ინტერვიუები

9:50 | 23.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "მანჩესტერმა" ზედიზედ მეოთხედ გაჩემპიონების სერიოზული განაცხადი გააკეთა

ახალი დამრიგებლის მეთაურობით დასავლეთლონდონურმა “ჩელსიმ” მიმდინარე სეზონი მშვენივრად დაიწყო. კარლო ანჩელოტის გუნდი პრემიერლიგასაც დამაჯერებლად ლიდერობდა და ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად გამოიყურებოდა. ბოლო ხანს კი, “არისტოკრატთა” პოზიციები ორივე ფრონტზე შეირყა - სტემფორდბრიჯელები ევროპის უპირველესი საკლუბო ტურნირიდან “ინტერმა” გააგდო, გუშინწინ ბლექბერნში დაკარგული 2 ქულის შემდეგ კი, ანჩელოტის ბიჭებს “არსენალმაც” გადაასწრო და ინგლისურ პრემიერლიგაში მესამე ადგილამდე დაახევინა.

- რა კომენტარს გაუკეთებთ “ბლექბერნთან” ჩატარებულ შეხვედრას?
- “ივუდ პარკზე” თამაში კარგად დავიწყეთ, რასაც დიდიე დროგბას ბრწყინვალე გოლიც მოჰყვა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ასპარეზობის მსვლელობას ვაკონტროლებდით, შესვენების შემდეგ კი გაგვიჭირდა. “მძიმე” მინდორმა ჩვენი ბიჭების თამაშს უარყოფითი დაღი დაასვა, “ბლექბერნის” ასპარეზობა პირიქით, უკეთესობისკენ შეიცვალა. სემ ელერდაისის გუნდმა პრესინგს მიმართა და დასწრებაზეც კარგად გამოიყურებოდა. ჩვენს პაექრობას დამაჯერებლობა დააკლდა, მოწინააღმდეგემ ეს კარგად იგრძნო, სათავისოდ გამოიყენა და გოლიც გაგვიტანა. ანგარიშის გაყაიმების შემდეგ ბიჭები თითქოს გამოცოცხლდნენ და გამარჯვების მოპოვებაზე იწყეს ზრუნვა, მაგრამ უკვე გვიან იყო. მეორე ბურთის გატანა ვერ მოხერხდა და უმნიშვნელოვანესი 2 ქულა დავკარგეთ.
- თქვენივე სიტყვებს თუ დავესესხებით, ბოლო პერიოდში “ჩელსიმ” დამაჯერებლობა დაკარგა, რაც გუნდს ძვირად დაუჯდა. ჩემპიონთა ლიგიდან მილანის “ინტერმა” დაგითხოვათ, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში კი, სალიდერო პოზიცია მესამე ადგილზე გაცვალეთ...
- “ჩელსის” სირთულეები “მანჩესტერ სიტისთან” განცდილ მარცხს მოჰყვა. იმ მატჩის წაგებამ ბიჭები კალაპოტიდან ამოაგდო. შედეგად, პრემიერლიგის ბოლო 3 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოვიგეთ და მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ლივერპულს” სძლია, ჩვენთან პაექრობაში 4 ქულით დაწინაურდა და ტიტულის ზედიზედ მეოთხედ მოპოვების სერიოზული განაცხადიც გააკეთა. სამწუხაროდ, “არსენალმაც” გაგვასწრო და მესამე საფეხურამდე დაგვაქვეითა. ამჟამად ინგლისის ჩემპიონატი გადამწყვეტ სტადიაშია შესული და ფსიქოლოგიურად გატყდომის უფლება არ გვაქვს. მით უმეტეს, უშუალო მოწინააღმდეგეებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები გვაქვს ჩატარებული.
- უახლოეს მატჩებს “ჩელსი” მორალურად მზად შეხვდება?
- საამისო მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ვარჯიშებზე ძალასა და ენერგიას არ დავიშურებთ, რათა მომდევნო პრინციპული მნიშვნელობის მქონე მატჩები მოვიგოთ და ყოველმხრივ შევეცდებით, გათამაშების ცხრილს კვლავ სათავეში მოვექცეთ. მომდევნო შეხვედრა “პორტსმუთთან” გვიწევს და სამხრეთელებთან სოლიდური ანგარიშით მოგება თამაშის ხალისს დაგვიბრუნებს.
- “ჩელსის” უკუსვლა ტრავმებითაც ხომ არაა გამოწვეული? გუნდის კარს პეტერ ჩეხი ვერ იცავს, “ბლექბერნთან” მიხაელ ბალაკს არ უთამაშია, ხოლო ასპარეზობის მსვლელობისას ბრონისლავ ივანოვიჩი დაიმტვრა, რის გამოც შესვენებისას მისი შეცვლა მოგიხდათ...
- ივანოვიჩის გამოთიშვამ არ გამახარა. მას მუხლი დაუზიანდა, ზუსტ დიაგნოზს კი ექიმები უახლოეს საათებში დასვამენ. ხომ მოგეხსენებათ, მუხლი ფეხბურთელისთვის მეტად სათუთია, ამიტომაც წინასწარ ძნელი სავარაუდოა, რამდენი ხნით დაგვაკლდება ბრონისლავი. ჩეხი და ბალაკი კი “პორტსმუთთან” საოთხშაბათო დაპირისპირებისას სავარაუდოდ სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან. ორივე ვარჯიშობს და გუნდის დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს.  

მოამზადა გოჩა კაჭარავამ
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094312