“შსს აკადემიას” 28 წლის ამერიკელმა კალათბურთელმა ლარი ბლერმა მიმდინარე სუპერლიგის მეორე წრის მე-8 ტურში “სოხუმის” წინააღმდეგ თამაშისას 21 ქულა მოაგროვა და კვლავ ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ლარი, რომელიც საშუალოდ 27.4 ქულას, 5.3 მოხსნასა და 6.5 პასს აგროვებს, არამარტო ტურის, არამედ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეცაა. “შსს აკადემიას” უკანახაზელი წარმატებულ კალათბურთელთან ერთად, საინტერესო მოსაუბრე და სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა.
- კვლავ ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდით...
- ეს ფაქტი ძალიან მახარებს, თუმცა კალათბურთი გუნდური თამაშია, ამიტომ ჩემი პირადი მიღწევები თანაგუნდელების მიღწევაცაა. გარდა ამისა, პირველყოვლისა გუნდზე ვფიქრობ და იმითაც ბედნიერი ვარ, რომ თამაში შემიძლია.
- რას გვეტყვით თანაგუნდელებისა და მწვრთნელის შესახებ?
- ძალიან კარგი თანაგუნდელები მყავს. ერთი გუნდი ვართ და ერთმანეთს კანის ფერის, რელიგიის ან სხვა ნიშნის მიხედვით არ ვასხვავებთ. ვარჯიშებზე მწვრთნელს გულმოდგინედ ვუსმენთ და ვცდილობთ, საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ.
- როგორ შეაფასებდით ქართველი კალათბურთელების დონეს?
- ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული კალათბურთელი გყავთ. სამწუხაროდ, მათი სახელები არ ვიცი, ამიტომ კონკრეტულ პიროვნებებს ვერ დაგისახელებთ, თუმცა ჩემი თანაგუნდელებიდან კაპიტანს - გიორგი ნიკოლაძეს გამოვყოფდი.
- როგორ ფიქრობთ, “არმიას” გარდა, რომელი კლუბია ყველაზე ძლიერი ჩემპიონატში?
- სუპერლიგაში ბევრი ძლიერი კლუბი ასპარეზობს, მათ შორის - “ქუთაისი” და “ოლიმპი”. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ “არმიას” შემდგომ ყველაზე ძლიერები ჩვენ ვიქნებით, რადგან მართლაც კარგი გუნდი ვართ და მჯერა, რომ ბევრს მივაღწევთ.
- კლუბის შინაგანაწესის დარღვევისთვის (შეუძლოდ ყოფნის გამო ბლერმა ვარჯიში გააცდინა, ხელმძღვანელობა კი არ გაუფრთხილებია) კლუბის ხელმძღვანელობამ ჯარიმა გადაგახდევინათ. ეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას?
- სხვა მოთამაშეებისგან არაფრით განვსხვავდები, ამიტომ წესებიც ისევე მეხება, როგორც სხვებს. მიმაჩნია, რომ ხელმძღვანელობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ხსენებული ინციდენტი დავიწყებას მიეცა და ყველაფერი წესრიგშია.
- რატომ აირჩიეთ კალათბურთი?
- იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს. გარდა ამისა, მთელი ჩემი ოჯახი - მამაჩემიდან და ბიძებიდან დაწყებული, დებით და ნათესავებით დამთავრებული - კალათბურთს თამაშობს. თანაც ძალიან აქტიური ადამიანი ვარ, ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვჩერდები, ხსენებული სპორტის სახეობა კი, ენერგიის დახარჯვის საუკეთესო საშუალებაა.
- რომელ გუნდსა თუ ქვეყანაში ისურვებდით თამაშს?
- ევროპის რომელიმე წამყვან კლუბში თამაში ურიგო არ იქნებოდა, თუმცა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება მსურს და იქ ვითამაშებ, სადაც თამაშის საშუალება მექნება. საერთოდ, რაიმეს კეთებისას ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, მით უმეტეს, როცა საქმე კალათბურთს ეხება. ამიტომ სადაც არ უნდა დავასრულო ჩემი კარიერა, მაინც კმაყოფილი ვიქნები.
