ინგლისურ პრემიერლიგაში სულ სამი ტური ჩატარდა და ჯერჯერობით ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური გუნდი უელსური “სუონსია,” რომელსაც წლეულს დაარსებიდან 100 წელიწადი შეუსრულდა. მიქაელ ლაუდრუპის გაწვრთნილმა ბიჭებმა პირველ ტურებში ორი თამაში მოიგეს, ერთი ფრედ ითამაშეს, 10 ბურთი გაიტანეს და ცხრილში მეორე ადგილზე არიან.
პრემიერლიგა დანიაში ყოველთვის პოპულარული იყო, მაგრამ მაისში გუნდის მწვრთნელად მათი თანამემამულე ლაუდრუპის მისვლამ, ეს ინტერესი ერთიორად გაზარდა. მაგალითად, იქაური ტელეკომენტატორი პეტერ ნორელუნდი გულშემატკივრებს შეჰპირდა, რომ უელსური გუნდის თამაშებს ყოველ უქმეებზე უჩვენებს.
ლაუდრუპს დაფასება არასოდეს აკლდა. მაგალითად, ჟურნალისტი გრემ ჰანტერი ერთ ძველ ამბავს ყვება, როცა მადრიდის “რეალში” თამაშისას, ლაუდრუპს რესტორანში შემთხვევით ესპანეთის მეფე შეხვდა.
- გავიგე “რეალს” ტოვებთ? – ჰკითხა ხუან კარლოსმა.
- სამწუხაროდ, ასეა, – უპასუხა ლაუდრუპმა.
- ნუ წუხხართ, - მიუგო კარლოსმა, - ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესპანეთში მხოლოდ ერთი მეფე დარჩება.
დღესაც, 48 წლის ასაკში, ლაუდრუპი დანიელთათვის კვლავ საკულტო ფიგურად რჩება. “მიქაელის სამწვრთნელო სკამზე ჯდომა დანიელებისთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ნებისმიერი თანამემამულე ფეხბურთელის პრემიერლიგაში თამაში. ის ყველას უყვარდა, როცა “რეალში” და “ბარსელონაში” თამაშობდა, მაგრამ საოცარია, რომ დღეს უფრო დიდ პატივს სცემენ, – ამბობს ნორელუნდი, - ყოველ შაბათს დანიელები მოუთმენლად ელიან “სუონსის” მატჩებს. ლაუდრუპის გამარჯვება მათ წარმატებასაც ნიშნავს. მიქაელი თავისი ქვეყნის ნამდვილი დესპანია, რადგან თავმდაბალი და ჯენტლმენი ადამიანია. ის ყველას უყვარს”.
“ყოველ შაბათს, ჩვენი მაუწყებლობის გრაფიკით, პრემიერლიგის ერთი თამაში უნდა ავირჩიოთ, - აგრძელებს ნორელუნდი, - და ჩვენს მაყურებლებს ვუთხარით, რომ ეს ყოველთვის “სუონსის” მატჩები იქნება, მიუხედავად იმისა, ვისთან თამაშობს “მანჩესტერი”, “ლივერპული”, “არსენალი” ან “ჩელსი”. და ხალხი კმაყოფილია. ამას “ლაუდრუპის ეფექტი!” დავარქვით. “სუონსის” პოპულარობა იმაშიც გამოიხატება, რომ საქომაგოდ ხალხი ბრიტანეთისკენ დაიძრა და ტურისტული სააგენტოები მათ უკვე სუონსიმდე იაფ ავიაბილეთებს სთავაზობენ. ეს ქალაქი უელსის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და ქვეყანაში სიდიდით მეორეა (დაახლოებით 250 ათასი მცხოვრები) კარდიფის შემდეგ.
ეს ერთგვარი სიგიჟე პრესაშიც აისახება. გაზეთები რამდენიმე გვერდს უთმობენ “სუონსის” მატჩების მიმოხილვას. ერთ-ერთმა ტელეარხმა კი, რომლიც ჩვეულებრივ მხოლოდ დანიური სუპერლიგის მატჩებს აჩვენებს ხოლმე, გასულ შაბათს ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა “სუონსის”. სპეციალისტები ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რა შეცვალა ლაუდრუპმა გუნდში “ლივერპულში” გადაბარგებული ბრენდან როჯერსის შემდეგ.
მოამზადა სოლომონ გულისაშვილმა







