ინტერვიუები

10:48 | 7.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ტონი: “ინტერი” გამარჯვებებით “გამძღარი” ჯერ კიდევ არაა”

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ლუკა ტონი, თავის ახალ გუნდ “ჯენოას” ნელ-ნელა უშინაურდება და აპენინელთა უპირველესი საკლუბო ლიგის ბოლო, მეექვსე ტურის მატჩში, “სკუადრა აძურას”, “ფიორენტინასა” და “ბაიერნის” ყოფილმა გოლეადორმა, სამხრეთულ “ბარისთან” შეხვედრისას, გენუელებს მოხდენილი ზუსტი თავურით გამარჯვება მოუპოვა. ეს, ჩრდილოური “როსობლუს” საკუთარ “ლუიჯი ფერარისზე”, საამსეზონოდ პირველი მოგება გახლავთ.  


- მიმდინარე სეზონში მეორედ მოახერხეთ გოლის გატანა, “ბარის” კარი მსაჯის მიერ წამატებულ დროში დალაშქრეთ, რითაც “ჯენოას” მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვეთ...
- გატანილმა ბურთმა ძალიან გამახარა - მე ხომ მატჩის საბოლოო და გამარჯვების წერტილი დავსვი. თავის გამოჩენაზე მეტად კი, მოპოვებულმა მოგებამ მომიტანა კმაყოფილება. სამხრეთელებთან რთული შეხვედრა გამოვიდა. განსაკუთრებით მას შემდეგ გაგვიჭირდა, რაც მსაჯმა ემილიანო ბორეტი გაგვიძევა და ჩვენი კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, რომელიც ბარელებმა ზუსტად გამოიყენეს. ამის შემდეგ ჩვენი უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და მხოლოდ მე, მინიმუმ, ორჯერ შემეძლო გოლის გატანა. საბოლოოდ, გამარჯვების მომტანი გოლი თავურით შევაგდე, რამაც ფეხბურთელებთან ერთად “ჯენოას” ქომაგებიც ძალიან გაახარა. გუნდის ნებისმიერ წარმატებაში, მათი წვლილი ყოველთვის დიდია. ტრიბუნების მხარდაჭერით გაგულისებულები გულიანად ვთამაშობთ. “ბარისთან” მოგება კი, სამომავლო კარგი თამაშის საწინდარი გახდება.
- როგორ შეეჩვიეთ 3-4-3 სქემით თამაშს?
- ფლორენციაში “ფიორენტინა” ჩემზე თამაშობდა. იორგენსენი და ფიორე ფლანგებიდან ბურთებით მამარაგებდნენ. ისინი ურიცხვი რაოდენობის გადაცემებს მიკეთებდნენ მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედნის შუაგულში. “ფიორეს” უკანახაზელებიც ჩემზე “მუშაობდნენ”. პალერმოშიც ანალოგიური სიტუაცია იყო. გენუაში კი ახლებურად თამაშს ვეჩვევი. საერთოდაც, სიახლის მოყვარული გახლავართ. “ბარისთან” მატჩს თუ მივუბრუნდებით, როდრიგო პალასიომ მას შემდეგ გახსნა ანგარიში, რაც სამხრეთელთა საჯარიმოს სიახლოვეს მეტოქის მცველს ბურთი ავართვი. როგორც ხედავთ, ასისტენტობაც შემიძლია. სქემას რაც შეეხება, ტაქტიკურ განლაგებას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს – მთავარია, გუნდის თამაში დაბალანსებული და სანახაობრივი იყოს.
- რას გვეტყოდით “ჯენოას” მთავარ მწვრთნელზე?
- ჯანპიერო გასპერინისთან მუშაობა მომწონს. მას ურჩევნია გუნდმა 5:4 მოიგოს, ვიდრე 1:0. მეც ასე მირჩევნია – ასეთ შემთხვევაში, მეტ გოლს გავიტან.
- სეზონის წინ საუბრობდნენ, “ჯენოაში” მაღალი ანაზღაურების გამო გადახვედით...
- მე მგონი, ამგვარად სადღეისოდ უკვე არავინ ფიქრობს. შესაძლოა, ზოგიერთი ვარსკვლავისგან განსხვავებით, ფეხბურთზე ზომაზე მეტად ვარ შეყვარებული. ამიტომაც გავაკეთე არჩევანი ისეთი მდიდარი ტრადიციის მქონე გუნდის სასარგებლოდ, როგორიც იტალიის უძველესი კლუბი “ჯენოაა”. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა შემიშლიდა ხელს ფაბიო კანავაროსთან ერთად საემიროებში წავსულიყავი და გაცილებით ნაკლები დატვირთვით მეთამაშა. ასპარეზობა უმაღლეს დონეზე მსურს და შეძლებისდაგვარად, ბევრი გოლის გატანასაც ვაპირებ.
