ძიუდო

17:55 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუხუმ ჩხვიმიანი გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორია

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 120 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ქართველმა მსუბუქწონოსანმა რეპეშაჟის ფინალში ყაზახი გაბიტ იესიმბეტოვი 1 წუთში იპონით დაამარცხა.

ჩხვიმიანმა ტურნირი სომეხი გრიგორ ივანიანის ძლევით გახსნა. ძირითად ბადეში გამოსვლა პაპინაშვილის მსგავსად, მანაც მეოთხედფინალში დაასრულა, აზერბაიჯანელ ორხან საფაროვთან მარცხით. ბრინჯაოს გზაზე კი გადამწყვეტ შეხვედრამდე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს პაატა მერებაშვილს აჯობა.

ამავე წონაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილს პოდიუმამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა. ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ევროპის მოქმედი ჩემპიონი რუსეთის ნაკრების წევრთან, ოლიმპიურ ჩემპიონ არსენ გალსტიანთან დამარცხდა, ბოლო წამებზე გაშვებული ვაზარით.

დამამშვიდებელ ეტაპზე პაპინაშვილი მეოთხედფინალიდან გადაერთო, ყაზახ გაბიტ იესიმბეტოვთან წაგების შემდეგ. იქამდე მონღოლი ცედენ რაახანჯავი ჩამოიშორა. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი თანაგუნდელ გიორგი ბროლაშვილს აჯობა.

გიორგი ბროლაშვილი და პაატა მერებაშვილი მე-7 ადგილს დასჯერდნენ.

დღესვე, საქართველოს სახელით მამაკაცებს შორის 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში შალვა ქარდავამ, ტრისტან ფეიქრიშვილმა, გიორგი ქალდანმა და გელა კელიხაშვილმა იჭიდავეს. ქალებში კი 57 კილოგრამში საქმეში მარიამ ციხელაშვილი, სალომე აბაშიძე და სოფიო ბერიძე ჩაერთნენ. ამ შვიდი ძიუდოისტიდან შედარებით შედეგიანად ქარდავა და ფეიქრიშვილი გამოვიდნენ – ორივემ მე-7 ადგილი დაიკავა.

 

0.135761