ფეხბურთი

21:15 | 14.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყენია: “როცა ტრავმა არ გქონია, სხვა ტრავმირებულის გალანძღვა იოლია”

როგორც იცით, ლევან ყენია ამ ზაფხულს კლუბს შეიცვლის. 23 წლის ქართველ ნახევარმცველს, ლვოვის “კარპატისგან” განსხვავებით, დიუსელდორფის “ფორტუნაში” კარიერა ვერ აეწყო. მხოლოდ საწყის ტურებში ითამაშა, შემდეგ ტრავმა მიიღო, გამოჯანმრთელებულს კი ახალი მწვრთნელი აღარ ენდობოდა.

ყენია ამჟამად თბილისშია. რამდენიმე დღის წინ, დავით თარგამაძესთან და ბუბა დაუშვილთან ერთად ესტუმრა სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას”, სადაც მათ საჩუქრები გადასცეს ბავსვებს, მათთან ერთად ფეხბურთი ითამაშეს, კითხვებს უპასუხეს.

ლევანს “მსოფლიო სპორტი” ესაუბრა:

-       ხვალ უკვე მივდივარ გერმანიაში. მართალია, “ფორტუნასთან” კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი დამრჩა, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ უფასოდ მიშვებენ. სამაგიეროდ, ხელფასს არ გადაიხდიან. ასეთი შეთანხმება მოხდა.

-       “ფორტუნამ” დიდი იმედით შეგიძინათ, 10-ნომრიანი მაისურაც გადმოგცათ და რატომ ვერ აგეწყოთ იქ საქმე? 

-       თავიდან მიხაელ ბიუსკენსი იყო მწვრთნელი და თამაშიც მიწევდა. ბიუსკენსი გაუშვეს, მენეჯერიც წავიდა, ახალმა ხელმძღვანელმა კი ახალი მწვრთნელი კოსტნერი და ფეხბურთელები მოიყვანა. კოსტნერმა დაცვითი ფეხბურთი აირჩია, მე კი მის სქემაში არ მოვიაზრებოდი და შანსი აღარ მომცა. კოსტნერის წასვლის შემდეგ, მეკარეების მწვრთნელი ოლივერ რეკი დანიშნეს, რასაც სიტუაცია არ შეუცვლია. ახლა “ფორტუნაში” თითქმის მთლიანად ახალ გუნდს აკეთებენ: 8 ფეხბურთელს კონტრაქტი არ გაუგრძელეს და უშვებენ. მე და ბერძერ იანოტისს ხელშეკრულებები გვქონდა, მაგრამ გვიშვებენ. ეს ჩემი სურვილიცაა. მოკლედ, არ გამიმართლა “ფორტუნაში”. სუფთა საფეხბურთო მომენტია.

-       “ფორტუნას” რამდენიმე თამაშის შემხედვარე, ჩანდა, რომ გუნდს ბურთის დამჭერი ნახევარმცველი არ ჰყავდა.  

-       როცა იქ მივდიოდი, ასე ვიცოდი, რომ შემტევი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა და ბურთი უნდა გვეკონტროლებინა. რამდენიმე კაცი დაშავდა, გუნდი ვერ აეწყო და სხვა ტაქტიკაზე გადაერთო.

-       რომელი კლუბებიდან გაქვთ შემოთავაზებები?

-       ჯერ ვერ დავასახელებ. არის რამდენიმე ვარიანტი და ჩემი მენეჯერი მუშაობს. ახლა ისეთი პერიოდია, ყველა მსოფლიოს ჩემპიონატს აკვირდება. მე მაინც მინდა, რომ მალე გადავიდე ახალ კლუბში, რათა სრულფასოვანი შეკრება გავიარო. დაახლოებით ორ კვირაში, წესით, გადაწყდება ჩემი საკითხი.  

-       თბილისის “დინამოდან” თუ იყო შემოთავაზება?

-       არანაირი. “შალკესთან” რომ დამიმთავრდა კონტრაქტი, მაშინ იყო. ანუ, 2 წლის წინ.  დეტალები არ განხილულა, უბრალოდ, საუბარი გვქონდა.

-       გასულ ზამთარს “ტავრიადანაც” გქონდათ მოწვევა...

-       უკრაინაში მიმდინარე ცნობილი მოვლენების გამო, იქ გადასვლა გამოირიცხა. ისედაც, ბოლომდე ვერ შევთანხმდით.

-       გასაგებია. მსოფლიოს ჩემპიონატზეც: ვიცით, რომ გერმანიას ქომაგობთ და რას იტყვით მათ შანსებზე?

-       ბავშვობაში, უცხოური ნაკრებებიდან გერმანიის ფანი ვიყავი, ახლა კი ფანობას ვერ დავიჩემებ. ჩაიარა იმ დრომ. ვფიქრობ, ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავთ და ჩემპიონობისთვისაც იბრძოლებენ, თუმცა პროგნოზის გაკეთება ძნელია.

-       პირველ მატჩებზე რას იტყვით?

-       რაც ვნახე, ხორვატია ძალიან მომეწონა და მსაჯი ცუდად მოექცა. ჰოლანდიამ ფანტასტიკური ფეხბურთი ითამაშა. საერთოდ, ყველა ქვეყანა ვითარდება ფეხბურთში, ყველგან უდიდესი ყურადღება ექცევა. ერთი საქართველო დარჩა, სადაც უკან-უკან მიდის საქმე.

-       ეს ეროვნულ ნაკრებზე თუ ზოგადად ქართულ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე?

-       ეროვნულ ნაკრებზე ადრეც ვთქვი და აზრი არ შემიცვლია. ვისაც დანახვა უნდა და შეუძლია, ყველა ხედავს, რა დღეშიც ვართ, ხოლო ვისაც არ სურს დანახვა, ან არ აწყობს, რომ დაინახოს, მათთან საუბარს აზრი არ აქვს. ამასწინათ მათე ვაწაძეზე გადაღებულ ფილმს ვუყურე. ვისაც ფეხბურთი არ უთამაშია, ფეხბურთელის ცხოვრება არ იცის და ტრავმა არ ჰქონია, მისთვის იოლია ვაწაძის გალანძღვა. სულ უარყოფითი საუბარი მესმის. ჩემი მაშინდელი მდგომარეობა ჰგავს ვაწაძისას, ოღონდ, მე უფრო რთულად მქონდა.

-       2,5 წლის განმავლობაში საერთოდ არ გქონდათ ნათამაშები. ახლა რამდენად გრძნობთ კვალს?

-       ასეთი მძიმე ტრავმა კვალს აუცილებლად ტოვებს და დრო გჭირდება, რათა შიში გადალახო. ამ დროს ფეხბურთელს გვერდში დგომა, მწვრთნელისგან გაგება, გულშემატკივრებისგან მხარდაჭერა სჭირდება. მე ვგრძნობდი ამ მხარდაჭერას პირველ ეტაპზე და თითოეულ მათგანს დიდ მადლობას ვუხდი. შემდეგ კი აშკარად იმატა მოძულე ადამიანების რიცხვმა. ვხედავ, ბევრს ჩემი ფეხის დაცდენა უხარია. არადა, უცხოეთში ასეთ მდგომარეობაში მყოფ ფეხბურთელებს მხოლოდ ამხნევებენ, გულს უკეთებენ. 

0.115895