ლევან კობიაშვილმა 340-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და ძალიან წარმატებულიც: “ჰერტამ” იურგენ კლოპის მრისხანე გუნდს გასვლაზე, “სიგნალ იდუნა პარკზე” 2:1 სძლია. საინტერესოა, რომ ლევანმა ცენტრალურ მცველად ითამაშა.
36 წლის ქართველი საკმაოდ კარგად ირჯებოდა და არაერთ მწვავე ეპიზოდში საიმედოდ ითამაშა. “დორტმუნდის” მიერ ზეწოლა ბოლო წამამდე მიმდინარეობდა და “კობის” დიდი დამსახურებაცაა, რომ ბერლინელებმა გაუძლეს და საამაყო გამარჯვება მიითვალეს. “ჰერტა” მეექვსე ადგილზეა.
კობიაშვილი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც დიდი ოთხეულის ჩემპიონატში თამაშობს.
იტალიის სერია B-ში “ემპოლიმ” გასვლაზე 1:0 აჯობა “ნოვარას” და 2-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. ლევან მჭედლიძემ ბოლო 25 წუთი ითამაშა, ირაკლი შეყილაძე კი სათადარიგო გახლდათ.