ინტერვიუები

10:40 | 21.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა სალუქვაძე: "კუპერს ჩემთვის გოლების გატანა არ დაუვალებია"

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე დიდი სენსაციის ავტორი აღმოჩნდა ყაზანის “რუბინი”, რომელმაც “ბარსელონა” სტუმრად 2:1 დაამარცხა, ხოლო საკუთარ მოედანზე ფრედ - 0:0 ითამაშა. ამ შეხვედრებში შეუცვლელად ითამაშა ქართველმა ფეხბურთელმა, ლაშა სალუქვაძემ, რომელიც გულშემატკივრებისა და სპეციალისტების აზრით, რუსულ კლუბში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გარდა ამისა, გასულ სეზონში, მან, დათო კვირკველიასთან და ნუკრი რევიშვილთან ერთად, “რუბინის” შემადგენლობაში პრემიერლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო და რუსეთში ამ სამეულის მსგავსი შედეგი ქართველებიდან არავის ჰქონია. გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოში შვებულებაში ჩამოსულ სალუქვაძესთან.
- თვლით, რომ განვლილი სეზონი თქვენს კარიერაში საუკეთესო იყო?
- ჩემთვის ნამდვილად საუკეთესო იყო, რადგან რუსეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გავხდი და ჩემპიონთა ლიგაში კარიერაში პირველად ვითამაშე. მითუმეტეს, “ბარსელონასთან” ორივე მატჩი სრულად ჩავატარე და 4 ქულა ავიღეთ. ვთვლი, რომ “რუბინისთვისაც” გამორჩეული სეზონი აღმოჩნდა.
- რუსეთის პრემიერლიგის ზედიზედ ორჯერ მოგება, ალბათ, საკმაოდ ძნელია?
- ძალიან ძნელია, რადგან კონკურენტები ძლიერი გუნდები გვყავდა - “სპარტაკი”, ცსკა, “ზენიტი”. იგივე, “ზენიტი” რომ გახდა ჩემპიონი, პრემიერლიგაში გამარჯვება მეორე წელსაც სურდა, მაგრამ ვერ მოახერხა. რუსეთში არ ელოდნენ, რომ ჩემპიონატის მეორედ მოგებას მოვახერხებდით და ზოგიერთ მატჩში მსაჯების მხრიდანაც იყო ზეწოლა, მაგრამ სხვებზე ორი თავით ძლიერები ვიყავით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
- “რუბინმა” წარმატების მიღწევა რის ხარჯზე მოახერხა?
- პირველყოვლისა ისაა აღსანიშნავი, რომ თითქმის 10 წელიწადია გუნდს ყურბან ბერდიევი ხელმძღვანელობს და “რუბინში” ისე არ მომხდარა, როგორც საქართველოშია ხოლმე - თუ მწვრთნელს შედეგი არ აქვს, ერთ წელიწადში ათავისუფლებენ. განვლილ პერიოდში, გუნდის სამწვრთნელო შტაბმა და კლუბის მეპატრონეებმა კარგი ფეხბურთელები შეკრიბეს, ბერდიევმაც დიდი სამუშაო გასწია, ყოველივემ კი, თავისი შედეგი გამოიღო. საერთოდ, ჩემპიონობის შენარჩუნება უფრო ძნელია. “რუბინმა” წარმატებას გუნდური თამაშისა და ინდივიდუალისტების შერწყმის, ასევე, დისციპლინის ხარჯზე მიაღწია.
- კულუარებში ხშირად საუბრობენ, რომ “რუბინის” მიერ ნაჩვენების შედეგის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მსაჯებზე “კარგად მუშაობაა”?
- ფულით “რუბინი” ვერც ცსკა-ს აჯობებს, ვერც “ზენიტს” და ვერც “სპარტაკს”. როდესაც “ტომს”, “ტერეკს” ან მათი დონის გუნდებს ვეთამაშებოდით, კონკურენტები მათ, მოგების ან ქულის აღების სანაცვლოდ, დიდ პრემიებს ჰპირდებოდნენ. თუმცა, თავის მხრივ, სხვა გუნდების წახალისებას “რუბინიც” ახდენდა. ასეთი პრაქტიკა მთელ მსოფლიოშია მიღებული და დანაშაულად არ ითვლება.
- ყურბან ბერდიევის პროფესიონალურ და პიროვნულ თვისებებზე რა აზრის ხართ?
- მე-6 წელია ბერდიევთან ვმუშაობ და პროფესიონალ ფეხბურთელად მის ხელში ჩამოვყალიბდი. ის ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს დისციპლინას, როგორც მოედანზე, აგრეთვე, მის ფარგლებს გარეთ. ფეხბურთის თავისებური ხედვა აქვს და ზოგჯერ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს. ძალიან მორწმუნე ადამიანია. მისი მიწვევა რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად უნდათ და სხვადასხვა მაღალი დონის კლუბებიც ეპატიჟებიან, მაგრამ წასვლას არსად აპირებს.
