ძიუდო

20:48 | 23.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლერი ჭელიძე მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორია

 

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ლერი ჭელიძემ (55 კგ) სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხუთდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს ვაჟებში ჩემპიონ პრიზიორები ორ უმსუბუქეს წონით კატეგორიაში: 55 და 60 კილოგრამებში გამოვლინდნენ. გია გუგავას ათეულიდან კი ტატამზე ერთადერთი ძიუდოისტი გავიდა, რადგან 60 კილოგრამში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა.

ჭელიძემ შეჯიბრება მონღოლი ბატბაიარ ბარსურენის ძლევით გახსნა – მეტოქეს მეორე წუთზე აღებული ვაზარით აჯობა. ავსტრალიელ მარკ ტობინსა და უზბეკ სობიტ ხუჟამოვს ეფექტური სუფთა გდებებით გასცდა. ოქრო-ვერცხლის შანსი კი მეოთხედფინალში დაკარგა, ბრაზილიელ ვიტორ ტორენტესთან. საწყისი ორი წუთი თანაბარ ბრძოლაში გაილია. შემდეგ ქართველი ძიუდოისტი იუკოზე დავარდა. წონასწორობა იუკოდვე შეფასებული ილეთით სწრაფად აღადგინა, მაგრამ სამწუხაროდ, სულ ეს იყო, რაც შეძლო. ბრაზილიელმა კი ბოლო წუთნახევარში სამივე შეფასება აიღო: იუკო, ვაზარი და იპონი.

რეპეშაჟის ნახევარფინალში ლერი ჭელიძემ აზერბაიჯანელი დავუდ მამადოვი პირველივე შეტევით ვაზარზე დააგდო და უმალ შებოჭა. ვაზარითვე მოუგო “ბრინჯაოს ფინალში” იაპონელ რიუჯუ ნაგაიამას, მაგრამ ბრძოლის მიწურულს ბეწვის ხიდზე გაიარა – საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე უკვე სამი შიდო ჰქონდა მიღებული და მოხსნას სასწაულებრივად გადაურჩა.

ხვალ მედლებს 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე ვაჟები გაითამაშებენ. საქართველოს სახელით კი გელა კელიხაშვილი (66 კგ), ლევან გუგავა და ფრიდონ გიგანი (ორივე 73 კგ) იჭიდავებენ.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება.

 

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი

ახალგაზრდები

ლუბლიანა

23 ოქტომბერი

ვაჟები

 

55 კგ

1 ვინსენტ მანქე (საფრანგეთი)

2 არმანდო მაიტა (ვენესუელა)

3 ლერი ჭელიძე (საქართველო)

3 ვიტორ ტორენტე (ბრაზილია)

 

 

60 კგ

1 ბაულ ანი (სამხრეთ კორეა)

2 დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)

3 აჰმეთ შაჰინ კაბა (თურქეთი)

3 იუმა ოშიმა (იაპონია)

 

0.118195