თბილისის “ლოკომოტივის” 18 წლის შემტევი ლუკა ზარანდია საქართველოს ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელია და ბევრის აზრით, საუკეთესოცაა. ზარანდია გამორჩეული იყო 17-წლამდელთა ნაკრებში და 19-წლამდელებშიც მასზე დიდი გათვლაა გაკეთებული.
როგორც იცით, 19-წლამდელებმა პორტუგალიურ ოთხთა ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს: პორტუგალიასთან 1:4 წააგეს, რუსებს 4:2 სძლიეს, ხოლო ჩეხეთთან 1:2 დამარცხდნენ. რუსებთან ერთი, თანაც, ლამაზი გოლის ავტორი ზარანდია გახლდათ.
ლუკას “მსოფლიო სპორტი” ესაუბრა:
- დავიწყოთ პორტუგალიასთან მარცხით. რამ გამოიწვია ასეთი ანგარიში?
- მთლიანობაში, ტურნირზე ოპტიმალური შემადგენლობით არ ვყოფილვართ, რადგან გვაკლდნენ კაპიტანი ნიკა ჭანტურია, მათე ცინცაძე და გიორგი პაპუნაშვილი. ისინი ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენენ. პორტუგალიასთან კი სხვა ფაქტორებიც იყო: ნამგზავრები ვიყავით, მეორე დღეს კი თამაში მოგვიწია. აკლიმატიზაცია ვერ გავიარეთ. თან, მინდორიც ვერ იყო ხარისხიანი და ჩვენისთანა გუნდისთვის, რომელიც ბურთის გათამაშებას ანიჭებს უპირატესობას, პრობლემა გამოდგა.
- რუსეთთან დამაჯერებელი მოგება სასიხარულო იყო. მათ წინააღმდეგ განსაკუთრებული შემართება იგრძნობოდა?
- არა, ჩვეულებრივ ვემზადებოდით. რა მნიშვნელობა აქვს მეტოქეს, ყველასთან მოსაგებად უნდა გახვიდე. თან, პირველი მატჩი წაგებული გვქონდა და რუსებთან უნდა მოგვეგო.
- გოლის მომენტს როგორ გაიხსენებთ?
- გიორგი აბურჯანიასგან მივიღე პასი, მარჯვენა ფლანგზე ვიყავი და რუსების მარცხენა მცველი წამოვიდა ჩემს წინააღმდეგ. მცველს ეგონა, რომ ცენტრისკენ წავიდოდი, მაგრამ მარჯვნიდან შევედი, გავცდი და ზედა კუთხეში დავარტყი. კარგი გოლი გამოვიდა. თუმცა, რუსებთან ოთხივე გოლი მშვენიერი იყო.
- ბოლოს ჩეხებთან 1:2 წააგეთ...
- არ მინდა მსაჯებზე გადაბრალება, მაგრამ ორი პენალტი დადეს ჩვენს კარში და აქედან ერთი გამოგონილი იყო. არც მეორე იყო უეჭველი. პირველი ტაიმის შემდეგ შესაცვლელი გავხდი. მუხლი ვიტკინე და ცოტა ხანს დასვენება მომიწევს.
- რამდენი ხნით?
- სერიოზული არაფერია. 10 დღე დამჭირდება. ელიტ-რაუნდისთვის ყველანაირად მზად ვიქნები.
- მთლიანობაში რომ შევაფასოთ,პორტუგალიურმა ტურნირმა რა დაგანახათ?
- სასარგებლო ტურნირი იყო მომზადების კუთხით. ელიტ-რაუნდზე შვეიცარიასთან, ისრაელთან და კვიპროსთან სათამაშოდ უკეთ უნდა ვიყოთ მომზადებულნი. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვჭირდება.
- პირველ ლიგაში თქვენზე გაცილებით უფროსების წინააღმდეგ გიწევთ თამაში, თანაც, იქ ძალიან ხისტი და ზოგჯერ უხეში მატჩებია. ხომ არ გიჭირთ?
- პირიქით, ეს კარგია ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. უფრო იწრთობი და ეჩვევი. ვერ ვიტყვი, რომ პირველ ლიგაში მაღალი სათამაშო დონეა და მართალი ხართ, რომ ბევრია სიხისტე და უხეშობა. არის მატჩები, როცა პირდაპირ ფეხზე მოდიან. რაიონებში განსაკუთრებით იგრძნობა.
- ყველას აინტერესებს, სად გააგრძელებთ კარიერას ზაფხულიდან. ხომ არ გარკვეულა ამ მხრივ რაიმე?
- კონკრეტულად არაფერი. არ მინდა წინასწარ ვილაპარაკო. ევროპის რამდენიმე გუნდისგან მაქვს შემოთავაზება და გადავწყვეტ.
ვიდეო: საქართველო-რუსეთი 4:2