საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დავით კირკიტაძემ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ისრაელის კლუბ “ირონ ტიბერიასთან” გააფორმა კონტრაქტი. კირკიტაძემ გასული სეზონის პირველი ნახევარი რუსთავის “მეტალურგში” გაატარა, ხოლო ზამთრის შემდგომი პერიოდი “ზუგდიდში” დაჰყო.
ისრაელის ლეუმით ლიგის მონაწილე “ირონ ტიბერიასის” მაისურით კირკიტაძემ საწყის ტურებში შეუცვლელად ითამაშა, ქართველი მოთამაშე საკმაოდ აქტიურიც გახლდათ და მეორე ტურის შეხვედრაში ნაზარეთის “ჰაპოელს” გოლი გაუტანა.
კირკიტაძის თამაშს წარმატებული ეთქმის. მართალია ლეუმით ლიგა რანგით მეორეა ისრაელში, თუმცა აგენტთა ინტერესი ამ ჩემპიონატის მიმართ საკმაოდ დიდია და გამორჩეულ მოთამაშეებს ევროპულ თუ ძლიერ ებრაულ კლუბში მოხვედრის შანსი უჩნდებათ.
კირკიტაძეს “მსოფლიო სპორტი” ისრაელში დაუკავშირდა.
დავით კირკიტაძე: გასული სეზონი “ზუგდიდში” დავასრულე. მართალია, სხვა ქართული კლუბების მხრიდანაც იყო დაინტერესება, მაგრამ საქართველოში დარჩენას ისრაელში წასვლა ვარჩიე. როცა უცხოურ კლუბში სინჯებზე მიდიხარ რისკის ალბათობა არსებობს, თუმცა ამ შემთხვევაში რისკმა გაამართლა.
“ირონ ტიბერიასი” ბულგარეთში შეკრებაზე იმყოფებოდა და იქ შევუერთდი გუნდს. რამდენიმედღიანი ვარჯიშისა და ერთი თამაშის შემდეგ კონტრაქტი შემომთავაზეს.
- ებრაული კლუბის გარდა რომელმა კლუბებმა გამოთქვეს შენი გადაბირების სურვილი?
- რამდენიმე ქართულმა კლუბმა – კერძოდ, ქუთაისის “ტორპედომ,” გორის “დილამ,” “სამტრედიამ” და საჩხერის “ჩიხურამ.” დაინტერესება იყო სომხური კლუბისგანაც, თუმცა არჩევანი ისრაელზე შევაჩერე.
- “ტიბერიასთან” გაფორმებული კონტრაქტით კმაყოფილი ხარ?
- დიახ. ათთვიანი კონტრაქტი გავაფორმე. გუნდში კარგი გარემოა შექმნილი, ადაპტაცია მალევე გავიარე და ფინანსური მხარეც მაკმაყოფილებს, ბინა მიქირავეს და ავტომობილითაც ვსარგებლობ.
- შეადარე საქართველოს უმაღლესი ლიგა და ლიუმით ლიგა...
- კარგი სტადიონები, ფინანსურად სტაბილური კლუბები, გულშემატკივართა და მენეჯერთა დიდი დაინტერესება მაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ უკეთეს ჩემპიონატში ვაგრძელებ კარიერას, საქართველოში კი, ხომ იცით, კლუბებს ფინანასურად უჭირთ და ეს ყველაფერზე ახდენს გავლენას.
აქაური ბაზრით ხშირად ინტერესდებიან ევროპელები. შესაბამისად ევროპაში ტრანსფერთა მაგალითებიც ბევრია.
- მეორე ტურში გოლი გაიტანე. სამწუხაროდ, ინტერნეტში გოლის ნახვის საშუალება ქართველ გულშემატკივარს არ მიეცა. როგორ გავიდა?
- მარცხენა ფლანგიდან გადაცემა გაკეთდა. მცველებს დავასწარი და გავიტანე. ამავე თამაშში ჩვენი ფორვარდი ორჯერ მეკარესთან ერთი-ერთზე გავიყვანე, თუმცა მომენტები ვერ გამოიყენა.
- თანაგუნდელებთან, მწვრთნელებთან რა ენაზე ურთიერთობ?
- ინგლისურად.
- მწვრთნელი რა პოზიციაზე გათამაშებს?
- მარჯვენა ფლანგზე ვთამაშობ, როგორც ქართულ კლუბებში გამოსვლისას. შეტევაზე კონცენტრირების გარდა მცველების დახმარებაც მევალება. აქაურ ლიგაში ყველა გუნდი ამ პრინციპით თამაშობს, მაგრამ მწვრთნელი მეტწილად ყურადღების გამახვილებას შეტევაზე მთხოვს.
- ასაკის გამო ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში აღარ მოგიწევს. სამომავლო მიზნად ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა რჩება...
- დიახ. მაქსიმუმი მინდა გავიღო ვარჯიშებსა თუ თამაშებზე, ერთ დღესაც ეროვნულ გუნდში რომ მიხმონ. მჯერა, შრომისა და წარმატებული თამაშის შედეგად ჩემი თამაშით ეროვნული ნაკრების მწვრთნელები დაინტერესდებიან და ოცნებას ავისრულებ.
დიმა შარიქაძე