ლევან კობიაშვილმა ბუნდესლიგაში 32-ე გოლი გასულ ტურში სტუმრად “შტუტგარტთან” მოგებულ (2:1) მატჩში გაიტანა. ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა “კიკერმა” ქართველი მცველი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, ხოლო “სპორტ-ექსპრესმა” ტურის გმირად აღიარა. სხვათა შორის, კობიაშვილი, რომელიც გოლის გატანის მომენტში 36 წლისა და 227 დღის იყო, “ჰერტას” ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, ვისაც პირველ ბუნდესლიგაში გოლი გაუტანია. გთავაზობთ ინტერვიუს კობიაშვილთან, რომელსაც გერმანიაში მცხოვრებმა “სპორტ-ექსპრესის” სპეციალურმა კორესპონდენტმა ჩამოართვა.
- შაბათს მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანეთ. როგორი შეგრძნებაა?
- გოლი როდესაც გაგაქვს, თავს ყოველთვის კარგად გრძნობ. მითუმეტეს, როდესაც მცველი ხარ და იტან, უფრო სასიამოვნოა. თუმცა, მთავარია, რომ გუნდმა მოიგო.
- ბუნდესლიგაში ჩატარებულ მატჩებში 32 გოლი გაიტანეთ. პირველი გოლი გახსოვთ?
- რა თქმა უნდა. ეს 1998 წლის დეკემბერში მოხდა, როდესაც “ფრაიბურგში” ვთამაშობდი. საჯარიმო დარტყმის შემდეგ “ნიურნბერგს” გავუტანე და 1:0 მოვიგეთ.
- მაშინ უფრო გაგეხარდათ თუ ახლა?
- ფეხბურთელისთვის ნებისმიერი გოლი მეტად სასიამოვნოა. შედარება არ მინდა.
- ბუნდესლიგაში გატანილი გოლებიდან ყველაზე მეტად რომელი დაგამახსოვრდათ?
- “შალკეში” თამაშის დროს, 2006 წლის მოწურულს “ბაიერნს” ვმასპინძლობდით. სტადიონზე არცთუ სასურველი სიტუაცია იყო, რადგან ზედიზედ რამდენიმე მატჩი წავაგეთ და ნაწყენი გულშემატკივრები მხარს დემონსტრატიულად არ გვიჭერდნენ. მაშინ, დაახლოებით 20 მეტრიდან ოლივერ კანს გავუტანე და “შალკე” 2:0 დაწინაურდა (“კიკერმა” კობიაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. რედ.). საწყენია, რომ ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ და საბოლოოდ, თამაში 2:2 დასრულდა.
- ბუნდესლიგაში 344 მატჩი ჩაატარეთ. უცხოელებიდან ამაზე მეტჯერ მხოლოდ “ბაიერნის” ფორვარდს პისაროს უთამაშია – 362. პერუელის გასწრება არ გსურთ?
- ვფიქრობ, ეს ძალიან რთული იქნება. თუ გამომივა ხომ კარგი, არადა – ტრაგედია არაა. ისედაც ბუნდესლიგაში ბევრი ვითამაშე, რაც მახარებს. ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, კარიერის დასრულების მერე, ბუნდესლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ლეგიონერებს შორის რომელ ადგილზე ვიქნები.
- მომავალ სეზონში კვლავ ითამაშებთ?
- ჯერ ზუსტად არ ვიცი. რაიმე კონკრეტულს მხოლოდ ორი თვის შემდეგ ვიტყვი. ახლა თამაში მსიამოვნებს და გუნდს მთელ ძალას ვახმარ.
- გასულ სეზონში “ჰერტა” მეორე ბუნდესლიგაში იყო, ხოლო ახლა ევროთასებზე მოხვედრის პრეტენდენტია. ასეთი პროგრესი რამ გამოიწვია?
- მას შემდეგ რაც ბუნდესლიგიდან გავარდით, გუნდში ბევრი რამ შეიცვალა. რაც მთავარია, ახალი მწვრთნელი იოს ლუხუკაი მოვიდა, რომლის ხელმძღვანელობით “ჰერტა” პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნდა. ვფიქრობ, ის ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. გუნდში კარგი სამუშაო ვითარებაა და ყველა კმაყოფილია.
- მიმდინარე სეზონში 14 გოლი ადრიან რამოსმა გაიტანა, რომელიც ლევანდოვსკისთან ერთად ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. ამბობენ, რომ მან შესაძლოა დორტმუნდში პოლონელი ფორვარდიც კი შეცვალოს, რომელიც “ბაიერნში” გადავა. ალბათ, რამოსი ამჟამად “ჰერტას” ლიდერია?
- ადრიანი კარგად თამაშობს, “ჰერტას” ბევრი ქულები მოუტანა და ამ სეზონში ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირებშია. გუნდის კარგად თამაშის ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ჩვენ რიგებში რამოსის ყოფნაა. ყოველ გუნდს სჭირდება ისეთი თავდამსხმელი, რომელიც სეზონში 15-20 გოლს გაიტანს.
- სამშაბათს დორტმუნდელები ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში “ზენიტს” შეხვდებიან. სანკტპეტერბურგელებს წარმატების როგორი შანსი აქვთ?
- ვფიქრობ, დიდი შანსი აქვს. რა თქმა უნდა, დორტმუნდელებს კარგი მოთამაშეები ჰყავთ, მაგრამ ახლა ეს ის გუნდი არაა, რაც ერთი წლის წინ იყო. “ბორუსიასთვის” სეზონი საუცხოოდ ნამდვილად არ მიმდინარეობს, ფეხბურთელებს ტრავმები აწუხებთ. ბოლო ტურში “ბორუსიამ” მოულოდნელად დიდი ანგარიშით “ჰამბურგთან” წააგო. როგორც ჩანს, ამჟამად გუნდში ყველაფერი წესრიგში არაა. ვფიექრობ, პრობლემები მხოლოდ ტრავმების გამო არაა. ასე რომ “ზენიტს” შემდეგ წრეში გასვლის სერიოზული შანსი აქვს.
- სანკტ-პეტერბურგში გასამართ მატჩზე პროგნოზის გაკეთებას გარისკავთ?
- თამაშს სიამოვნებით ვუყურებ. პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება, რადგან “ზენიტი” როგორ ფორმაშია, არ ვიცი. თუმცა, მესმის, რომ სანკტპეტერბურგელებისთვის, რომლებსაც სეზონი ჯერ არ დაუწყიათ, იოლი არ იქნება. ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა.
- ლევანდოვსკის წინააღდეგ გითამაშიათ. ის როგორ უნდა შეაჩერო?
- შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ ეს იოლი არაა. პოლონელი ამჟამად ვეროპაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. “ბაიერნმა” ტყუილუბრალოდ ხომ არ აიყვანა, სადაც უკვე ზაფხულში გადავა. თუმცა, მეჩვენება, რომ მიმდინარე სეზონში ისე კარგად არ გამოიყურება, როგორც გასულში. ამის მიუხედავად, ლევანდოვსკი იმდენად ძლიერია, რომ “ზენიტის” მცველებისთვის მის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება. სანკტპეტერბურგელებს დაცვაში ძალიან კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავთ. ვფიქრობ, ჩემს რჩევებს არ საჭიროებენ.