2009 წლის საუკეთესო სპორტსმენი, როგორც სპორტის სამინისტროსა და სპორტის დეპარტამენტის ვერსიით, ისე სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგადაც, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაია გახდა. გარჯა თავისუფალი სტილის მიმდევარ გიორგი გოგშელიძესაც დაუფასდა, მაგრამ საერთო ჯამში, გასულ სეზონს მოჭიდავეთათვის საამაყოს მაინც ვერ დავარქმევთ. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ისე ჩაჭიდავდა, საქართველოს ჰიმნი ერთხელაც არ გაჟღერებულა.
როდესაც უჰიმნობას ვახსენებთ, იქვე, დანიის ქალაქ ჰერნინგში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის 66 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალიც უნდა ვახსენოთ. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლაში, მანუჩარს, აზერბაიჯანელ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონთან, ფარიდ მანსუროვთან ერთად, ხელი მსაჯებმა შეუშალეს. “ოქროს ბრძოლის” პირველი სეტი მანუჩარმა ვერგამოყენებული ჩოქბჯენის გამო წააგო. მეორეში უკვე მისმა მოწინააღმდეგემ ვეღარ შეძლო ჩოქბჯენის სათავისოდ გამოყენება, მაგრამ ოცდაათწამიანი პერიოდის გალევამდე სამიოდე წამით ადრე, მსაჯებმა ქართველი ძალიან საეჭვოდ გააფრთხილეს და ჩემპიონობა ფარიდ მანსუროვს გაუნაღდეს. შედეგი ვერც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პროტესტმა გამოიღო და ვერც უსამართლობით აღშფოთებული აბსოლუტურად ნეიტრალური მაყურებლის გამაყრუებელმა სტვენამ. ძნელია თქვა, სამართლიანი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მოვლენები ცხადაიასთვის სასურველი სცენარით განვითარდებოდაო, მაგრამ ცხადია, ფსიქოლოგიურ უპირატესობას დაეუფლებოდა და ერთიც, მანსუროვი ევროპის ჩემპიონატზე დამარცხებული ჰყავდა. დაჯილდოვების ცერემონიალზე ქართველი სპორტსმენი ცრემლებს ვერ იკავებდა.
დანიურ მსოფლიოს პირველობაზე, ისევე როგორც იქამდე, ვილნიუსში ჩატარებულ 2009 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების დანარჩენი 6 წევრიდან, სამეულში ვერავინ შეაღწია. ევროპულ ხალიჩაზე უმედლოდ დარჩნენ – ლაშა გოგიტაძე, (55 კგ), რევაზ ლაშხი (60 კგ), გენადი გოგიშვილი (74 კგ), დავით ქარჩავა (84 კგ), ალექსანდრე ბურდილაძე (96 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატზე ბეგი დარჩიას გუნდს ტიტულოვანი წევრები – მანუჩარ კვირკველია (74 კგ), ბადრი ხასაია (84 კგ) და რამაზ ნოზაძე (96 კგ) დაუბრუნდნენ, მაგრამ საკადრისი შედეგი ვერც ერთმა მათგანმა აჩვენა, ისევე როგორც გოდერძი დავითაძემ (55 კგ), რევაზ ლაშხმა (60 კგ) და გურამ ფერსელიძემ (120 კგ).
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სეზონის ორი უმთავრესი ტურნირი ყველაზე ტიტულოვანი წევრის, ოლიმპიური ჩემპიონის, რევაზ მინდორაშვილისა (84 კგ) და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ ოთარ თუშიშვილის (66 კგ) გარეშე ჩაატარა. ევროპის 2008 წლის ჩემპიონმა, გიორგი გოგშელიძემ (96 კგ), მცირე ტრავმის გამო, 2009 წლის ევროპირველობა გამოტოვა და მსოფლიოზე ბრინჯაოთი დაბრუნდა. ოქრო-ვერცხლის შანსი მან საწყის ეტაპზევე დაკარგა, უმთავრეს კონკურენტთან, რუს ჰაჯიმურატ გაცალოვთან წაგებით. მოგვიანებით, გაცალოვი ჩემპიონი გახდა, გოგშელიძემ კი, რეპეშაჟში 3 მეტოქე ჩამოიცილა.
