კახა კალაძის “ჯენოაში” გადასვლის შემდეგ იტალიის ამ უძველესი კლუბის მიმართ ქართველ გულშემატკივართა ინტერესი გაიზარდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ მოკლედ მოგითხროთ იმ კლუბისა და სტადიონის შესახებ, რომელზეც გამოსვლა საქართველოს ნაკრების კაპიტანს მოუწევს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის სტატისტიკას თვალს თუ გადავავლებთ, აშკარად დავინახავთ, რომ აპენინის ნახევარკუნძულის უძლიერესი გუნდის წოდებას ძირითადად ტურინული და მილანური კლუბები ინაწილებენ. შიგადაშიგ ამ ქალაქების ტიფოზებს ძილს ფლორენციის, ნეაპოლის და რომის გუნდები უფრთხობენ. “ფიორენტინამ”, “ნაპოლიმ”, “რომამ” და “ლაციომ” 2-2-ჯერ მოახერხეს სკუდეტოს დაუფლება, “ბოლონიამ”, “კალიარიმ”, “ვერონამ” და გენუის “სამპდორიამ” კი თითოჯერ შეიტანეს “დისონანსი” სერია A-ს გათამაშებაში, არადა, იტალიური ფეხბურთის აკვანი სწორედ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე საპორტო ქალაქ გენუაში დაირწა და იტალიელთა პირველ ჩემპიონატებში გამარჯვებული “ჯენოა” გახლდათ. გენუელებმა ზედიზედ სამჯერ იმარჯვეს პირველობებში. პირველად ეს 1898 წელს მოხდა, როდესაც გათამაშებაში გენუის ერთმა და ტურინის სამმა კლუბმა მიიღო მონაწილეობა. “ჯენოამ” ტრიუმფული სვლა მომდევნო 2 წელსაც განაგრძო, ტურინის “ინტერნაციონალე” კი ვიცე-ჩემპიონის წოდებას სჯერდებოდა. საუკეთესო იტალიური გუნდის ტიტული “ჯენოას” 1901 წელს “მილანმა” ჩამოართვა, თუმცა, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ახალფეხადგმულ აპენინურ კალჩოში კვლავ გენუის საფეხბურთო წარმომადგენლის ჰეგემონია სუფევდა.
ისევე, როგორც ევროპის საპორტო ქალაქების აბსოლუტურ უმრავლესობაში, გენუაშიც ფეხბურთი ინგლისელმა მეზღვაურებმა შეიტანეს. 1883 წელს სწორედ ალბიონელებმა დააარსეს გენუის მძლეოსანთა და კრიკეტისტთა კლუბი, 1897 წლიდან კი ამ გაერთიანებაში რიჩარდსონ სპენსლიმ საფეხბურთო სექცია ჩამოაყალიბა, რომლის ბაზაზეც “ჯენოა” დაფუძნდა. სპენსლი ინგლისელი იყო და ცხადია, პატრიოტიც. აქედან გამომდინარე, მან გუნდის სათამაშო ეკიპირება თავისი ქვეყნის ეროვნული დროშის თეთრ-წითელ ფერებს “დაამთხვია”. მას შემდეგ მოყოლებული “ჯენოას” ფორმამ რამდენჯერმე სახე იცვალა, თუმცა, კლუბის ემბლემაზე ინგლისური დროშის ელემენტებს დღემდე შესამჩნევი ადგილი უკავია. ფეხბურთელები კი კარგა ხანია წითელი და ლურჯი ფერების მაისურებით გადიან საასპარეზოდ, რის გამოც “ჯენოას” იტალიაში “როსობლუდ” მოიხსენიებენ. გუნდის პირველი მწვრთნელი სპენსლი გახლდათ, რომელიც გენუელ ფეხბურთელებს 11 წლის განმავლობაში (1896-1907) მოძღვრავდა. 1930-34 წლებში კი “როსობლუს” ღირსებას ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი გილერმო სტაბილე იცავდა. არგენტინელმა “ჯენოას” რიგებში გამოსვლის სადებიუტო შეხვედრაში 3 გოლი გაუტანა “ბოლონიას” და უმალ გენუელ ფანთა საყვარელ მოთამაშედ იქცა. მას გუნდში იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, რომ 1931-32 წლებში ლუიჯი ბურლანდოსთან ერთად მთავარი მწვრთნელის ფუნქციებსაც ასრულებდა.
ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში “ჯენოამ” ცხრაჯერ მოიპოვა იტალიის ჩემპიონობა და ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ “იუვენტუსი”, “მილანი” და “ინტერი” ჯობნიან, თუმცა, იტალიის უძველესმა გუნდმა უკანასკნელად 1924 წელს მოიგო ქვეყნის პირველობა და მას შემდეგ მოყოლებული მხოლოდ ორჯერ მოახერხა კვარცხლბეკზე ასვლა. თანაც, “ჯენოას” ვიცე-ჩემპიონობაც შორეულ 1928 და 1930 წლებს უკავშირდება. ის კი არა, გუნდმა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი (შესვენებებით) სერია B-ში გაატარა, ორჯერ კი სერია C-ს ბინადარიც იყო. 2007 წელს “ჯენოა” 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა უძლიერესთა რიგებს, მანამდე კი ჯერ სერია C-დან ამაღლდა ერთი რანგით უფრო მაღალ დივიზიონში, 2006-07 წლების სეზონში კი დამაჯერებლად გაიარა სერია B-ს რთული სატურნირო დისტანცია, მხოლოდ “იუვენტუსსა” და “ნაპოლის” ჩამორჩა და კვლავინდებურად აპენინური საკლუბო ფეხბურთის კოჰორტის წარმომადგენელია.
განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა გენუელთათვის 2008-09 სეზონი. “ჯენოამ” შესანიშნავად წარმოაჩინა თავი გრანდებთან ჭიდილში, ორჯერ დაამარცხა თანაქალაქელი “სამპდორია” (1946 დაარსებული გენუის კიდევ ერთი გუნდის დამარცხება “როსობლუს” გულშემატკივრებს განსაკუთრებულ სიხარულს გვრის) და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა. “ჯენოას” შემადგენლობაში განსაკუთრებით წარმატებით არგენტინელმა ფორვარდმა დიეგო მილიტომ იასპარეზა – 2009-10 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ფორვარდი გენუელთა რიგებში ჩატარებულ ბოლო სეზონში სერია A-ს ერთ-ერთი ბომბარდირი გახდა. “როსობლუს” ფანებმა საზეიმოდ აღნიშნეს ევროსარბიელზე მათი საყვარელი გუნდის მოხვედრაც, თუმცა, უეფას თასის შემცვლელი ტურნირის პირველ გათამაშებაში “ჯენოა” წარუმატებლად გამოვიდა. გასულ სეზონში გენუელებმა მეცხრე საფეხური დაიკავეს, ახალ ჩემპიონატში კი კახა კალაძეს, დომენიკო კრიშიტოს, რაფინიას, ჯუზეპე სკულის, რაფაელო პალადინოს, ლუკა ტონის და მათ პარტნიორებს უკეთ გამოსვლის საფუძველი ნამდვილად გააჩნიათ.
