ნიუ იორკი დაახლოებით ისეა განაბული, როგორც კარგი მეძებარი ძაღლი ნაბულზე დგომის დროს – ქალაქი და კალათბურთის მოყვარული საზოგადოება დიდმა ამბავმა შეაფიქრიანა. საქმე ისაა, რომ ახლო წარსულში კალათბურთის ჯადოქრად მონათლული, ლეგენდა და შიდსის დამმარცხებელი მეჯიკ ჯონსონი “ნიუ იორკ ნიქსის” რიგებში ლებრონ ჯეიმსის გადასვლას წინაწარმეტყველებს. მეტიც, ჯონსონი დარწმუნებულია, რომ თუკი “ნიკსის” მეპატრონე ბიზნესმენები ყურს გამოიფხეკენ და “მეფის” გადასვლის წინ ორიოდ აუცილებელ ხელმოწერას გაიმეტებენ, ამ საქმეს ხელს ვერაფერი შეუშლის.
ბუნებრივია, საინტერესოა, თუ რომელ ხელმოწერებზე საუბრობს ჯონსონი – იგი თვლის, რომ ნიუიორკული კლუბის მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს კრის ბოშისა და ამარე სტაუდმაიერის კლუბში ყოფნა (ეს სერიოზულ კაპიტალდაბანდებას კი მოითხოვს, მაგრამ მარტო ჯეიმსით ვერც ნიუ იორკი იხეირებსო). ასევე კარგი იქნება, თუკი იფიქრებთ კარგ ცენტრზე და რომ ვუყურებ, იაო მინიც წამსვლელია ამჟამინდელი კლუბიდანო...
მართალია, ჩინელ აყლაყუდას დაფასება და სათამაშო პრაქტიკა არც “ჰიუსტონში” აკლია, მაგრამ თუკი მართლა მოხდა და მანჰეტენურ კლუბში “მეფე ლებრონი”, ბოში, სტაუდმაიერი და იაო მინი ერთად შეჰყარეს, გამოვა, რომ “ნიკსი” აშკარად უპირველესი ფავორიტე იქნება – შემადგენლობის მხრივ. A გასათვალისწინებელია ფსიქოლოგიური ფაქტორიც – ყველა ეს კალათბურთელი დამშეულია გამარჯვებაზე და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა თითი ნბა-ის ჩემპიონისადმი განკუთვნილი ბეჭედით დაიმშვენოს...
მეჯიკ ჯონსონს ბანქო ბოლომდე არ გაუხსნია და არ უთქვამს, თუ რამ მისცა ესოდენ მოულოდნელი განცხადების გაკეთების საფუძველი, ლებრონ ჯეიმსი ესაუბრა თუ ნიუიორკული კლუბის მესვეურების თხოვნის საფუძველზე “გაუშვა” სასარგებლო ჭორი, მაგრამ იმას კი არ მალავს, რომ არსებული სიტუაცია ახსენებს ბეისბოლის ვარსკვლავის, ალექს როდრიგესის “ნიუ იორკ იანკისის” რიგებში გადასვლის წინაისტორიას – მაშინ ალექსმა დამირეკა და მკითხა, თუ რა აზრის ვიყავი “იანკისში” მისი შესაძლო თამაშის თაობაზეო... ჯონსონი მოკლე და კონკრეტული ყოფილა: “გააჩნია, რისთვის მიდიხარ “იანკისში” ალექს! ფულისთვის? გამარჯვებებისთვის? თუ ერთიც გინდა და მეორეც? უნდა ეცადო, და “იანკისს” გამარჯვების კიდევ უფრო მეტი მოტივაცია შესძინო, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება!” როგორც ხედავთ, როდრიგესსაც გაუმართლა, მის მრჩეველსაც და კლუბი ხომ ხეირობს და ხეირობს, “იანკისის” ბიუჯეტი იმოდენაა, ბევრი სახელმწიფო რომ ინატრებს.
