ფეხბურთი

15:55 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: “დორტმუნდელებს პირველად არ ვამარცხებ”

 

გერმანიის ბუნდესლიგის განვლილ ტურში სტუმრად დორტმუნდის “ბორუსიასთან” გამარჯვების შემდეგ, ბერლინის “ჰერტას” ქართველმა ლეგიონერმა ლევან კობიაშვილმა, “სპორტ-ექსპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ აქამდე ცენტრალურ მცველად არასოდეს უთამაშია.

- ჩვეულებისამებრ თქვენ მარცხენა მცველის ან საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გამოდიხართ. შაბათს, “ბორუსიას” წინააღმდეგ დაცვის ცენტრში რატომ ითამაშეთ?

- ეგ რომ ვიცოდე... ეს კითხვა მწვრთნელს უნდა დაუსვათ. არ მეგონა, რომ ამ პოზიციაზე ვითამაშებდი. თუმცა, სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა მაინც სასიამოვნოა. არადა, აქამდე დაცვის ცენტრში არასოდეს მითამაშია. კარგია, რომ ჩემთვის და გუნდისთვის ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

- თამაშის შემდეგ მწვრთნელმა მადლობა გითხრათ?

- მადლობის სიტყვები ყველა ფეხბურთელმა მიიღო, რადგან კარგად ვითამაშეთ. იმის გამო, რომ პირველმა მეკარემ კრაფტმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, კარში პირველად იდგა 18 წლის გერსბეკი, რომელსაც ბუნდესლიგაში დებიუტი ჰქონდა. მანამდე, ის “ჰერტას” მეორე გუნდში გამოდიოდა. მარჯვენა მცველი პეკარიკი კი, მარცხენა ფლანგზე დააყენეს. ჩვენ გავუძელით და რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ.

 - ახლა უკვე იცით “ბორუსიას” “ვარსკვლავური” შეტევა როგორ შეაჩეროთ. საიდუმლოს გაგვიმხელთ?

- საერთოდ, დორტმუნდელებს პირველად არ ვამარცხებ. თუმცა, უნივერსალური რეცეპტები არ არსებობს. სიტუაციები ერთმანეთიგსან განსხვავდება. შაბათს, ჩვენთვის ყველაფერი ცუდად დაიწყო, რადგან გოლი მე-7 წუთზე გავუშვით. მოვლენების ასეთი განვითარების დროს, შესაძლებელი იყო ახალგაზრდებს “ხელები ჩამოეშვათ”. თუმცა, შემდეგ თავს კარგად ვიცავდით და როგორც მიმდინარე სეზონის სხვა მატჩებში საუცხოო კონტრეშეტევებს ვანხორციელებდით. საერთო ჯამში, მწვრთნელის ტაქტიკური დავალება 100 პროცენტით შევასრულეთ.

- “ჰერტას” პრესინგი მოედნის ცენტრში ძალიან შედეგიანი იყო.

- “ბორუსიას” ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, რომ თუ მათ ბურთის თავისუფლად მიღებისა და მითუმეტეს, დარტყმის საშუალებას მისცემ, ძალიან გაგიჭირდება. ჩვენს მიერ არჩეული ტაქტიკა ითვალისწინებდა, რომ დორტმუნდელების შეტევა მოედნის ცენტრშივე ჩაგვეშალა. ჩვენ ხომ ვიცოდით: ბოლო წლების განმავლობაში მეტოქეს 3-4 შემტევი ნახევარმცველი ჰყავს, რომელთა შეჩერება აუცილებელია. თუმცა, ერთია იცოდე “ბორუსია” როგორ თამაშობს, ხოლო სხვაა საკუთარი ჩანაფიქრის მოედანზე განხორციელება.

- ლევანდოვსკის წარმატებით გაუმკლავდით. მის წინააღმდეგ როგორ უნდა ითამაშო?

- ვიმეორებ, რომ აქამდე დაცვის ცენტრში არ მითამაშია და პასუხების გაცემა მიჭირს. თუმცა, ისე ვმოქმდებდი, როგორც ნებისმიერ სიტუაციაში “მწვავე” ფორვარდის წინააღმდეგ უნდა იმოქმედო. დაცვის ცენტრში მე და ლუსტენბერგი ვთამაშობდით – ჩვენგან ერთ-ერთი ლევანდოვსკის ახლოს იყვანდა, ხოლო მეორე აზღვევდა. კარგად გამოვიდა. 

- ლევანდოვსკის წინააღმდეგ ხისტად და ყურადღებით თამაშობდით. მნიშვნელოვანია, რომ მის სვლებს წინასწარ ხვდებოდით.

- ალბათ, გამოცდილებამ თავისი როლი ითამაშა.

- სხვათა შორის, თქვენი მეურვეობის ქვეშ მოხვედრილი ლევანდოვსკი მდგომარეობიდან გამოვიდა.

- რა თქმა უნდა. არა მხოლოდ ის – “ბორუსიას” ყველა წევრი, როგორც მოედანზე, ასევე, სათადარიგოთა სკამზე. დორტმუნდელებმა ხომ ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე საშინაო მატჩი წააგეს. გასაგებია, რომ უკმაყოფილონი არიან. ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში მათ “ბაიერნი” წინააღმდეგ შანსი არ აქვთ. ისინი მეორე ან მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

- გენრიხ მხითარიანს ესაუბრეთ?

