ლევან კობიაშვილმა ბუნდესლიგაში 348-ე მატჩი ჩაატარა. ლევანი სასტარტოში გახლდათ “ჰერტა”-“ბაიერნის” მატჩში, რომელიც 1:3 დასრულდა და ბერლინელები მეცხრე ადგილზე დატოვა. საინტერესოა, რომ “ჰერტას” ქართველმა კაპიტანმა ამჯერად არა ცენტრალურ მცველად, არამედ საყრდენ ნახევარმცველად ითამაშა. “კობი” ურიგოდ არ გამოიყურებოდა, თუმცა პეპ გვარდიოლას გუნდს უპირატესობა ჰქონდა და ბერლინელთა ყველა ფეხბურთელს უჭირდა. კობიაშვილი 64-ე წუთზე შეცვალეს.
იტალიის სერია B-ში “ემპოლიმ” სტუმრად 0:1 წააგო “ვარეზესთან”. ლევან მჭედლიძე ჯერ არ გამოჯანმრთელებულა, ხოლო ირაკლი შეყილაძემ ბოლო 10 წუთი გაატარა მინდორზე. “ემპოლი” მეორე ადგილზეა.
პოლონეთის თასის ნახევარფინალში გავიდა ნიკა ძალამიძისა და გიორგი ფოფხაძის “იაგელონია”, რომელსაც გდანსკის “ლეხიასთან” შინ 2:1 ჰქონდა მოგებული, სტუმრად კი 1:1 დაასრულა შეხვედრა. ფოფხაძემ შეუცვლელად ითამაშა, ძალამიძე კი 76-ე წუთზე შეცვალეს.