უნგრული “დიორ ეტო” შარშან ამ დროს მოულოდნელად გახდა ქართველებისთვის საინტერესო კლუბი. მანამდე, ამ გუნდზე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ რამდენიმე თვით ადრე, “ზესტაფონი” უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოთიშა; ერთი წლის წინათ კი, “დიორ ეტომ” რატი ალექსიძე და დავით ოდიკაძე გადაიბირა, რაც ლაშა ოდილაძის დამსახურება იყო – ეს კაცი “დიორ ეტოს” პრეზიდენტის მრჩეველია და შესაბამისად, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში გავლენიანი ფიგურაა.
დღეს “დიორ ეტოში” უკვე 5 ქართველი ფეხბურთელია: ალექსიძე, ნახევარმცველები – 21 წლის გიორგი განუგრავა და 18 წლის დავით ლორთქიფანიძე, თავდამსხმელი - 18 წლის თემურ შარაშენიძე და მეკარე – 20 წლის გიორგი ბახტაძე. “მსოფლიო სპორტი” ოდილაძეს ქართველი მოთამაშეებზე ესაუბრა და ბუნებრივია, სხვა საინტერესო თემებსაც შეეხო:
- უპირველესად, საინტერესოა, რამდენად კმაყოფილები ხართ კლუბში, ქართველი ფეხბურთელებით?
- ალექსიძე ძირითად გუნდშია და თავადაც იცით, გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. შარაშენიძე, ბახტაძე და ლორთქიფანიძე, უმეტესად, კვლავ მე-2 ლიგაში ითამაშებენ. მათში პერსპექტივას ვხედავთ და იმედია, დაამტკიცებენ კიდეც თავიანთ ძალას. განუგრავას კი არ გაუმართლა - ჩვენთან ჩამოსვლა და მძიმე ტრავმა ერთი იყო. “დიორ ეტოს” 4 იანვარს უმთავრდება შვებულება და გიორგი, დაახლოებით, ათ დღეში შეუერთდება გუნდს.
- ისე, ბევრი კლუბი ხელს ჩაიქნევდა ფეხბურთელზე, რომელიც გუნდში მოსვლისთანავე მძიმე ტრავმას იღებს. ალბათ, განუგრავაში დიდ პერსპექტივას ხედავთ...
- პერსპექტივაც რომ არა, ადამიანური მომენტია. გასაგებია, თქვენ რასაც ამბობთ, მაგრამ აქ ქართველ ფეხბურთელს უდიერად ვერ მოექცევიან. ჩვენ ყველანაირ პირობას შევუქმნით, მერე კი ფეხბურთელმა კარგი თამაშით უნდა გადაგვიხადოს მადლობა.
- შარაშენიძემ ძირითად გუნდში ითამაშა და უნგრეთის თასზე გოლიც გაიტანა. რას იტყვით ამ ფეხბურთელზე, ამავე სეზონში შეუძლია “დიორ ეტოს” მთავარ გუნდში დამკვიდრება?
- სანამ დავახასიათებდე, მანამდე გეტყვით, რომ ძალიან მიკვირს, რატომ არ იძახებდნენ 19 და 21-წლამდელთა ნაკრებში, ან თუნდაც 17-წლამდელებში. შარაშენიძემ უნგრეთის მე-2 ლიგაში თამაშისას, ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო არა მარტო ჩვენს გუნდში, არამედ, მთლიანად ლიგაში. საქართველოს 4-5 ძლიერ კლუბს თუ არ ჩავთვლით, უნგრეთის მე-2 ლიგის არც ერთი გუნდი ჩამოუვარდება ქარ¬თულ უმაღლესლიგელს. სამწუხაროა, მაგრამ თემურს საქართველოდან არ ეხმიანებოდნენ. მხოლოდ ახლა, ბოლო პერიოდში დაინტერესდნენ.
- სამაგიეროდ, მეკარე ბახტაძე იყო გამოძახებული ახალგაზრდულ ნაკრებში. მასზე რას იტყვით?
