ფეხბურთი

21:30 | 25.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

"კოლხეთი" "დინამოსთან" განადგურდა

 დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი 1/8-ფინალური შეხვედრა ხობის "კოლხეთმა" თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ ფოთში "ფაზისის" სტადიონზე ჩაატარა და საკუთარ კარში 9 (!) უპასუხო ბურთი მიიღო.

"კოლხეთი" პირველი ლიგის ბინადარია და არც იყო იმის ილუზია, რომ ხობელები "დინამოს" ბარიერს გადალახავდნენ, თუმცა თასის გათამაშებიდან "კოლხეთის" მიერ "ზუგდიდის" გამოთიშვის შემდეგ ხობელ გულშემატკივარს გაუჩნდა იმედი, რომ "დინამოსთანაც" გაიბრძოლებდნენ ხობელი ფეხბურთელები. მართალია "კოლხეთს" ცდა არ დაუკლია, მაგრამ როცა თავს ზემოთ ძალა არაა, ძნელია წარმატებაზე ფიქრიც კი...

"ფაზისის" ცენტრალურ სტადიონზე არც თუ ისე მცირე რაოდენობის ხობელმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი და ისინი საწყის წუთებში აქტიურად ქომაგობდნენ საკუთარ გუნდს, მაგრამ "დინამომ" პირველ ტაიმშივე დაუკარგა განწყობა როგორც ადგილობრივ ქომაგებს ასევე ხობელ ფეხბურთელებს.

თამაში როგორც მოსალოდნელი იყო "დინამოელთა" უპირატესობით დაიწყო და მე-6 წუთზე ირაკლი ძარიას ჰქონდა ანგარიში გახსნის კარგი შანსი, თუმცა მასპინძელთა მეკარე ჭურღულიამ ითამაშა საიმედოდ.

სწრაფი გოლი მაინც გაიტანა "დინამომ". მატჩის მე-10 წუთზე ხობელთა საჯარიმოში მცველებმა ბურთის გამოტანა ვერ შესძლეს, მიქაბერიძემ კი ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა - 0:1.

მე-15 წუთზე ისევ დინამომ შეუტია სახიფათოდ, ჩისკოს გამოზომილ გადაცემას კვარაცხელიამ შეუშვირა თავი, მასპინძელთა მეკარე უძლური იყო - 0:2

შეიძლება ითქვას, "კოლხეთს" მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ღირებული არაფერი შეუქმნია, მეტოქის კარის მიმართულებით სახიფათოდ ერთხელაც კი არ დაურტყამს ტაიმის განმავლობაში.

მე-19 წუთზე “დინამომ” საკუთარი უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. სტუმრებიდან ისევ მიქაბერიძემ გამოიჩინა თავი. ამის შემდეგ "ფაზისის" სტადიონზე შეკრებილ ქომაგთა ინტერესს მხოლოდ ის წარმოადგენდა, თუ რამდენბურთიანი სხვაობით დაამარცხებდა "დინამო" "კოლხეთს".

21-ე წუთზე ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ ითამაშა კარგად, ძარიას ძლიერად დარტყმული ბურთი ჭურღულიამ უხერხულად მოიგერია, ჩისკომ კი ბურთი მარტივად გადაუგდო თავზე მასპინძელთა კიპერს და კიდევ უფრო დიდი გახადა სხვაობა.

24-ე წუთიდან კი დარკო გლიშიჩის დროც დადგა. გლიშიჩმა ჯერ ანგარიში გახადა 0:5, 30-ე წუთზე კი სეთურიძეს სოლორეიდი ისევ გოლით დააგვირგვინა.

