ბერლინის “ჰერტას” მცველ ლევან კობიაშვილს 36 წელი შეუსრულდა და კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველ ლეგიონერს ჩანახატი მიუძღვნა.
მისი ავტორი აღნიშნავს, რომ კობიაშვილი “ჰერტაში” 2010 წლიდან გამოდის და მისთვის ყველაზე რთული პერიოდი იყო, როდესაც 2012 წელს, გუნდი მეორე ბუნდესლიგაში გავარდა, ხოლო თავად ფეხბურთელმა 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
“ეს ჩემს კარიერაში ყველაზე რთული ეტაპი იყო და არ მინდოდა, ყველაფერი ასე დასრულებულიყო. კარიერის გაგრძელება გადავწყვიტე და მიხარია, რომ ასე მოვიქეცი”, – განუცხადა ბერლინელთა ვებგვერდს კობიაშვილმა, რომელსაც ბუნდესლიგაშუ 336 მატჩი ჩაუტარებია და ამ მაჩვენებლით მხოლოდ კლაუდიო პისაროს (353) ჩამორჩება.
ვებგვერდის ინფორმაციით, კობიაშვილი ნახევარი წლის განმავლობაში წვალობდა, რადგან გათვითცნობიერებული ჰქონდა, რომ 2012-2013 წლების სეზონის პირველ ნახევარში გუნდს ვერ დაეხმარებოდა. მიუხედავად ამისა, მან სულიერი სიმტკიცე, უკომპრომისობა და მაღალი დისციპლინა გამოავლინა, რის შედეგად თანაგუნდელებს არაფერში ჩამორჩა. კობიაშვილის მაღალ პროფესიონალიზმს “ჰერტას” მთავარი მწვრთნელი იოს ლუჰუკაიც ხაზს უსვამს.
კობიაშვილი მოედანზე ბერლინურ დერბიში “უნიონთან” დაპირისპირების დროს დაბრუნდა, ხოლო ერთი თვის შემდეგ მან უკვე “ჰერტას” სასტარტოში ითამაშა.
“ეს საუცხოო მომენტები იყო, რომლებმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სწორად მოვიქეცი”, – ამბობს კობიაშვილი, რომელიც “ჰერტაში” უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს და განვლილ სეზონში, გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
კობიაშვილმა “ჰერტას” მაისური 11-ჯერ მოირგო და მეტოქე ფეხბურთელებთან ორთაბრძოლების 70 პროცენტი მოიგო, რაც ბერლინელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.
36 წლის მცველმა დაასახელა კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ასეთ ხანგრძლივსა და წარმატებულ კარიერას არ ასრულებს:
“მე “ჰერტასთან” ერთად ბუნდესლიგაში თამაში მსურს”.
ეს ოცნება მას აუხდა და გარდა ამისა, კობიაშვილი ოცნებობს, რომ ის და მისი ოჯახის წევრები ჯანმრთელად იყვნენ. “ჰერტას” ვებგვერდი იუწყება, რომ კობიაშვილი მწვრთნელის სერტიფიკატის აღებას გეგმავს.
სტატიის დასასრულს ნათქვამია, რომ “ჰერტასა” და კობიაშვილს შორის დიდი მეგობრობა ჩამოყალიბდა.