- არა. მას არ ვიცნობ. თუმცა, მიხარია, რომ “ბორუსიაში” მოხვდა და თამაშობს.

- შაბათს, მას, ასევე, როისს, ბლაშჩიკოვსკისა და სხვა დორტმუნდელებს თქვენმა გუნდმა განძრევის საშუალება არ მისცა.

- ამის საშუალება რომ მიგვეცა, ვერ მოვიგებდით. 

- “ბორუსია” დასუსტებულია, რადგან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს. ამ მოსაზრებას ეთანხმებით?

- ეს ნათელია. კარგად ჩანდა, რომ “ბორუსია” ისეთი არ იყო, როგორც წინა ან იმის წინა სეზონებში. დაცვაში სამი სასტარტო შემადგენლობის მოთამაშე არ ჰყავს. აგრეთვე, დაცვითი ტიპის ნახევარმცველები ბენდერი და გიუნდოგანი აკლია. ამიტომ, ახალგაზრდებს ათამაშებენ, რომლებიც შეცდომებს უშვებენ. თუმცა, ჩვენი ახალგაზრდა მეკარეც შეცდა, როდესაც როისმა გოლი გაგვიტანა. სამაგიეროდ, მატჩის მიწურულს რამდენჯერმე გადაგვარჩინა.

- საკადრო პრობლემების გამო “ბორუსია” გადაღლილია?

- რა თქმა უნდა, გადაღლილია. შეხედეთ, რამდენი თამაში ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაში, ბუნდესლიგაში და გერმანიის თასზე. თუმცა, ჩემი აზრით, ეს გასამართლებელი საბუთი არაა. “ბაიერნიც” ხომ ბევრს თამაშობს. არა მგონი, რომ პრობლემა მხოლოდ ეს იყოს. სხვათა შორის, 2011 წლის შემოდგომაზე ჩვენ დორტმუნდში 2:1 გავიმარჯვეთ. მაშინ, “ბორუსიას” მოედანზე ყველა საუკეთესო მოთამაშე ჰყავდა. ერთის მხრივ, მათი სირთულეები მესმის, ხოლო მეორე მხრივ ვფიქრობ, რომ წარუმატებლობის მიზეზი მხოლოდ ტრავმები არაა.   

- “ზენიტმა” ჩემპიონთა ლიგაში “ბორუსიასთან” ისე უნდა ითამაშოს როგორც “ჰერტამ”?

- დარწმუნებული ვარ, “ზენიტის” მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ კენჭისყრის შემდეგ, ალბათ, ისინი მეტოქეს უკვე სწავლობენ და “ბორუსიაზე”, მის ყოველ მოთამაშეზე, ჩემზე ნაკლები არ იციან. რა თქმა უნდა, სანკტ-პეტერბურგში ნახეს, რომ კლოპის გუნდმა სახლში ზედიზედ სამი მატჩი წააგო – “ბაიერნთან”, “ლევერკუზენთან” და ჩვენთან.

- ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მომავალ დაპირისპირებაზე რას ფიქრობთ?

- ვფიქრობ, მომავალ დუელში შანსები 50/50-ზეა. “ზენიტი” ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, არა მხოლოდ რუსეთში, არამედ, ევროპაში. ამ გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ და ძალიან საინტერესო მატჩები გველის.

- თებერვლის ბოლოს და მარტში “ბორუსია” სულ სხვა გუნდი იქნება, რადგან იმ პერიოდისთვის ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი უნდა დაუბრუნდეს.

- ჩემპიონთა ლიგის თამაშები ერთი კვირის შემდეგ რომ იმართებოდეს, “ზენიტის” შანსებს 60 პროცენტით შევაფასებდით. თებერვალსა და მარტში რა იქნება არ ვიცი.

- მიმდინარე სეზონში იშვიათად რატომ თამაშობდით?

- ჯანმრთელი ვარ, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილება ასეთია. ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში, რომელიც ჩემს კარიერაში ბოლო იქნება, ვიცოდი, რომ მოედანზე ხშირად გასვლა არ მომიწევდა. ეს ნორმალურია, ვინაიდან 36 წლის ვარ. მთავარია, რომ დორტმუნდში გავიმარჯევთ და 90 წუთი ვითამაშე. 

- თან საუცხოოდ თამაშობდით. სხვათა შორის, ბუნდესლიგაში 340-ე მატჩი ჩაატარეთ. უცხოელებიდან უფრო მეტჯერ მხოლოდ პისაროს უთამაშია – 356-ჯერ. კარიერის  დასრულების შესახებ თქვენი გადაწყვეტილება საბოლოოა? არ გინდათ პისაროს გაასწროთ?

- ფეხბურთში და საერთოდ ცხოვრებაში 100 პროცენტით წინასწარ რაიმეს განსაზღვრა ძნელია. თუმცა, მე კონტრაქტი მხოლოდ სეზონის ბოლომდე მაქვს.

- თუ ისე ითამაშებთ როგორც “ბორუსიასთან”, შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს.

- შესაძლოა, თამაში 2018 წლამდე გავაგრძელო (იცინის).

- ამბობენ, რომ “ჰერტას” სტრუქტურაში მუშაობას გთავაზობენ?

- დიახ. ჩემს კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმად ჩვენ კლუბში მუშაობა შემიძლია. თუმცა, სად ვიმუშავებ და როდის, ჯერ ზუსტად თქმა არ შემიძლია.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115798
სარეკლამო ადგილი - 99
X x X