კალათბურთი

14:05 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთისადმი სიყვარულის შესახებ

ძალიან მიყვარს კალათბურთი! სპორტის ამ სახეობის მაგიამ ჯერ კიდევ მაშინ დაიპყრო ჩემი გული, როდესაც 6 წლის ასაკში, ძიუდოს სექციაში მორიგი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ზესტაფონის სპორტული სკოლის აივნიდან „დიდი“ ბიჭების ლამაზ თამაშს ვუყურე. მერე ტატამიდან საკალათბურთო დარბაზში, ჯემალ ზაქარიაძის მეთვალყურეობის ქვეშ გადავინაცვლე...

სპორტის ამ სახეობას ზესტაფონში ათწლეულების ტრადიცია აქვს. პატარა იმერული ქალაქის საკალათბურთო ისტორიაში თავის ლამაზი კვალი ენთუზიასტებს - გურამ ფერაძეს, ბუდუ ბარამაძეს, ჯემალ ზაქარიაძეს, დათო ქურციკიძეს, თემურ ჯაშიაშვილს დაუტოვებიათ. პაველ ლესნიაკის, თემურ აბულაძის, მურად თურმანიძის, მამუკა კვინიკაძის სახელები კი დღესაც ყველას პირზე აკერია...

პირადად მე კალათბურთს ვერც დღეს, ორმოცს გადაცილებული, ვღალატობ - სპორტის ამ სახეობით „მოწამლულ“ მეგობრებთან ერთად ხშირად ვსტუმრობ ჩვენს ქალაქში ახლახან გახსნილ სპორტის სასახლეს. ერთად გვიხარია ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებები, ერთად ვარჩევთ „სან ანტონიო“-„მაიმის“ ფინალის პერიპეტიებს...

გასულ კვირაში შევიტყვე, რომ ქუთაისში 2000-2002 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით გამოდის ნორჩ ზესტაფონელთა გუნდი (მწვრთნელები: ა. ბარბაქაძე და გ. გოგნაძე). ინფორმაციამ დიდად გამახარა და შაბათს ფოთის გუნდთან გამართულ ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრასაც დავესწარი, რომელსაც ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დარბაზმა უმასპინძლა. სწორედ ამ თამაშს უნდა გამოევლინა ტურნირის ფინალისტი.

პირველ ყოვლისა, მინდა გაგიზიაროთ ჩემი დიდი სიხარული იმის გამო, რომ ქართულ კალათბურთს მართლა კარგი თაობა ეზრდება. ერთ მომენტში, მოედანზე დანთებულმა ცეცხლმა ტრიბუნებზეც გადაინაცვლა - როგორც გვჩვევია, მსაჯების რაღაც გადაწყვეტილებამ მაყურებლებში გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია... ტურნირის ორგანიზატორებმა კი აღელვებულ გულშემატკივრებს სავსებით სამართლიანად დამშვიდებისკენ მოუწოდეს და ყურადღება იმაზე გაამახვილეს, რომ ამ ასაკის ბავშვებს შორის გამართულ მსგავს ტურნირებს, პირველ ყოვლისა, წამახალისებელი და კალათბურთისადმი სიყვარულის გაღვივების დატვირთვა გააჩნია. ცხადია, ამის შემდეგ ემოციები დაცხრა და მატჩის დასკვნით ნაწილში ნორჩმა სპორტსმენებმა დარბაზში მყოფთ მშვენიერი სანახაობა შემოგვთავაზეს - 13-ქულიანი სხვაობით ჩამორჩენილმა იმერლებმა მეოთხე მეოთხედში ივაჟკაცეს და საქმე ოვერტაიმამდე მიიყვანეს.

ჩემთვის უცნობია, რა მიზეზის გამო, მაგრამ მატჩის ოქმის წარმოებაზე მზრუნველი ადამიანი მალხაზ კოხრეიძე დამატებითი ტაიმის დანიშვნამ რბილად რომ ვთქვათ - არ გაახარა. პირველი ოვერტაიმის მიწურულს უკვე ფოთელებმა მოახერხეს 3-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა, როდესაც სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე ზუსტად გამოყენებულ საჯარიმოს მეტოქის ფარზე ბურთის მოხსნა და გამთანაბრებელი ზუსტი ორქულიანი მოაყოლეს. მსაჯებმაც საფინალო ჩასტვინეს...

მთელი დარბაზი, რომელიც 5-წუთიანი ოვერტაიმის მიმდინარეობისას სუნთქვაშეკრული ითვლიდა ანგარიშში ყოველ მორიგ ცვლილებას, მეორე ოვერტაიმისათვის მოემზადა, ფოთელთა და ზესტაფონელთა მწვრთნელებმა კი თავიანთი გუნდები დასარიგებლად იხმეს. ამ დროს კი კოხრეიძემ დამსწრე საზოგადოებას გამოუცხადა, რომ მატჩი ფოთელთა ერთქულიანი გამარჯვებით დასრულდა (?!).

ამ ისტორიაში ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა იმას, ელემენტარული მათემატიკის უცოდინრობით დაემართა ეს ამბავი პატივცემულ ბატონ მალხაზს თუ იმიტომ, რომ სადღაც აგვიანდებოდა; არც იმაზეა საუბარი, რომ ფოთელთა გუნდის დამრიგებელიცა და ბავშვებიც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, არც იმაზე, რომ ამ სიტუაციიდან ღირსეულად თავის დაღწევა ტურნირის ორგანიზატორებს, რბილად რომ ვთვათ, გაუჭირდათ და არც იმაზე, რომ იმერლებმა ტურნირში შემდგომ მონაწილეობაზე უარი განაცხადეს...

აქ მთავარია ის, რომ ვიღაცის არაპროფესიონალურმა დამოკიდებულებამ და შესაბამისმა ქმედებამ ორივე გუნდის კალათბურთელებს, რომლებიც სულ რაღაც 12-13 წლისანი არიან, სწორედ ის ხალისი დაუკარგა, რომელიც ამ ტურნირის მთავარი მონაპოვარი უნდა ყოფილიყო.

ბავშვების ცრემლიანი თვალების დანახვა არ იქნებოდა ტკივილის მომყენებელი, ეს ცრემლი მხოლოდ სპორტულ ასპარეზობაში მარცხით რომ ყოფილიყო გამოწვეული. მაგრამ როდესაც ბავშვი შენგან პასუხს ელის ისეთ კითხვაზე, რომელზეც პასუხი შენ თვითონაც არა გაქვს, აქ საქმე ბევრად რთულადაა... მჯერა, რომ კალათბურთისადმი სიყვარული მაინც ისეთი ღირებულებაა, რომლის დაკარგვის საფრთხეც არცერთ ბავშვს არსად არასდროს არ დაემუქრება...

 

სერგო ფუტკარაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095711