ნაკრების დანარჩენ წევრთაგან ჰერნინგის კვარცხლბეკზე ასვლის ყველაზე რეალური შანსი მძიმეწონოსან ალექსი მოდებაძეს მიეცა, მაგრამ მიზნამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა - მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო ბესიკ გუჩაშვილმა (55 კგ), მალხაზ ზარქუამ (60 კგ), შალვა აბაჯევმა (66 კგ), გელა საღირაშვილმა (74 კგ) და ნიკოლოზ გაგნიძემ (84 კგ) საწყის ეტაპებზევე წაიფორხილეს. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 14 ქულით, იაპონიასთან და ინდოეთთან მე-9 ადგილი გაინაწილა.
ევროპირველობაზე ზაზა თურმანიძის გუნდი მე-6 ადგილს დასჯერდა, მაგრამ, ლიდერების არყოფნის გათვალისწინებით, 7 წონიდან 3-ში მედლის მოპოვება საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელი იყო.
ნაკრებში უმთავრესი სიახლე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ხალიჩაზე ლუკა კურტანიძის დაბრუნება გახლდათ. მსოფლიოს 2-გზისა და ევროპის 5-გზის ჩემპიონისგან ბევრი მე-6 ევროპულ ოქროს ელოდა, მაგრამ კურტანიძემ ლიტვური ხალიჩიდან არა თუ ოქროს, საერთოდ მედლის გამოტანა ვერ შეძლო. ქართული გუნდის ყველაზე გამოცდილი წევრი, მოულოდნელად, პირველსავე წრეში დამარცხდა, სომეხ ედგარ ენუკიანთან და მას შემდეგ, რაც საფინალო გზის ბოლომდე გაღწევა ვერც ენუკიანმა მოახერხა, რეპეშაჟის შანსიც დაკარგა.
ევროპის ჩემპიონობის ყველაზე რეალური შანსი კი ხელიდან 55 კილოგრამში მოჭიდავე ბესიკ გუჩაშვილმა გაუშვა. იღბლიანმა კენჭისყრამ უმსუბუქეს წონაში მოჭიდავე ქართველი პირდაპირ მეოთხედფინალში განთესა. გუჩაშვილმაც, ორი მეტოქის ძლევით ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა. იქ კი პირველი სეტის მოგების უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. მალხაზ ქურდიანმა (60 კგ) და მალხაზ მუზიაშვილმა (66 კგ) ქართულ ყულაბაში ბრინჯაოს მედლები ჩაუშვეს. ოქროს შანსი ორივემ ნახევარფინალში დაკარგა. გელა საღირაშვილმა (74 კგ) და დავით ოთიაშვილმა (120 კგ) ჩემპიონატი მე-5 ადგილით დაასრულეს, ხოლო ნაკრების დებიუტანტი ბექა ჭელიძე (84 კგ) ვილნიუსის ხალიჩაზე ერთადერთხელ გავიდა.
მომავალ სეზონს მოჭიდავეები, ტრადიციულად, საქართველოს ჩემპიონატით გახსნიან, 2010 წლის შიდა კონკურენციაში გამარჯვებულები იანვარში გამოვლინდებიან. სავარაუდოდ, ჩემპიონატში მონაწილეობას ყველა ტიტულოვანი მოჭიდავე მიიღებს და ნაკრების ის შემადგენლობებიც გამოიკვეთება, ევროპის ჩემპიონატზე რომ დაიცავენ საქართველოს ღირსებას. მსოფლიოსთვის კი, ქართული შვიდეულები ზაფხულში ჩასატარებელი კარტოზია-ბალავაძის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირის შედეგებით უნდა დაკომპლექტდეს. ეს ტრადიციული ტურნირები, წლეულს, ჭიდაობის ფედერაციის ფინანსური პრობლემის გამო ჩაიშალა, 2010-ში, სავარაუდოდ, ისევ აღდგება.
ოთარ მაღლაკელიძე