- უცხოეთში თუ გიასპარეზიათ და სად მოგეწონათ ყველაზე მეტად?
- უნგრეთში, ფინეთსა და საფრანგეთში ვთამაშობდი. უნგრეთში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი იმიტომ, რომ ბუდაპეშტთან ახლოს ვცხოვრობდი, სადაც ბევრი ამერიკული რესტორანი და კარგი კლუბია. გარდა ამისა, ბუდაპეშტის კლუბებში ბევრი ამერიკელი იყრიდა თავს და აქტიური ღამის ცხოვრება მქონდა. საფრანგეთშიც ძალიან სასიამოვნოდ ვატარებდი დროს, რადგან სამხრეთით ვცხოვრობდი და უმეტესად კარგი ამინდი იყო. არასოდეს თოვდა, სანაპირო კი, 10 წუთის სავალზე მდებარეობდა. ზღვის პროდუქტების დაგემოვნებაც ძალიან მსიამოვნებდა. ფინეთში ძალიან ციოდა და ხშირად თოვდა, თუმცა იქაც მომეწონა. საერთოდ, ვცდილობ, ყველაფერს პოზიტიურად შევხედო. გარდა ამისა საწუწუნო არაფერი მაქვს - საყვარელ საქმეს ვაკეთებ, კარგი ოჯახი და მეგობრები მყავს და მიმაჩნია, რომ იღბლიანი ვარ.
- რას იტყვით საქართველოს შესახებ?
- თქვენი ქვეყანა ჩემი სამშობლოსგან საკმაოდ განსხვავდება, თუმცა ადაპტაცია არ გამჭირვებია. მით უმეტეს, რომ თანაგუნდელებმა და ხალხმა ძალიან კარგად მიმიღეს. ვფიქრობ, სადაც არ უნდა წახვიდე, იმ ქვეყნის კულტურა უნდა დააფასო, სხვანაირად გაგიჭირდება. გარდა ამისა, მოგზაურობაც მიყვარს, რადგან დიდ გამოცდილებასაც ვიძენ.
- რაიმე ღირსშესანიშნავი ადგილი თუ მოინახულეთ?
- თითქმის ყოველდღე ვარჯიშებზე სიარულისას, პრეზიდენტის მშვენიერ სასახლეს ვუმზერ. სამშობლოში გამგზავრებამდე ზოოპარკისა და ცირკის მონახულება მინდა. ერთხელ კინოშიც ვიყავი – “შერლოკ ჰოლმსზე”. სამწუხაროდ რუსულ ენაზე იყო ნათარგმნი და ვერაფერი გავიგე, თუმცა, კარგი ფილმი იყო და მხოლოდ ყურებითაც ვისიამოვნე. აზრის გამოტანა კი ხმის გარეშეც შემიძლია.
- რომელი სპორტი გიზიდავთ კალათბურთის გარდა?
- ზოგადად სპორტი მიყვარს, თუმცა ფეხბურთს, რაგბის და ამერიკულ ფეხბურთს გამოვარჩევდი. მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი სარაგბო ნაკრები ძალიან მომწონს, კარგი ბიჭებითაა დაკომპლექტებული. ცოტა ხნის წინ გამართულ საქართველო-რუსეთის დაპირისპირებასაც ვადევნებდი თვალ-ყურს, რომელშიც დიდი ანგარიშით იმარჯვეთ. სხვათა შორის, მატჩის შემდეგ აეროპორტში რუსი მორაგბეები ვნახე, რომლებიც ძლიერ გულდაწყვეტილები ჩანდნენ.
- კალათბურთელი რომ არ გამხდარიყავით, თქვენს მიერ ნახსენები სპორტის სახეობებიდან რომელს გაყვებოდით?