“ჯენოას” მილიონამდე რეგისტრირებული ფანი ჰყავს. მათი უმრავლესობა ლიგურიაში სახლობს, თუმცა, იტალიის უძველესი კლუბის ქომაგები საკმაო რაოდენობით პიემონტსა და აოსტაშიც გვხვდებიან. “როსობლუს” ფანკლუბები კი მთელი პლანეტის მასშტაბით არიან მიმოფანტული. “ჯენოას” ერთგული მომხრეები ხუთივე კონტინენტზე ჰყავს, ოფიციალურად რეგისტრირებული ორგანიზაციები ამსტერდამში, ტოკიოში, ტორონტოში, ნიუ-იორკსა და რეიკიავიკშიც კი გვხვდება. ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს გენუის ორი გუნდის “ჯენოასა” და “სამპდორიას” დაპირისპირება, “ჯენოას” ერთგულ მომხრეებს კი განსაკუთრებულად მილანელი ფანები და მათი საყვარელი “როსონერი” სძულთ. ანტაგონიზმს კი სათავე 1995 წლის იანვარში დაედო, როდესაც გენუაში ჩასულმა ერთ-ერთმა მილანელმა “ჯენოას” ახალგაზრდა ქომაგი ვინჩენცო სპანიოლო გამოასალმა სიცოცხლეს. სრულიად საპირისპირო ურთიერთობაა დამყარებული გენუელებსა და სამხრეთიტალიურ ნეაპოლელ გულშემატკივრებს შორის. “ჯენოას” ქომაგები ძალიან გახარებულნი იყვნენ დიეგო მარადონას დროინდელი “ნაპოლის” წარმატებებით. სერია B-ს 2006-07 წლების გათამაშების ბოლო ტურში კი გენუაში ჩასულ სამხრეთიტალიელებს სტადიონზე ბანერი დახვდათ “ბენვენუტო ფრატელო ნაპოლეტანო” (კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნეაპოლელო ძმებო). ხსენებულმა შეხვედრამ “მეგობრულ” ვითარებაში ჩაიარა, საბოლოოდ ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა (0:0) და “ჯენოასა” და “ნაპოლის” ფანებმა ერთად იზეიმეს მათი საყვარელი გუნდების სერია A-ში დაბრუნება.
კახა კალაძეს აპენინის ნახევარკუნძულის ერთ-ერთ უძველეს არენაზე მოუწევს თავისი მარიფათის ჩვენება. “სტადიო კომუნელე ლუიჯი ფერარისი” 1911 წლის 22 იანვარს გაიხსნა. იმ დღეს, მაშინდელ “მარასიზე”, ერთმანეთს “ჯენოა” და “ინტერნაციონალე” შეხვდნენ. იმხანად სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევდა, 1934 წლის მსოფლიო პირველობის წინ კი მას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ბრაზილიისა და ესპანეთის სამუნდიალო დაპირისპირებას თვალი 30 ათასზე მეტმა გენუელმა გულშემატკივარმა მიადევნა. “ჯენოას” კაპიტნისა და პირველი მსოფლიო ომის გმირის ლუიჯი ფერარისის სახელი კი სტადიონს 1933 წლის პირველი იანვრიდან მიენიჭა. ამ არენაზე ყველაზე დიდმა აუდიტორიამ თავი 1949 წლის 27 თებერვალს მოიყარა, როცა იტალიამ პორტუგალიას უმასპინძლა (60 ათასი), 1990-დან კი “ლუიჯი ფერარისმა” “ახალი ცხოვრება” დაიწყო. წინასამუნდიალოდ სტადიონი პრაქტიკულად ბოლომდე დაანგრიეს და ხელახლა ააგეს. სტადიონის ტევადობა 36 636 გახდა და მან მსოფლიო პირველობის 4 შეხვედრას (კოსტა-რიკა-შოტლანდია, შოტლანდია-შვეცია, კოსტა-რიკა-შვეცია, ირლანდია-რუმინეთი) უმასპინძლა.
“ლუიჯი ფერარისზე” საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 2007 წლის 13 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ჩაატარა “სკუადრა აძურასთან”. 23 ათასი მაყურებლის თანდასწრებით რობერტო დონადონის რჩეულებმა კლაუს ტოპმიოლერის გუნდს ანდრეა პირლოსა და ფაბიო გროსოს გოლების წყალობით 2:0 სძლიეს. იმ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა კაპიტნის, კახა კალაძის გარეშე ითამაშა...
გოჩა კაჭარავა







