ფეხბურთი

13:21 | 13.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: “ასეთ თამაშებში მსგავსი თერთმეტმეტრიანების დანიშვნა არ შეიძლება”

აზერბაიჯანის საფეხბურთო თასის 1/4-ფინალის პირველ მატჩში, ბაქოს “ინტერმა” , რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის, თანაქალაქელი “ნეფთჩი” მიიღო და დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 1:1.

ლაშა სალუქვაძემ “ინტერში” სრულად ითამაშა. ალექსანდრე იაშვილი მასპინძელთა რიგებში 69-ე წუთზე თბილისის “დინამოს” ესპანელი ექსნახევარმცველის ალვაროს მაგივრად გამოჩნდა. ბაჩანა ცხადაძე მოედანზე 82-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. 45-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, “ინტერის” კარში პენალტი დაიდო და კახა ცხადაძე მის შესრულებას არ დალოდებია გასახდელში ისე ჩავიდა. მასპინძელთა გასახარად “ნეფთჩის” ფეხბურთელმა ბურთი ძელს მოარტყა. სტუმრებმა ანგარიში 51-ე წუთძე გახსნეს, ხოლო “ინტერმა” წონასწორობა 82-ე წუთზე აღადგინა. სალუქვაძემ 64-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ბაჩანა ცხადაძე ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გააფრთხილეს.

 “ამ სეზონში ასეთი მატჩი ჯერ არ ჩაგვიტარებია. მაღალ სისწრაფეებზე ვითამაშეთ, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. ჩემმა გუნდმა ქვეყნის ჩემპიონთან ღირსეულად ითამაშა. საკუთარ კედლებში გაშვებული ბურთი ჩვენ ამოცანას ართულებს და გასვლითი მატჩი უფრო რთული იქნება. შეგირდების მიმართ პრეტენზია არ მაქვს, რადგან სწრაფი და სანახაოებრივი ფეხბურთი აჩვენეს. “ნეფთჩისთან” ასეთი უპირატესობა არასოდეს გვქონია. თუ საპასუხო მატჩში ასევე ვითამაშებთ, შემდეგ რაუნდში გასვლის არცთუ ცუდი შანსი გვექნება.

ახლა ჩემპიონატში ძალიან მჭიდრო გრაფიკია. სათამაშო ტემპის შესანარჩუნებლად შეცვლების გაკეთება აუცილებელია. მეორე ტაიმში “ნეფთჩიც” დაიღალა. ჩვენმა ფეხბურთელებმა მიკელ ალვარომ და სეზარ მეზა-კოლიმ მოდანზე არცთუ მცირე სამუშაო შეასრულეს. ვფიქრობ, რომ სწორი შეცვლები გავაკეთეთ. იაშვილი ინდივიდუალური თამაშის წყალობით, “ნეფთჩის” კარზე ზეწოლის გაძლიერებაში დაგვეხმარა. რაც შეეხება ბაჩანას, მისი მოედანზე შეყვანა უფრო ადრეც შემეძლო. მას შემდეგ რაც გოლი გავუშვით, ორი თავდამსხმელით ვთამაშობდით. მათ პირველი წუთიდან ერთად რომ ეთამაშათ, არა მგონი ასეთი ეფექტი ყოფილიყო.

პენალტთან დაკავშირებული ეპიზოდი? ამის ყურება არ შემეძლო და ამიტომ, გასახდელში წავედი. ასეთ თამაშებში მსგავსი თერთმეტმეტრიანების დანიშვნა არ შეიძლება. ბურთი ხელს ძალიან ახლო მანძილიდან შეეხო. სიძნელეების მიუხედავად, თასზე და ჩემპიონატშიც ბოლომდე ვიბრძოლებთ” – განაცხადა ცხადაძემ მატჩის შემდეგ.

0.101699