ოთხშაბათს ლევან კობიაშვილს იუბილე ჰქონდა - 36 წლის გახდა. იმავე ღამეს ის საავადმყოფოში წაიყვანეს, რადგან ფეხზე ინფექცია შეეჭრა. რამ გამოიწვია ეს ინფექცია, უცნობია, მაგრამ ფაქტია, საღამოს შინ მისულმა ლევანმა ფეხსაცმელი რომ გაიხადა, მარჯვენა ფეხი დასიებული ჰქონდა. ტკივილმა შეაწუხა და ანტიბიოტიკები მიიღო.
"დღის განმავლობაში არაფერი შემიმჩნევია. სახლში რომ მივედი, მაშინ დავინახე. არაა გამორიცხული, მწერის ნაკბენი იყოს... ახლა ყინულის პაკეტი მადევს და როგორც მითხრეს, 3-4 დღე ასე ვიქნები. შემეშინდა, რადგან დაახლოებით მსგავსი რამ შემემთხვა ჯერ კიდევ "ფრაიბურგში" თამაშისას და მაშინ 1 კვირა ვიყავი საავადმყოფოში. კარგია, რომ ოთხშაბათს ღამე წამიყვანეს საავადმყოფოში, რადგან მეორე დღეს დილით რომ მივსულიყავი, სიტუაცია გართულდებოდა" - ამბობს "კობი".
მოკლედ, კობიაშვილი, სულ ცოტა, 4-5 დღე ვერ ივარჯიშებს. საშიში არაფერია: უბრალოდ, მოვლაა საჭირო და არ უნდა გაურთულდეს.