- ჯგუფში “ბარსელონასთან” 4 ქულის აღების შემდეგ, ალბათ, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაგრჩათ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გასვლა ვერ მოახერხეთ? თუმცა, მილანის “ინტერის” ჯგუფში დატოვება იოლი ნამდვილად არ იქნებოდა...
- “ბარსელონასთან” მატჩების შემდეგ, საკუთარ მოედანზე ერთი გამარჯვება გვჭირდებოდა და ალბათ, ჯგუფიდან გავიდოდით. ყაზანში “ინტერთან” გამარჯვება ნამდვილად შეგვეძლო. მატჩის ბოლოს ბურთი ძელსაც კი მოვახვედრეთ. იტალიელები თამაშის ფრედ დასრულებით კმაყოფილი იყვნენ. მომენტები სტუმრად ჩატარებულ თამაშშიც გვქონდა, მაგრამ მილანში “ინტერთან” გამარჯვება ძალიან ძნელია.
- მილანში ჩატარებულ მატჩში იტალიურმა გამოცემა Gazzetta delo sport-მა “რუბინის” შემადგენლობაში ყველაზე დაბალი შეფასება დაგიწერათ და ხაზი გაუსვა, რომ პირველი გოლის გაშვება თქვენი ბრალი იყო...
- გაზეთის შეფასება ნამდვილად არ მინახავს. იმ ეპიზოდში შეტევა შევაჩერე და ძანეტიმ რომ პასი გააკეთა, საჯარიმოში ჩვენი რამდენიმე ფეხბურთელი იმყოფებოდა. გუნდის კაპიტანსაც არ ეგონა, რომ მის უკან ვინმე იდგა, თორემ ბურთს არ გაატარებდა. ასე რომ, გოლი ჩემი შეცდომის ბრალი არ ყოფილა.
- განვლილ სეზონში, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი “ბარსელონას” და ლიონელ მესის წინააღმდეგ თამაში იყო?
- “ბარსელონა” რა დონის გუნდია და მესი როგორი ფეხბურთელია, ამაზე მე რომ არ ვისაუბრო, ისედაც ყველასთვის ცნობილია. ორი მატჩის ჯამში დავამტკიცეთ, რომ სტუმრად “ბარსელონასთან” შემთხვევით არ მოგვიგია. რაც შეეხება მესის, გუნდის თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყავით, თორემ, ყურადღების ოდნავ მოდუნების შემთხვევაში, არგენტინელს ჩვენთვის ბევრი პრობლემის შექმნა შეეძლო. “ბარსელონასთან” შეხვედრამდე, მეტოქის მიერ ჩატარებული არაერთი მატჩის ვიდეოჩანაწერი ვნახეთ და ფეხბურთელები საუკეთესოდ მოემზადნენ.
- ყაზანში ჩატარებული თამაშის შემდეგ, მესის დოპინგ-კონტროლზეც შეხვედრიხართ...
- დოპინგ-კონტროლზე “რუბინიდან” მე და ესპანელი მცველი ნავასი ვიყავით, ხოლო “ბარსელონადან” - მესი და ტურე. სხვათა შორის, დიდ ხანს მოგვიწია ლოდინი და ჩვენი წამოსვლის შემდეგ, ბარსელონელები კიდევ იქ იყვნენ – მგონი, 10 ლიტრი წყალი დალიეს და შარდის ანალიზი მაინც ვერ ჩააბარეს.
- რით ახსნით, რომ ჩემპიონთა ლიგაში გაცილებით სტაბილურად გიწევდათ “რუბინის” ძირითად შემადგენლობაში თამაში, ვიდრე რუსეთის ჩემპიონატში?
- ამის მიზეზი, რუსეთში ლეგიონერებზე არსებული ლიმიტია. მაგალითად, “ბარსელონასთან” მოგებული მატჩის შემდეგ, ლიმიტის გამო, პრემიერლიგაში ვერ ვითამაშე. სხვათა შორის, რუსეთის მოქალაქობის მიღებას მთავაზობდნენ და მითხრეს, რომ ამ შემთხვევაში, “რუბინში” სტაბილურად ვითამაშებდი, მაგრამ უარი განვაცხადე.
- ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არგამოძახებას რას მიაწერთ?
- ნაკრებში ბოლოს, თბილისში, ჩერნოგორიასთან ფრედ (0:0) დამთავრებულ მატჩში ვითამაშე და ექტორ კუპერმა რაც დამავალა, შევასრულე. მას ნამდვილად არ უთქვამს, რომ გოლი გაიტანეო და როდესაც გუნდი ბურთს არ უშვებს ე.ი. დაცვა კარგად თამაშობს. შეხვედრის შემდეგაც ჩემით კმაყოფილი იყო, მაგრამ შეკრებაზე აღარ გამოვუძახებივარ. რა იყო ამის მიზეზი, ვერ გეტყვით. ყველა მწვრთნელს საკუთარი შეხედულება აქვს.
- ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან ხომ არ გქონიათ კონტაქტი?
- ქეცბაიას არ შევხვედრივარ და არც ტელეფონით მისაუბრია.
- დათო კვირკველია, რომელსაც განვლილ სეზონში “რუბინში” თამაში ფაქტობრივად არ უწევდა, გუნდის შეცვლას ხომ არ აპირებს?
- კვირკველიას “რუბინთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წელიწადი აკავშირებს და მისი გაშვება არ უნდათ, რადგან გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია.

ლაშა თაბაგარი


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090756