დღე არ გავა, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონში“ არსებულ მდგომარეობაზე არ დაიწეროს. ქვეყნის ორგზის ჩემპიონის ბანაკში დიდი არეულობაა და ამაზე მკითხველს კარგად მოეხსენება. ამიტომ წინასიტყვაობით თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ სათქმელზე გადავალთ.
გუშინ იყო, იმერული კლუბის პრესსამსახურმა რომ გაავრცელა წერილი, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლევან ყიფიანს ზესტაფონში ჩასვლას და შექმნილი ვითარების ადგილზე გაცნობას თხოვდა.
ალბათ, ამ მიმართვის პასუხად იყო, მინისტრმა ზესტაფონში სტუმრობა აღარ გადადო და საღამოს 18.00 საათისთვის დანიშნა შეხვედრა. მართალია, ლევან ყიფიანი და მისი მოადგილე აკაკი ლოდია საათნახევრის დაგვიანებით გამოჩნდნენ „დავით აბაშიძეზე“, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მხარეთა დიალოგი, როგორც იქნა, შედგა. ძნელი მისახვერდი არ უნდა იყოს, სტადიონის გადავსებულ საპრესკონფერენციო დარბაზში საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრეს და საკმაოდ მწვავედაც.
ლევან ყიფიანი: „ყველა თქვენ და, საერთოდ, ზესტაფონელ ქომაგთ მადლობას გიხდით გუნდის ერთგულებისთვის, მესმის თქვენი, თქვენთან ვარ და პრობლემებზე საუბარს არ გავურბი.
აქამდე არაჩვეულებრივად კარგი ურთიერთობა მქონდა ილია კოკაიასთან, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებაში. ყოველთვის ღიად ვსაუბრობდი მასთან, მაგრამ მოხდა ისე, რომ ბოლო დროს, მხოლოდ პრესის მეშვეობით ვგებულობთ მის მოთხოვნებს, რაც ძალიან საწყენია. როგორც სახელმწიფო მოხელე, ყოველთვის მზად ვარ შევხვდე მას და შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შევუწყო საქმიანობაში.
გასაგებია, რომ ადამიანი ამ გადაწყვეტილებამდე რაღაცამ მიიყვანა. გორი იქნება თუ ზესტაფონი, ჩემთვის ერთია. ყველას თანაბრად დავეხმარებით, ოღონდ ასე უცებ ეს არ მოხდება. ძალიან მსურს კოკაიასთან საუბარი. ვურეკავ, მაგრამ ვერ ვუკავშირდები. კაჭარავას, ხუციშვილსაც ვთხოვე დახმარება, მაგრამ არ მპასუხობს.
გორის „დილას“ უეფას ტურნიში მონაწილეობაზე აქვს შეტანილი განაცხადი. გუნდს შსს დაცვის სამსახური აფინანსებდა, გაუგონარი ბიუჯეტი ჰქონდა. ახლა ასე არ არის, მაგრამ „დილას“ დაშლას უეფასგან ჩვენი ფეხბურთისადმი მკაცრი სანქციები მოჰყვებოდა, ამიტომაც წავედით შეღავათზე.
ჩვენ არ განვასხვავებთ კერძო და მუნიციპალურ გუნდებს. შევეცდებით, ყველას თანაბრად დავეხმაროთ. დროა საჭირო, ყველა საკითხი მოგვარდება.
გეტყვით, რომ სულ მალე, მაქსიმუმ ორ კვირაში, ჩვენ საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანთ საქართველოში ფეხბურთის განვითარების 5-წლიან მიზნობრივ პროგრამას, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი უახლოესი და სამომავლო სამუშაოები.
ამიტომ, რეალობიდან გამომდინარე, სჯობს, ემოციური გადაწყვეტილებებისგან თავი შევიკავოთ. როგორც მინისტრი, პირობას ვიძლევი, რომ ყველა პრობლემა მოგვარდება, მთავარია, სწორი გზით ვიაროთ.
არანორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდით, ბევრს ხმის ამოღება ეშინოდა. ახლა სხვა რეალობაა. სიმართლის თქმას წინ არაფერი უდგას. დიდი ხნის ნაშრომს წყალში ნუ გადავყრით - „ზესტაფონის“ დაშლა არ შეიძლება. ილია კოკაიას ფეხბურთიდან წასვლა ჩვენთვის ზურგში დანის ჩარტყმა იქნება. დიდი სურვილი მაქვს შევხვდე მას და დაველაპარაკო. მხოლოდ ორ გზას ვხედავ: „ზესტაფონი“ ილია კოკაიას საკუთრებაში რჩება და ამასთან, სახელმწიფოსგან დახმარებასაც მიიღებს, ან კლუბი მუნიციპალურ საკუთრებაში გადადის და მის გადასარჩენად ზრუნვა გვიწევს. მე პირველ ვარიანტს ვემხრობი. თუ კოკაიასთან კომუნიკაცია შედგება, გამოსავალს აუცილებლად მივაგნებთ.“
ნუგზარ ქამუშაძე (ზესტაფონის გამგებელი): „ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო ილია კოკაიას მომართვა, ნამდვილად არ ვიყავით მზად ამისთვის. გუნდის შენახვის არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს. ბიუჯეტში უზარმაზარი გარღვევაა. პრინციპში, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, რომ კლუბი მუნიციპალურ საკუთრებაში იყოს, მაგრამ ასე უცებ ეს არ გადაწყდება. არც უნდა მივიდეს აქამდე საქმე. ილია კოკაიამ უდიდესი საქმე გააკეთა ზესტაფონური ფეხბურთის სასიკეთოდ და კარგი იქნება, თუ საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებს. ჩვენ მას ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს“.
აკაკი ლოდია: „როგორც მინისტრმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში დავდებთ ქართული ფეხბურთის განვითარების მიზნობრივ პროგრამას. ბევრი პროცედურის გავლა მოგვიწევს. დახმარება ყველა კლუბს ექნება, ვინც უკეთესად ითამაშებს, ის მეტ ფულს მიიღებს. ახალი სისტემის, სტრუქტურების შექმნა არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ მთავრობის დახმარებით ეს მალე უნდა მოხერხდეს.“
ვასილ გველესიანი (ს.კ. „ზესტაფონის“ ვიცეპრეზიდენტი): „ილია კოკაიამ 9 წელი შეალია გუნდს, საქმე სუფთა ფურცლიდან დაიწყო და „ზესტაფონი“ 2-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. დამიჯერეთ, ეს კაცი უფეხბურთოდ ვერ იცხოვრებს. თუ ფეხბურთისადმი ისეთი მიდგომა იქნება, როგორზეც მინისტრმა ისაუბრა, ბატონი ილია აუცილებლად შემობრუნდება კლუბისკენ.“
შეხვედრის მონაწილენიც ამ იმედით დაიშლნენ...