ფეხბურთი

22:48 | 22.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: "დამშვიდდით და ერთმანეთს პატივი ეცით"

ბოლო დღეებში ქართულ ფეხბურთში განვითარებულ მოვლენებს, ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა. მან "მსოფლიო სპორტთან" განცხადება გააკეთა და დაპირისპირებულ მხარეებს დამშვიდებისკენ მოუწოდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი ფეხბურთელი, გულისტკივილით ამბობს სათქმელს – ჯერ ისედაც თავზესაყრელი პრობლემაა ქართულ ფეხბურთში და კიდევ ეს ემატება.

ლევან კობიაშვილი: "ბოლო დღეებში სულ დაპირისპირება და ლანძღვა ისმის. მე, ლევან კობიაშვილი, ყველას ვთხოვ, რომ დამშვიდდნენ და ერთმანეთში ადამიანურად დაილაპარაკონ. დავიღალეთ. დაიღალა ხალხი... ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში ბოლოს 2 წლის წინ ვითამაშე, ძნელია ამ ყველაფრის მოსმენა. ზღვარი არსებობს და ამ ზღვარს გადავაბიჯეთ.

... ქართული ფეხბურთი რომ ასეთ დღეშია, ყველა ჩვენთაგანის დანაშაულია და ერთმანეთზე გადაბრალება არაა ლამაზი. ვიყოთ თვითკრიტიკულები და მოვეშვათ აგრესიას. ისე ჩანს, ფეხბურთში მხარეებადაა დაყოფილი ხალხი და საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანების მიმართ ზიზღი და აგრესიაა.

... ვეტერანებს სცენ პატივი, რომლებმაც ქართული ფეხბურთი აქამდე მოიტანეს. მათ იმდენი სიხარული მოგვიტანეს, ისე შეგვაყვარეს ფეხბურთი, რომ ყველაფრის წყალში ჩაყრის უფლება არ გვაქვს. ახალგაზრდა თაობას რას ვეუბნებით? ბავშვებს რას ვეუბნებით? ვის მაგალითზე უნდა გაიზარდონ და გახდნენ ფეხბურთელები? 

... უკვე ტელევიზორის ჩართვაც აღარ მინდა. 24 საათი მიდის ერთმანეთის შეურაცხყოფა. ჟურნალისტების მიმართ, ფეხბურთელების მიმართ, მწვრთნელების მიმართ. ქართულ ფეხბურთში ჩახედულმა ადამიანებმა იციან, უპირველესად ვისი და რისი ბრალია ეს ყველაფერი, მაგრამ არცერთი მხარის დაცვას არ დავიწყებ. მოვუწოდებ, პირადულით კი არა, ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე მოიქცნენ.

... სირცხვილია! საერთო ენა გამონახონ ადამიანებმა. ფედერაციას მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს. ჯერ გამოცხადდა, ნაკრების მწვრთნელთან ნოემბერში შეხვედრა და სამომავლო გეგმებზე საუბარი გვექნებაო. აღმოჩნდა, რომ საუბარი არ ყოფილა და ახლა თქვეს, დეკემბერში იქნებაო. მაშინ, ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოვიდეს და თქვას, რომ მწვრთნელის მუშაობა აკმაყოფილებს. მაგრამ თან ამბობენ, რომ კითხვები აქვთ ქეცბაიასთან. თავად ქეცბაია კი ამბობს, ეს დღეები სულ ფედერაციაში ვიყავი და კონტრაქტზე არავის არაფერი უთქვამსო. ეგებ, დამშვიდდნენ და დალაგდნენ.

... ფედერაციას ვთხოვ, ეს პრობლემა მოაგვაროს. იქნებ, ეცადოს, რომ ეს დაყოფილი მხარეები ერთმანეთს დააკავშიროს. დასხდნენ და იმსჯელონ ყველა პრობლემაზე, იყოს კითხვა-პასუხის რეჟიმი, სწორი გზის ძიება".

0.31084