ინტერვიუები

10:29 | 7.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლორან ბლანი: "საფრანგეთთან შედარებით, ესპანეთში, ინგლისსა და იტალიაში მეტი გულშემატკივარია"

ლორან ბლანს  გულშემატკივრისადმი ზედმეტი წარდგენა არ ესაჭიროება, მხოლოდ შეგახსენებთ, რომ მან საფრანგეთის ნაკრების რიგებში გამოსვლისას 2000 წელს ევროპის ჩემპიონობა მოიგო, ორი წლით ადრე მუნდიალის ფინალში დისკვალიფიკაციის გამო ვერ იასპარეზა (თუმცაღა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ატარებს), ხოლო “მონპელიეს”, “ნაპოლის”, “ნიმის”, “სენტ ეტიენის”, “ოსერის”, “ბარსელონას”, “მარსელის”, “ინტერისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურ მცველ ლორან ბლანს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 97 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მუსიე ლორანი საფეხბურთო ისტორიაში იმითაცაა შესული, რომ მან პირველმა შეძლო მსოფლიო ჩემპიონატებზე “ოქროს გოლის გატანა”. ეს 2000 წლის მუნდიალზე საფრანგეთისა და პარაგვაის ნაკრებთა მერვედფინალში მოხდა. 2005-06 ჩემპიონთა ლიგის გათამაშების აკორდი 17 მაისს პარიზის “პარკ დე პრენსის” სტადიონზე შედგა. ერთმანეთს კატალონური “ბარსელონა” და ლონდონური “არსენალი” შეხვდნენ, უეფამ კი ამ მატჩში საკუთარ წარმომადგენლად (ელჩად) ლორან ბლანი აირჩია, მანამდე კი მას ერთი მეტად საპასუხისმგებლო მისია დააკისრა: საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ევროპის უპირველესი საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალის კენჭისყრაში მიიღო აქტიური მონაწილეობა. 2007 წლიდან კი ლორან ბლანი აქტიურ საფეხბურთო ცხოვრებას დაუბრუნდა, ჩაიბარა რა “ბორდოს” სადამრიგებლო სადავეები. ექსმცველმა დროის მოკლე ხანში ჟირონდელთა კლუბი საფრანგეთში უძლიერესად აქცია (“ბორდომ” 2009 წელს ქვეყნის ჩემპიონობა და სუპერთასი, აგრეთვე ლიგის თასი მოიპოვა) და ევროპაშიც ნებისმიერი გრანდისთვის ანგარიშგასაწევი გუნდია.
- როდესაც ერთმანეთს ბლან-ფეხბურთელსა და ბლან-მწვრთნელს ვადარებთ, წინა პლანზე გამარჯვებულისა და მებრძოლის ფსიქოლოგია იწევს. მოთამაშეობის დროსაც საკმაო რაოდენობის გოლი გაგქონდათ და “ბორდოსაც” შემტევი სტილით ათამაშებთ...
- იოტისოდენადაც არ შევცვლილვარ. ვგიჟდები ლამაზ ფეხბურთზე. ჩემი მიზანია გუნდმა გულშემატკივრისთვის მოსაწონი, ეფექტური სტილით იასპარეზოს, ამასთან შედეგიც სათანადო გვქონდეს. რა სჯობს გუნდის ცქერას, რომელიც ლამაზად თამაშობს და მაღალ შედეგსაც აღწევს!
- ფეხბურთში სანაკრებო დონეზე ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულები გაქვთ მოგებული. მოპოვებული პრიზების რაოდენობას არც სხვადასხვა ქვეყნის კლუბებში გამოსვლისას უჩივით, მაგრამ თქვენს ძვირფას კოლექციაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის სპეციალური მედალი არ ინახება...
- ჩემპიონთა ლიგის თასის დაუფლების შანსი “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად მქონდა, მაგრამ მაშინ ნახევარფინალში დავმარცხდით. თანაც 2006 წლამდე არასდროს დავსწრებივარ ფინალურ პაექრობასაც და 17 მაისის დადგომას მოუთმენლად ველოდი. იმედია, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ ასპარეზობაში მწვრთნელის რანგით წარვსდგები.
- თქვენი აზრით, რამდენად შეიცვალა თანამედროვე ფეხბურთი იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც პროფესიონალურ დონეზე იწყებდით თა¬მაშს?
- ფეხბურთი სხვა სფეროებისაგან განცალკევებით არ ვითარდება და ბოლო 20 წლის განმავლობაში მილიონობით ქომაგის საყვარელი თამაში ევროპაში განვითარებული პროცესების ფოტოასლია. პირადად მე ვთვლი, რომ დღესდღეობით ჩემპიონთა ლიგის მოგება უფრო რთულია, ვიდრე ორი ათეული წლით ადრე ჩემპიონთა თასის დაუფლება იყო. უცილობლად პოზიტიურ მომენტად მიმაჩნია მეორე ჯგუფური ეტაპის გაუქმება, რამაც ფინალისტებისათვის ჩასატარებელ შეხვედრათა რაოდენობა 17-დან 13-მდე შეამცირა. ფლეი-ოფის მატჩებში მეტად უკომპრომისო შეხვედრების მომსწრენი ვხდებით და მას შემდეგ მოყოლებული, ჩემპიონთა ლიგას ყოველთვის ღირსეული გამარჯვებული ჰყავს.
- ლორან ბლანი ყველა დროის ცენტრალურ მცველთა შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. თავად თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას და უკანასკნელ პერიოდში რა ტრანსფორმაცია განიცადა თქვენი პოზიციის ფეხბურთელთა თამაშმა?
- რაც დრო გადის, ცენტრალური მცველები სულ უფრო მეტად უნივერსალური მოთამაშეები ხდებიან. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ისინი სულ უფრო აქტიურად იღებენ მონაწილეობას თავიანით გუნდების შეტევით ოპერაციებში და ბურთთან გაცილებით უფრო ხშირად უწევთ კონტაქტის დამყარება. აქედან გამომდინარე, ცენტრალურ მცველთა ტექნიკური აღჭურვილობაც შედარებით უკეთესი ხდება.
- თქვენ იმ თაობის მოთამაშეებს ეკუთვნით, რომლებმაც საფრანგეთში ფეხბურთი კიდევ უფრო პოპულარული გახადა...
- ჩემს თანამემამულეებს სპორტის ყველაზე მასობრივი სახეობისადმი სიყვარული არც ადრე აკლდათ. ფრანგთა აბსოლუტური უმრავლესობის ცხოვრებაში ფეხბურთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუმცა, გულზე ხელს თუ დავიდებ, იმის აღიარება მომიწევს, რომ ესპანეთში, ინგლისსა და იტალიაში ფეხბურთს, საფრანგეთთან შედარებით, მეტი გულშემატკივარი ჰყავს.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08381