ფეხბურთი

17:54 | 8.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილის 10 გამოსარჩევი მატჩი

შაბათს ლევან კობიაშვილს საამაყო და თან, სევდიანი საღამო ექნება. 36 წლის ქართველი ბოლო მატჩს ჩაატარებს პროფესიულ კარიერაში – ეს მოხდება "ჰერტა"-"დორტმუნდის" შეხვედრაში. იმ "დორტმუნდის" წინააღმდეგ, რომელთანაც ლევანმა რამდენიმე თვის წინ სუპერ-მატჩი ითამაშა და პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი გაანეიტრალა, რამაც დიდწილად განაპირობა კიდეც ბერლინელთა სენსაციური გამარჯვება.

"კობის" მიმართ გერმანიაში დიდი ინტერესია. მატჩის წინ მას საჩუქრებს გადასცემენ და უდავოდ, ლევანი ყურადღების ცენტრში იქნება. ის 16-წლიან ბუნდესკარიერას დაასრულებს.

16 წლის წინ იყო, "კობიმ" პირველად რომ ითამაშა ბუნდესლიგაში და ეს იყო მიუნხენის "ბაიერნთან". მართალია, "ფრაიბურგმა" 0:2 წააგო, მაგრამ მარცხი რას შეცვლიდა პირველ შთაბეჭდილებებს – 19 წლის ქართველს, იმ დროს, ალბათ, ზღაპარში ეგონა თავი. ვინ იცის, იმ დროს ფიქრობდა, რომ გერმანიაში ამდენ ხანს ითამაშებდა და ასეთ დონეზე?

ლევანი ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. ცოტას ლაპარაკობდა, ბევრს აკეთებდა – ასეა დღესაც, როცა ქართული ფეხბურთისთვის სულ სხვა კუთხით აპირებს დახმარებას. "კობი" ქართულ ფეხბურთის განვითარებისთვის მუშაობს, მაგრამ მუშაობს პიარის გარეშე, რაც ქართულ რეალობაში იშვიათი რამ არის და დასაფასებელია.  

"კობიაშვილის დარი პროფესიონალი ფეხბურთელი არასოდეს შემხვედრია" – მრავლისმნახველი ოტო რეჰაგელი რომ ამას იტყვის, უკვე ყველაფერი ნათელია. ამას გერმანელი ამბობს ქართველზე...

აქვე, ლევანის 10 გამოსარჩევი მატჩი კარიერაში. ამ ათში წაგება და ფრეც ურევია, თუმცა ფეხბურთი ამის გარეშე წარმოუდგენელია. 

1. 2011. საქართველო-ხორვატია 1:0. ბოლო წუთია და "დინამო არენაზე" ნაცნობები თუ უცნობები ერთმანეთს ეხვევიან: ჯაბა კანკავას გრძელი პასი, ოთარ მარცვალაძის მშვენიერი თამაში, პასი კობიაშვილისკენ, ლევანი ურტყამს და ბურთი ხორვატთა კარში გადის. მოვიგეთ!

2. 2005. შალკე-პსვ 3:0. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური მატჩი, რომელშიც კობიაშვილმა ჰეთ-თრიქი მიითვალა. მან ორი გოლი პენალტით გაიტანა, ერთი კი დამატებაზე ცარიელ კარში. ქართველი ფეხბურთელის ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა ლიგაში – ასეთი რამ კიდევ მოხდება? ღმერთმა ქნას, მოვესწროთ.

3. 2006. შალკე-ბაიერნი 2:2. მე-20 წუთზე ლევან კობიაშვილს ულამაზესი გოლი გააქვს ლეგენდარული ოლივერ კანის კარში და ანგარიში 2:0 ხდება. "კობიმ" საჯარიმოს გარედან, ახლო კუთხეში, ცხრიანში გაგზავნა ბურთი. კანი გადახტა, მაგრამ ვერ მისწვდა. ისე, კანისთვის მანამდეც გაუტანია – "ფრაიბურგის" მაისურით.

4. 1997. ალანია-სპარტაკი (მოსკოვი) 2:0. დიდწილად ამ მატჩის გამო, ლევანს გერმანიისკენ გზა გაეხსნა. ბრწყინვალედ ითამაშა ქართველმა, რომელიც ჯერ 20 წლისაც არ იყო. მშვენიერი გოლი გაიტანა შორიდან.

5. 1996. ტორპედო (მოსკოვი)-დინამო (თბილისი) 0:1. უეფას თასის 1/32 ფინალის პირველი მატჩი. წვიმა, ტალახი, მოსკოველი კომენტატორის მრავალჯერ გამეორებული - "სტრანნა, კაკ ტეხნიჩნიე გრუზინი ნე უსტაიუტ...". კობიაშვილმა მარცხენა ფლანგზე ბრწინვალედ ითამაშა, ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

6. 1996. ნორვეგია-საქართველო 1:0. "კობისთვის" ეს ამხანაგური მატჩი იყო იმით იყო აღსანიშნავი, რომ პირველად ითამაშა ეროვნულ ნაკრებში. კარგადაც გამოიყურებოდა. მთლიანობაში, საქართველომ კარგი მატჩი ჩაატარა იმ დროს საკმაოდ ძლიერ ნორვეგიელებთან და წაგებას არ იმსახურებდა.

7. 2001. ფრაიბურგი-კაიზერსლაუტერნი 5:2. ბუნდესლიგის დასრულებამდე 4 ტური რჩებოდა და ამ მოგებით, "ფრაიბურგმა", ფაქტობრივად, გაინაღდა ევროტურნირებზე გასვლა. გუნდი ისტორიაში პირველად გავიდა ევროთასებზე. პირველი ტაიმი 5:0 დასრულდა! კობიაშვილმა გოლი გაიტანა და 2 საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. სხვათა შორის, "კაიზერსლაუტერნში" თამაშობდნენ იური ჯორკაეფი და მიროსლავ კლოზე.

8. 2005. შალკე-ბაიერნი 1:0. ამ მოგებით, "შალკემ" 5 ქულით გაუსწრო "ბაიერნს" და ძალიან ახლოს იყო ჩემპიონობასთან, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ მოიპოვა... კობიაშვილს ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება ერგო ამ მატჩში და სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს. დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.     …  

9. 2013. დორტმუნდი-ჰერტა 1:2. ამ თამაშზე უკვე ვთქვით. 36 წლის ქართველმა უჩვეულო, ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა – კარიერაში პირველად.

10. 2006. საქართველო-ურუგვაი 2:0. ამხანაგურ მატჩში ორივე გოლი ლევანმა გაიტანა. ერთი პენალტით, მეორე კი დაახლოებით 13 მეტრიდან – ის შეტევა თავად დაიწყო და შემდეგ სირაძის პასით გაიტანა. მართალია, დღევანდელივით ძლიერი ურუგვაი არ იყო, მაგრამ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ქვეყნის ნაკრებთან დუბლის შესრულება პატარა ამბავი არაა.    

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09454