ჭადრაკი

1:43 | 2.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერი ისევ ორია

სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 დღის თავზე ლიდერი კვლავაც ორია, თუმცა, მათი ვინაობა შეიცვალა. პოზიციები დათმეს ჩინელმა ქიან ჰუანგმა (2417) და შვედმა პია კრამლინგმა (2478), წინ კი ინდოელი ჰამპი კონერუ (2589) და ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა (2518) გაიჭრნენ, რომელთა აქტივშიც, 6 ტურის თავზე 5-5 ქულაა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველობა ბათუმში მიმდინარეობს და მისი გენერალური სპონსორი კომპანია “სოკარი” გახლავთ. ტურნირში 17 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, თუმცა, მათგან ლიდერებში ვერცერთს ვხედავთ. მასპინძელთაგან საუკეთესო შედეგი ნინო ხურციძეს (2456) გააჩნია, რომელიც 4.0 ქულით მეთორმეტეა, სრულად კი ქართველთა პოზიციები ასე გამოიყურება:
12. ნინო ხურციძე (2456) – 4 ქულა, 17. მაია ჩიბურდანიძე    (2500) – 3.5; 20. ლელა ჯავახიშვილი (2449) – 3; 23. ნანა ძაგნიძე        (2547) – 3; 24. სოფიო გვეტაძე (2338) – 3; 26. მაია ლომინეიშვილი  (2366) – 3; 27. ნინო ბაციაშვილი (2436) – 3; 33. ბელა ხოტენაშვილი  (2500) – 3; 37. სალომე მელია (2410) – 2.5; 38. მერი არაბიძე (2351) – 2.5; 39. სოფიკო ხუხაშვილი (2414) – 2.5; 40. ინგა ჭარხალაშვილი  (2334) – 2; 41. მაკა ფურცელაძე (2348) – 2; 43.ნათია ჯანჯღავა (2306)   – 2; 44.მირანდა მიქაძე (2323) – 2; 48. ნონა გაფრინდაშვილი (2356) – 1; 49. ნინო გურიელი (2329) – 1;
მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას 17 ქვეყნის 50 წარმომადგენელი იღებს, რომელთა შორის 17 მონაწილეს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება აქვს, 7 მოჭადრაკე კი მსოფლიოს საუკეთესო ტოპ-ათეულის წევრია: 3. ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2598), 4. ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2589), 5. ჟაო ქსიუ (ჩინეთი, 2549), 6. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2547), 7 კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2546), 8. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2532), 9. ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2530).
ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით ტარდება და სწრაფ ჭადრაკში – 11, ხოლო ბლიცში 15 ტური გახლავთ დაგეგმილი. თითოეულ პარტიაზე დროის კონტროლი ასეთია: სწრაფი ჭადრაკი – 25 წუთი თითოეულ მოჭადრაკეს, სვლაზე 10 წამის დამატებით. ბლიცი: 4 წუთი თითოეულს, სვლაზე 2 წამის დამატებით. ორივე ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს, საიდანაც სწრაფ ჭადრაკში ჩემპიონს 12 ათასი ერგება, ხოლო ბლიცში საუკეთესოს – 10 ათასი.
2 ივნისს, სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-7, მე-8 და მე-9 ტურის პარტიები შედგება. თამაშები სტარტს 15:00 საათზე აიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096074