ნანა ძაგნიძეს (2550) უცნაური ამბავი სჭირს. ქართველი მოჭადრაკე ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ფიდე-ს ქალთა გრან-პრის დიდი იმედებით შეხვდა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაბმასაც ეშურებოდა, თუმცა, ზედიზედ მესამედ წააგო და აუტსაიდერთა შორის აღმოჩნდა.
ტურნირის სტარტზე მოპოვებული წყვილი გამარჯვების შემდეგ, ძაგნიძე ეკვადორელ ფიერო ბაკეროსთანა (2363) და სომეხ დანიელიანთან (2454) დამარცხდა, დღეს კი შვედ პია კრამლინგთანაც (2516) წააგო. შედეგად, ნანას 2.0 ქულა შერჩა და 12 მონაწილეს შორის მე-10 ადგილამდე დაქვეითდა.
2.5 ქულით მე-6 საფეხურზე აღმოჩნდა მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე (2502), რომელიც მე-5 ტურში ყატარის სახელით მოთამაშე ჩინელ ჩენ ჟუს (2495) დაუზავდა.
საოცარ შედეგებს აჩვენებს ხსენებული დანიელიანი, რომელმაც უძლიერეს მეტოქეებთან ჭიდილში ზედიზედ მე-5 გამარჯვება იზეიმა და ლიდერობა გაიმყარა, მის შემდეგ კი, 3-3 ქულით ფიერო ბაკერო, კრამლინგი და ფრანგი სებაგი იმყოფებიან.
კვირას ტურნირზე დასვენებაა, 28 თებერვალს კი ძაგნიძე თეთრი ფიგურებით ჩინელ იუჰუა ქსუს (2484) ეთამაშება, ხოლო ჩიბურდანიძე – შავებით ინდოელ ჰუმპი კონერუს (2607).