- “დიორ ეტოს” კარში დგას 35 წლის საშა სტევანოვიჩი, რომელიც იუგოსლავიის ნაკრების მეკარე გახლდათ. თავის დროზე, მას გრანდები იწვევდნენ და იუგოსლავიურმა კლუბმა არ გაუშვა, ბოლოს კი ჩვენთან ჩამოვიდა. უნგრეთის არც ერთ კლუბს არ ჰყავს მისთანა გოლკიპერი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბახტაძე სტევანოვიჩისგან ბევრს სწავლობს. მერე კი ვნახოთ, ყველაფერი გიორგიზეა დამოკიდებული.
- უახლოეს პერიოდში კიდევ რომელიმე ქართველ ფეხბურთელს ხომ არ ელით “დიორ ეტოში”?
- არ გამოვრიცხავ. თუმცა ერთიცაა: უკვე ბევრი ქართველია გუნდში და ნამეტანი გადავსებაც არაა კარგი.
- დავით ოდიკაძემ, რომელიც თქვენთან თამაშობდა, ერთ-ერთ ქართულ გაზეთთან ინტერვიუში თქვა, აზერბაიჯანის ჩემპიონატი უნგრეთისას სჯობიაო...
- ოდიკაძესთან კარგი ურთიერთობა მქონდა და მაქვს. აქვე ვიტყვი: მე თავად მიმქონდა მასთან ხელფასი, ასე რომ, ძალიან გამიკვირდა, როცა მან განაცხადა, “დიორ ეტო” კონტრაქტში არსებულ ფინანსურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდაო. აზერბაიჯანის ჩემპიონატი უნგრეთისას ვერანაირად ვერ სჯობს. მასე ადამიანმა შეიძლება თქვას, ავღანეთის ჩემპიონატი ინგლისის პრემიერლიგაზე უკეთესიაო, მაგრამ...
- “დიორ ეტოს” რა მიზნები აქვს ამ სეზონში?
- მე-4 ადგილზე ვართ და სამეულში შესვლა რეალურად მიმაჩნია. ევროპის ლიგაზე უნდა მოვხვდეთ.
- ლიდერთან სულ შვიდ ქულას აგებთ და ჩემპიონობა არარეალურად მიგაჩნიათ?
- არც ჩემპიონობაზე გადაგვიწურავს იმედი, მაგრამ აუცილებელი მოთხოვნაა და მაინცდამაინც პირველ¬ზე უნდა გავიდეთო - ასეც არაა. ბოლო პერიოდში “დიორ ეტო” ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა აქცენტირებული - 16-ათასიან სტადიონს ვაშენებთ თავისი მშვენიერი სასტუმროთი და მოლით (კინოკლუბი, გასართობი ცენტრი და ა.შ). 2010 წელს ეს ყველაფერი დასრულდება. ყველაფერს ერთად ვერ გააკეთებ: როდესაც ინფრასტრუქტურას ასე ანვითარებ, ტრანსფერებისთვის მილიონებს ვერ გაიღებ და გუნდს მნიშვნელოვნად ვერ გააძ¬ლიერებ. აი, დასრულდება ეს ყველა¬ფერი და ეტაპ-ეტაპ შედეგებიც გაუმჯობესდება.
- უნგრეთის ნაკრებზეც გკითხავთ: 1986 წლის შემდეგ, უნგრეთი დიდ სანაკრებო ფორუმზე არ ყოფილა და იქიდან მოყოლებული, საუკეთესო შესარჩევი ციკლი ახლა ჩაატარა - დანიას, პორტუგალიასა და შვედეთს ოდნავ ჩამორჩა. პროგრესი რის ხარჯზე მოხდა?
- 90-იანი წლების დასაწყისში არც უნგრეთს ულხინდა ეკონომიკურად, შესაბამისად, ფეხბურთში ფინანსები არ იყო და ამან ძალიან იმოქმედა ნაკრებზე. ახლა კი შედარებაც არაა, გამოსწორებულია სიტუაცია, თან ახალი თაობაც მშვენიერი ჰყავთ - აგერ, 20- წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-3 ადგილზე გავიდნენ. იშვიათია ევროპული გრანდი, პირველ ან მეორე გუნდში ახალგაზრდა უნგრელი ფეხბურთელი რომ არ ჰყავდეს. ჩემი აზრით, უფრო კარგ ციკლს ევრო-2012-ის შესარჩევში ჩაატარებენ.
ილია ნანობაშვილი