ვფიქრობ, გასაგებია, თუ რისთვის სჭირდება ამ ისტორიის გახსენება მეჯიქ ჯონსონს – იგი წარმატებული მაგალითით ლებრონ ჯეიმსის დამუხტვას ცდილობს. რაკიღა მეფეს შარშანდელ დიდებულ სეზონშიც კი არაფერი გამოუვიდა “კლივლენდთან” ერთად და გათამაშებას კონფერენციის ფინალში გამოეთიშა, მართლა დიდი შანსია, ბედი და ნბა-ის ჩემპიონის ბეჭედი ახალ ადგილას ეძებოს. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი, არც თუ უმნიშვნელო და ადრეც არაერთხელ გაჟღერებული ამბავი – ნიუ იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს ლებრონ ჯეიმსის უდიდესი მეგობარი, მომღერალი ჯეი-ზი, რომლის პოზიციასა და რჩევასაც უდიდეს ყურადღებას უთმობს კალათბურთის ამჟამინდელი “ნომერ პირველი”. სხვათა შორის, ჯეი-ზის პოპულარობა კარგა ხანია გასცდა სამეგობროსა და ვიწრო წრეს და დეკემბრის დასაწყისში, მოაწყეს შოუ მისი და ფრენკ სინატრას პარტნიორობით. გასაგებია, რომ ჯეი-ზის პარტნიორობას ფრენკ სინატრას კლიპები “უწევდნენ”, მაგრამ ამ შემთხვევაში, მთავარი იყო სლოგანი, რომელიც წინ წაუმძღვარეს შოუს: “ორი ეპოქა, ფრენკ სინატრა და ჯეი-ზი”... ასეთი პატივი და სიმაღლე, ცოცხალ მომღერალთაგან ამერიკაში კარგა ხანია, არავის ღირსებია და რაც შეეხება სანახაობას, მართლა ნიჭიერი და დიდებული გამოდგა...
მეჯიქ ჯონსონი არსებულ სიტუაციას აანალიზებს ფინანსური თვალსაზრისითაც – “ისევე, როგორც ალექს როდრიგესისა და “იანკისის” შემთხვევაში, ლებრონმაც უნდა გაითვალიწინოს, თუ რა არის მისთვის პრიორიტეტული – გამარჯვება თუ ფული.” მისი თქმით, თუკი ჯეიმსის უპირველესი მოტივაცია ფულია, ან ის, რომ კალათბურთელთაგან პირველმა მიიღოს მილიარდი დოლარი, მაშინ კონტრაქტის ხელმოწერისას ამაზე უნდა იფიქროს და მომავალ გუნდს სამი-ოთხი კი არა, კარიერის ბოლომდე დაუკავშირდეს. თუკი არჩევანი არ არის იოლი გასაკეთებელი, მაგრამ მისი აზრით, არის სილამაზე იმაში, რომ 80 წლის ასაკშიც კი თითით საჩვენებელი ნიუ იორკელი იქნება და ყველას ემახსოვრება, თუ როგორ გამარჯვებები მოუტანა მან მათ მშობლიურ ქალაქს.
ზემოთ დასახელებულ კალათბურთელთაგან, შესაძლო პერსპექტივას გამოეხმაურა ამარე სტაუდმაიერი და არაორაზროვნად თქვა, რომ ხელს არაფერი შეუშლის, თუკი მაიკ დანტონისთან იმუშავებს – ეს მწვრთნელი ჯერ კიდევ “ფინიკსში” მთავკაცობდაო და არც შეეხება კრის ბოშსა და იაო მინს, მათგან ჯერ არაფერი ისმის – ამბავი ჯერაც ცხელია.
სხვამხრივ, როგორც იტყვიან, აღდგომა და ხვალეო – ადრე ჯერაც არარასებულ ბრუკლინურ კლუბში ჯეიმსის გადასვლაზე ახმიანებდნენ ამბავს (ეს მას შემდეგ, რაც “ნიუ ჯერსი ნეთსი” ადგილს მოიცვლიდა და ახლა “ნიქსის” ჯერი დადგა. ისეთი პირი უჩანს, ლებრონის ყველა გზა ნიუ იორკში მიდის...
კონსტანტინე გოგიშვილი
სპეციალურად „მსოფლიო სპორტისთვის“ ნიუ იორკიდან







