ვარლამ ლიპარტელიანმა შარშან ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლი ფრანგულ მონპელიეში უმაღლესი სინჯის მედალზე გაცვალა. 2014 წლის ევროპირველობის ფინალში ვარლამმა რუსი კირილ ვოპროსოვი დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა.
ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში კარიერაში მეხუთედ იასპარეზა და ოქროს მედალი მეორედ დაიმსახურა. ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შერკინებაში ვოპროსოვს იუკო აართვა და ბოლომდე ისე დამაჯერებლად იჭიდავა, მეტოქისთვის შანსიც არ მიუცია.
ფინალამდე ლიპარტელიანმა 3 მეტოქე დაჯაბნა. პირველ შეხვედრაში უკრაინელ ვადიმ სიანავსკის აჯობა, მეოთხედფინალში ლიტველ კაროლის ბაუზასთან ვაზარით აგებდა, როდესაც მეტოქის შებოჭვა მოახერხა, ხოლო ნახევარფინალში უნგრელ კრისტიან ტოტს ძალიან დამაჯერებლად მოუგო.
ამავე წონაში მედლის გარეშე დარჩა ზვიად გოგოჭური, რომელმაც საწყის შერკინებაში უკრაინელი ქეუდაუ ხაბალი ვაზარიზე ორჯერ დააგდო, თუმცა, შემდეგ რუს კირილ ვოპროსოვთან მტკივნეულ ილეთზე მოხვდა და დანებება მოუხდა. რეპეშაჟის პირველ რაუნდში გოგოჭურმა ძალები აზერბაიჯანელ შაჰინ გაჰრამანოვთან მოსინჯა, მაგრამ აშკარა უპირატესობით დამარცხდა.
შარშანდელი ფინალი განმეორდა მძიმე წონაში, სადაც ადამ ოქრუაშვილი უძლეველ ტედი რინერს დაუპირისპირდა და ამჯერადაც დამარცხდა. მსაჯების სიმპათია აშკარად მასპინძლის მხარეს გახლდათ, თუმცა, ბოლოსკენ ტედიმ საკუთარი შანსი სრულად გამოიყენა და ქართველი იპონზე დასცა. შედეგად,
ოქრუაშვილმა ფინალამდე ავსტრიელი დანიელ ალერსტორფერი იპონზე დააგდო, ჰოლანდიელ როი მეიერს კი 4 გაფრთხილება მიაღებინა, თუმცა, მანამდე იუკოც ჰქონდა. ნახევარფინალში ოქრუაშვილი გერმანელ ანდრე ბრეიტბარტს გაეჯიბრა და ძიუდოისტს, რომელმაც მეოთხედფინალში ლევან მატიაშვილი დაამარცხა, გაფრთხილებებით აჯობა.
მეოთხედფინალამდე ლევანმა ესტონელ იუჰან მეტისს ასევე წმინდად სძლია. რეპეშაჟში მატიაშვილმა ოქრუაშვილის მიერ ძლეულ მეიერს ვაზარით აჯობა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ლიტველ მარიუს პასკევიჩიუსთან იუკოთი წააგო.
100 კგ-ში ყოჩაღად დაიწყო საქართველოს ერთადერთმა წარმომადგენელმა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც უკრაინელ დმიტრო ლუჩინს ჯერ იუკო აართვა, შემდეგ კი იპონი, თუმცა, წონის ერთ-ერთ ფავორიტ აზერბაიჯანელ ელხან მამადლისთან ვერაფერი გააწყო და პირწმინდად დამარცხდა. ვინაიდან ეს ადრეული ეტაპი იყო, ქართველს რეპეშაჟში გადართვის საშუალებაც არ მისცემია.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მონპელიეში 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა და მართალია, შარშანდელი ბრწყინვალე შედეგი (3 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) ვერ გააუმჯობესა, ფრანგული ტურნირი აუცილებლად წარმატებულად უნდა შეფასდეს. ისიც ვთქვათ, რომ ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში ქართველი ძიუდოისტები მხოლოდ მასპინძლებს ჩამორჩნენ, რომელთა მონაგარიც 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა.
28 აპრილს, ევროპის ჩემპიონატზე გუნდური ტურნრის დროა და საქართველოს ნაკრები ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. ქართველი ძიუდოისტები პირველ ნომრად არიან განთესილნი და საწყის რაუნდში ისვენებენ, მეოთხედფინალში კი ჩეხეთს და ბრიტანეთს შორის უმჯობესს შეხვდებიან. სამწუხაროდ, ბადის ამავე ნახევარში მოხვდა მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები, რომელსაც ქართველები, სავარაუდოდ, ნახევარფინალში გაეჯიბრებიან, ბადის მე-2 ნახევარში კი ფავორიტი რუსეთია.
2014 წლის ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. მონპელიე (საფრანგეთი)
90 კგ.
1. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
2. კირილ ვოპროსოვი (რუსეთი)
3. ალექსანდრ იდირი (საფრანგეთი)
3. კრისტიან ტოტი (უნგრეთი)
...7. ზვიად გოგოჭური (საქართველო)
100 კგ.
1. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
2. ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)
3. ადლან ბისულტანოვი (რუსეთი)
3. სირილ მარე (საფრანგეთი)
+100 კგ.
1. ტედი რინერი (საფრანგეთი)
2. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
3. მარიუს პრასკევიჩიუსი (ლიტვა)
3. ანდრე ბრეიტბარტი (გერმანია)
5. ლევან მატიაშვილი (საქართველო)