"დინამომ" პირველ ტაიმშივე მოამთავრა საქმე (0:6) და მეორე ტაიმი ფორმალობად აქცია. შესაბამისად, მეორე ტაიმი უფრო მშვიდი გამოდგა. "დინამოს" სასურველი შედეგი დაფიქსირებული ჰქონდა, ხობი კი საბოლოდ დანებდა, თან დაღლილობაც ეტყობოდათ მასპინძლებს და თუ ორიოდე კონტრიერიშს არ ჩავთვლით, "კოლხეთს" მეორე ტაიმში გიორგი ლორია დიდად არ შეუწუხებია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უჰრინს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ ჰყავდა ძირითად განაცხადში.

"კოლხეთს" ერთადერთი დასამახსოვრებელი მომენტი 57-ე წუთზე ჰქონდა, როცა გერგაია გადიოდა მეკარესთან პირისპირ. თითქოს მეკარეც მოატყუა ხობელმა ფეხბურთელმა, მაგრამ საბოლოო დარტყმა გამოუვიდა არაზუსტი.

67-ე წუთზე კიდევ უფრო კოლოსალური გახდა მატჩის ანგარიში, ჩისკოს  მიერ გატანილი გოლი რიგით მეშვიდე აღმოჩნდა ხობელთა კარში, თუმცა გოლების წვიმა ამით არ მორჩენილა. 74-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა გაილაღა, მან მარტივად შესძლო "კოლხეთის" მცველების მოტყუება და მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტი დარტყმით 0:8 გახადა ანგარიში.

მატჩს საბოლოო წერტილი ლეგიონერმა ვოუმ დაასვა. შეცვლაზე შესულმა ლექვთაძემ ფლანგზე კარგად ჩააწოდა, კარის ხაზთან მყოფ ვოუს კი ბურთი გატანა არ გასჭირვებია - 0:9.

ანგარიშიდან გამომდინარე, განმეორებითი შეხვედრა "დინამო"-"კოლხეთს" შორის მხოლოდ ფორმალობად  იქცა.

 

საქართველოს თასი. მერვედფინალი. პირველი მატჩი 

"კოლხეთი" (ხობი) - "დინამო" (თბილისი) 0:9 (0:6)

25 სექტემბერი. 16:00. ფოთი. "ფაზისის" ცენტრალური სტადიონი. 500 მაყურებელი

"კოლხეთი": ჭურღულაია, გიორგი გოგენია, ლევან გოგენია (მეფიშვილი, 46), ჭითანავა, ფიფია, გერგაია, ბუკია, ვართაგავა (ქაშიბაძე, 82), ღლონტი, გაბრავა (ცობეხია, 46), პაჭკორია.

მთავარი მწვრთნელი: ლევან ნოდია

"დინამო": ლორია, კვარაცხელია (შაშიაშვილი, 59), სეთურიძე, პაპავა (ლექვთაძე, 80), კვირკველია, მიქაბერიძე, ჩისკო (მერებაშვილი, 69), გველესიანი, გლიშიჩი, ძარია, ვოუ

მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი

გოლები: 0:1 მიქაბერიძე (10), 0:2 კვარაცხელია (15), 0:3 მიქაბერიძე (19), 0:4 ჩისკო (21), 0:5 გლიშიჩი (24), 0:6 გლიშიჩი (30), 0:7 ჩისკო (66), 0:8 მერებაშვილი (74), 0:9 ვუო (83) 

გაფრთხილება: ვართაგავა (31), ჩისკო (57)

მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე (სამტრედია)

 

სიონი (ბოლნისი) _ ზესტაფონი 1:0 (0:0)

დილა (გორი) _ დინამო (ბათუმი) 1:0 (0:0)

გურია (ლანჩხუთი) _ მერანი (მარტვილი) 1:2 (0:1)

ლოკომოტივი (თბილისი) _ ჩიხურა (საჩხერე) 0:3 (0:1)

მეტალურგი (რუსთავი) _ კოლხეთი (ფოთი) 2:0 (1:0)

ტორპედო (ქუთაისი) _ სპარტაკი (ცხინვალი) 2:2 (0:1)

მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები 30 სექტემბერს ჩატარდება.

ედემი ელერჯია 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.193809