- ამ მხრივ, “ჯენოა” შესაფერისი გუნდია?
- ასეა. “როსობლუ” ყველასგან განსხვავებულ, თავისებურ ფეხბურთს თამაშობს, რომელიც გულშემატკივარს ენთუზიაზმით აღავსებს. “ლუიჯი ფერარისზე” პაექრობა დიდ სიამოვნებას მგვრის.
- რა მიზნების გადაჭრა აქვს დასახული გუნდს მიმდინარე სეზონში?
- “ჯენოა” სწორ გზაზეა. თუ ჩვენ თამაშს დააკვირდებით, გასვლაზე მეტ საგოლე მომენტს ვქმნით, ვიდრე საკუთარ სარბიელზე, თუმცა, “ბარისთან” მატჩი ოპტიმისტურ ნოტზე განმაწყობს – იმედია, ამიერიდან, “ლუიჯი ფერარისზეც” დავამარცხებთ მეტოქეებს.
- სერია A-ს მიმდინარეობით, კმაყოფილი ხართ? როგორ მოგწონთ პირველობის დონე?
- მიმდინარე ჩემპიონატი ცოტათი უცნაურია – სეზონი კარგად არ გახურებულა, რამდენიმე მოულოდნელი შედეგი კი დაფიქსირდა. თანდათან, მაღალი ადგილებისთვის მებძოლი გუნდები გამოიკვეთებიან. ჩემი აზრით, “ინტერი” კვლავ სკუდეტოს მოპოვების უპირველეს კანდიდატად რჩება. “ნერაძური” გამარჯვებებით “გამძღარი” ჯერ კიდევ არაა. მშვენიერი შემადგენლობა ჰყავს “რომას” და არც ის გამკვირვებია, კლაუდიო რანიერის გუნდმა რაფა ბენიტესის “ინტერს” რომ მოუგო. ეს გამარჯვება, რომაელთათვის ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია.
- “მილანზე” რას იტყვით? გულშემატკივართა აზრით, მასიმილიანო ალეგრიმ გუნდის თამაში სასიკეთოდ შეცვალა...
- “როსონერისთან” შეხვედრა სუსტად ჩავატარე, “ჯენოა” კი წაგებას არ იმსახურებდა. პირველ ტაიმში მილანელები შევავიწროვეთ, მაგრამ გოლის გატანა არ მოხერხდა. მომდევნო მატჩში, ალეგრის გუნდმა მშვენივრად ითამაშა და გასვლაზე “პარმა” ყველა ასპექტით დაჩაგრა. თუკი, სანსიროელები ასევე გააგრძელებენ, ჩემპიონობის დაუფლების პერსპექტივა გაეშლებათ.  
- ამას წინათ, ერთმა ჟურნალისტმა “ბედნიერების ცოცხალი რეკლამა” გიწოდათ. თქვენც ასე თვლით?
- განა შესაძლებელია, ასეთი საფეხბურთო კარიერის მქონე ადამიანი თავს ბედნიერად არ თვლიდეს? საყვარელი სამუშაოს გარდა, მოსიყვარულე ოჯახი და ერთგული მეგობრები მყვანან. ცხადია, მაღალი ანაზღაურება მაქვს, მაგრამ ფული ცხოვრებაში უმთავრესი სულაც არაა. ჩემი სავარძლისა და საწოლის გარეშე, დისკომფორტს ვიგრძნობდი.
- ხუმრობთ?
- არა, სავსებით სერიოზულად მოგახსენებთ. მიუნხენში ცხოვრებისას, სწორედ ამ სავარძელსა და საწოლზე ვნებივრობდი. გენუაში ჩამოსვლისას, ახალი ბინა კარგად მოწყობილი დამხვდა, თუმცა ბავარიიდან სასწრაფოდ სავარძელი და საწოლი ჩამოვიტანე.
- სინიორ ლუკა, უკვე 12 წელია მარტა კეკეტოსთან ხართ დანიშნული, ამის მიუხედავად, თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა ოფოციალური ქორწინებით არ დაგიდასტურებიათ. არ დადგა ჯვრისწერის დრო?
- ეს დრო რომც დამდგარიყო, ამის თაობაზე საჯაროდ მაინც არ განვაცხადებ. მე და მარტას ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, ამიტომაც ვცხოვრობთ ერთად, ხოლო როდესაც ქორწინებას გადავწყვეტთ, ამის შესახებ მეგობრებს ვამცნობთ და არა ჟურნალ-გაზეთებისა და ტელევიზიების ფოტოკორესპონდენტებსა და ოპერატორებს.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128802