საბერძნეთის ქალაქ კამენა ვურლაში მიმდინარე სენიორთა მსოფლიოს ჩემპიონატის მე-7 ტურში ნონა გაფრინდაშვილი (2350) შავი ფიგურებით თამარ ხმიადაშვილს (2115) დაუზავდა, ნინო მელაშვილმა (2128) კი თეთრებით ყაიმი გერმანელ მარტინა ბელტცთან (2097) გააფორმა.
შედეგად, მელაშვილმა და ხმიადაშვილმა 4.5-4.5 ქულა დააგროვეს და შესაბამისად, მეექვსე-მეშვიდე ადგილებზე იმყოფებიან, ხოლო გაფრინდაშვილი 4.0 ქულით მერვეა. მომდევნო ტურში ხმიადაშვილი და მელაშვილი ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან, გაფრინდაშვილი კი თეთრებით რუს ლარისა ხროპოვას (2014) ეთამაშება.
7 ტურის თავზე 5-5 ქულით ტურნირს ელენა ანკუდინოვა (ყაზახეთი, 2147), ელენა ფატალიბეკოვა (რუსეთი, 2266) და ნატალია ტიტორენკო (რუსეთი, 2137) ლიდერობენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველობაში 39 ქვეყნის წარმომადგენელი 128 მოთამაშე ჩაება, ტურნირი კი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 25 ნოემბერს დასრულდება.
ისიც ვთქვათ, რომ სენიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი რიგით 23-ეა, ქართველთაგან კი სხვადასხვა დროს ჩემპიონის ტიტული თამარ ხმიადაშვილს (1998, 1999, 2003) და ნონა გაფრინდაშვილს (1995, 2009) მოუპოვებიათ.







