იტალიაში მიმდინარე ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის, ხუთი ტურის თავზე, 4.5 ქულით ლიტველი ბუტნორიუსი (2388) დაწინაურდა, ქართველები, ნონა გაფრინდაშვილი (2362) და თამარ ხმიადაშვილი (2194) კი ლიდერებს მცირედით ჩამორჩნენ.
ქართველი ქალბატონებისთვის წარუმატებელი მე-5 ტური გამოდგა, რომელშიც გაფრინდაშვილიცა და ხმიადაშვილიც დამარცხდნენ. პირველს შავი ფიგურებით ხორვატმა ჩებალომ (2486) სძლია, მეორეს კი – თეთრებით რუმინელმა სუბამ (2465).
გასული დღეების შემდეგ, გაფრინდაშვილი 3.5 ქულით მე-14 ადგილზეა, ხოლო ხმიადაშვილს 3.0 ქულით 25-ე პოზიცია უკავია. მომდევნო ტურში, ქალბატონი ნონა იტალიელ იუდიჩელოს (2180) ეთამაშება, თამარი კი – აპენინელვე ლაჩოს (2128).
ევროპირველობა, რომელსაც ასამდე მონაწილე ჰყავს, 9 ტურად, შვეიცარიული სისტემით მიმდინარეობს და თოთხმეტ აპრილს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი 10350 ევროა. აქედან, კაცთა შორის საუკეთესო ათასშვიდას ევროს მიიღებს, ხოლო ქალბატონებში გამარჯვებული – შვიდას ევროს.