- როგორც უკვე გითხარით, ფეხბურთი ძალიან მიყვარს. სკოლაში იამაიკელი მეგობარი მყავდა, რომელსაც ბურთის გორება საკმაოდ კარგად გამოსდიოდა და მეც მიყოლიებდა ხოლმე. თუმცა ვფიქრობ, რომ ფეხბურთის თამაში არ გამომივიდოდა. უფრო ბეისბოლს ან ამერიკულ ფეხბურთს გავყვებოდი, რადგან ბურთის სროლა და სირბილი შემიძლია.
- საყვარელი მოთამაშეები თუ გყავთ?
- დიახ, ჩემი საყვარელი კალათბურთელი კობი ბრაიანტია, რადგან ძალიან შრომისმოყვარე და მონდომებული ადამიანია. ამერიკულ ფეხბურთში პეიტონ მენის დავასახელებდი - იმიტომ, რომ თამაშის წაკითხვა შეუძლია და ცდილობს, საუკეთესო იყოს. პატივს ვცემ იმ სპორტსმენებს, რომლებიც საკუთარ საქმეს სერიოზულად უდგებიან და თავადაც ვცდილობ, საუკეთესო ვიყო.
- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?
- ოჯახის წევრებს ვესაუბრები ხოლმე skype-ს ან facebook-ის მეშვეობით. თავისუფალ დროს ფილმების ყურება და კერძების დაგემოვნებაც ძალიან მიყვარს.
- რომელი კერძი მოგწონთ ყველაზე მეტად?
- პიცა, სტეიკი, სალათი “ცეზარი”, შემწვარი ქათამი. ასევე ხილი, ბოსტნეული და სასარგებლო საკვები. ქართული კერძებიდან ლობიოს გამოვყოფდი.
- ფილმები ახსენეთ და საყვარელ მსახიობს ხომ ვერ დაგვისახელებდით?
- მსახიობებიდან – სემიუელ ელ ჯექსონი და დენზელ ვაშინგტონი მომწონს, რადგან ყველანაირ ჟანრში ერთნაირად კარგად თამაშობენ. ისე, ყველაზე მეტად კომედიური ჟანრის ფილმები მიყვარს. მომღერლებიდან - უიტნი ჰიუსტონსა და მერი ჯეი ბლაიჯს დავასახელებდი. სიმღერებიდან კი – Think Like a Man-ს (იფიქრე კაცივით) ჯენიფერ ჰადსონისა და ნეიოს შესრულებით. მიმაჩნია, რომ ხალხს უხეში ადამიანი ვგონივარ და ალბათ ჩემი გემოვნება გააოცებთ.
- როგორი ხართ სინამდვილეში?
- საკმაოდ მშვიდი, გაწონასწორებული და ვცდილობ, ცხოვრებით დავტკბე.
- მეგობრებთან ერთად ხშირად ერთობით?
- ხშირად არა, რადგან ყოველდღე ვვარჯიშობთ. ხანდახან დღეში ორჯერაც, ამიტომ შაბათობით ვერთობით. რამდენიმე კალათბურთელი ვიკრიბებით და სასიამოვნოდ ვატარებთ ერთად დროს. კვირაობით კი, ვისვენებ და ორშაბათისთვის ვემზადები.
- რომელ კალათბურთელთან ხართ ყველაზე ახლოს?
- ტრეისი სმიტთან, რადგან ერთ ოთახში ვცხოვრობთ.
- ამჟამად რომელიმე წიგნს ხომ არ კითხულობთ?
- წიგნს არა, თუმცა Yahoo-ში ბევრ საინტერესო სტატიას ვეცნობი და ვიგებ თუ რა ხდება მსოფლიოში. როგორც წესი, ეს მეორე ვარჯიშის შემდეგ ხდება, რადგან დილის ვარჯიშის მერე ვსადილობ და ვიძინებ. ისე, ბევრი თავისუფალი დრო მაქვს და კითხვა ურიგო არ იქნებოდა.
- რისი წაკითხვა გსურთ?
- “ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ლეგენდარული კალათბურთელის, ჯერი უესტის ბიოგრაფიული წიგნის.
რუსუდან ჭუმბურიძე







