სამედიცინო კლინიკა “ბორისის” პრეზიდენტმა, მიხაილ რადუცკიმ განაცხადა, რომ დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველმა, ჯაბა კანკავამ კიევის “დინამოს” ნახევარმცველ ოლეგ გუსევს სიცოცხლე გადაურჩინა.
უკრაინის პრემიერლიგის განვლილ ტურში, “დნიპრო” – “დინამოს” მატჩის (2:0) დროს, გუსევი მასპინძელთა მეკარე დენის ბოიკოს შეეჯახა და უგონოდ დაეცა, ხოლო პირველი დახმარება კიეველ ფეხბურთელს ქართველმა ლეგიონერმა აღმოუჩინა. მან გუსევს ხელით პირიდან ენა ამოუღო და გვერდზე გადააბრუნა.
“შემიძლია ერთი რამ ვთქვა: “დნიპროს” ფეხბურთელმა ოლეგს სიცოცხლე გადაურჩინა. ის რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი რა შედეგი დადგებოდა. “დნიპროს” ფეხბურთელი როგორც კვალიფიციური სასწრაფო დახმარების ექიმი, ისე მოიქცა” – იუწყება რადუცკის სიტყვებს უკრაინული მედია.
“ბორისის” პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გუსევის ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მოთამაშის სწრაფ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაში ეჭვი არ ეპარება.