთობლივი ვარჯიშების დროს ჩვენი სპორტსმენები საქმეში რომ ნახეს, ამაზე ხომ არ გაღიზიანდნენ. იაპონიის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებთან ერთად ვემზადებოდით და ალალად გეტყვით, იაპონელ თანატოლებთან პირად შეხვედრებში ჩვენი ბიჭების უპირატესობა აშკარა იყო.

- ცუკუბას უნივერსიტეტის მოთხოვნას იაპონიის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა როგორ შეხვდა?

- შემოგვთავაზეს, სხვაგან გადაგიყვანთო. კოდოკანის უნივერსიტეტი შემოგვთავაზეს, რაც ნიშნავდა, რომ ადგილობრივ ნაკრებებთან ერთად ვარჯიშზე უარი უნდა გვეთქვა. მარტო ვარჯიშს შეკრების ორი დღით ადრე დასრულება და თბილისში დაბრუნება ვამჯობინეთ. დღეს კი შევიტყვეთ, რომ ანალოგიური პრობლემა იაპონიაშივე შეკრებაზე მყოფ საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებსაც შექმნია.

- საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ მომხდარის გამო სპეციალური სადისციპლინო კომისია შექმნა. თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ სპორტსმენებს არ ადანაშაულებთ. მაშინ რაღაა გამოსაძიებელი?

- შეკრება ვადაზე ადრე დასრულდა და ეს უკვე სასაუბრო თემაა. 5-კაციანი კომისია დაწვრილებით შეისწავლის მომხდარს. მწვრთნელებისა და სპორტსმენებისგან ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს და გადაწყვეტილების შესახებ ამის შემდეგ გამოცხადდება.

- შეიძლება სანქციებიც დაწესდეს?

- გამორიცხული არაფერია, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი ძნელია. კომისია ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ მომავალ კვირაში გააკეთებს.

 

P.შ. სკანდალური თემის შემაჯამებელი პრესკონფერენცია ლამის ყველა ტელეარხზე აქტუალური სასაუბრო თემაა, რაც ცხადია, მისასალმებელია, რომ არა ერთი უცნაურობა - ახლახან, სპორტკომპლექს “არენაში” ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატზე ორი დღის განმავლობაში ორი სპორტული გამოცემისა და ერთი დილის ტელეგადაცემის არასპორტული ჟურნალისტის გარდა არავინ გამოჩენილა. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია კი დღევანდელი პრესკონფერენციის გასაშუქებლად მხოლოდ ტელევიზიებს შეეხმიანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.061871