მადრიდის “რეალის” ბრაზილიელი ნახევარმცველი, კაკა ესპანელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს საკუთარ სათამაშო ფორმაზე ტრავმის მორჩენის შემდეგ და აცხადებს, რომ ელის როდის დაუცდება ფეხი მისი გუნდის უპირველეს კონკურენტს, კატალონიის “ბარსელონას”.
- ტრავმის გამო თითქმის ერთი თვე გაგიცდათ. გაგიჭირდათ გუნდის სათამაშო რიტმთან შეგუება?
- დიახ, ყველამ აღნიშნა, რომ ერთი თვის გაცდენამ იმოქმედა ჩემს თამაშზე. მაგრამ არა მხოლოდ დეკემბერში უთამაშებლობამ შემიშალა ხელი. ბოლო დროს გახშირებული ტრავმიანობა საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის საშუალებას არ მაძლევდა.
- მოახერხეთ სრულად გამოჯანმრთელება?
- არა, ჯერ კიდევ გავდივარ აღდგენით პროცესს, მაგრამ თავს უფრო და უფრო უკეთ ვგრძნობ. ჭორი, თითქოს ქრონიკული ტრავმა მაწუხებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
- როგორც ამბობენ, ექიმები ფიზიკურ დატვირთვებს გიკრძალავდნენ...
- ასეა. და სწორედ ეს მიშლიდა ხელს – მოედანზე იმის გასაკეთებლად, რაც მე მიყვარს, საჭიროა შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა.
- “ესპანიოლის” კარში გატანილი თქვენი გოლი კარგი მომზადების მაჩვენებელია...
- გამიხარდა გოლის გატანა. უკანასკნელად კარის აღება გასული წლის ნოემბერში მოვახერხე. მაგრამ მთავარი ისაა, რომ საკმაოდ კარგი მატჩი ჩავატარე, რომლის დროსაც საკმარისი თავისუფლება მქონდა. სწორედ ასე მიყვარს თამაში.
- როგორ მოგწონთ “რეალის” მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები თამაში. სეზონის დასაწყისში ბევრს გაკრიტიკებდნენ, ახლა კი უმეტესად გაქებენ...
- ბოლო თვეების განმავლობაში ნამდვილად მოვუმატეთ. ვთამაშობთ მაღალ ტემპში, ვქმნით ბევრ სახიფათო მომენტს და გაგვაქვს გოლები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გუნდს აქვს თამაშის საკუთარი სტილი, საკუთარი ინდივიდუალიზმი. ახლა ჩვენი შესაძლებლობები გაცილებით მაღალია, ვიდრე სეზონის დასაწყისში.
- რა მხრივ მოუმატა გუნდმა ყველაზე მეტად?
- ტაქტიკასა და ტექნიკაში. ვაგრძელებთ მუშაობას ვარჯიშებზე, რაც ბოლო თამაშებზეც აისახება.
- გულშემატკივრები განსაკუთრებით გამოყოფენ ბენზემას პროგრესს...
- კარიმი უდავოდ ძალზე ნიჭიერი ფეხბურთელია. არაა ადვილი ერთი სათამაშო სტილიდან მეორეზე გადაწყობა, ჩემპიონატის გამოცვლა, მაგრამ მან უკვე გაიარა ადაპტაცია და თავის უმაღლეს კლასს აჩვენებს.
- ბოლო დროს ესპანეთში ბევრს საუბრობენ მსაჯების შეცდომებზე. განსაკუთრებით ხაზს უსვამენ “ბარსელონას” სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებს...
- ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი საყვარელი სასაუბრო თემაა. მსაჯების კრიტიკა იტალიაშიც უყვართ, მაგრამ აპენინზე ამ საკითხთან დაკავშირებული პოლემიკა უფრო მძაფრია. არამგონია მსაჯები შეცდომებს უშვებდნენ გამიზნულად, ამიტომ მათ ქმედებებზე ყურადღების განსაკუთრებით გამახვილება უაზრობაა.
- შეუძლია “რეალს” “ბარსელონასთან” ტიტულისთვის ბრძოლა?
- რა თქმა უნდა. კატალონიელებს 5 ქულით ჩამოვრჩებით, მაგრამ ეს კანონზომიერია, რადგან სეზონის პირველი ნაწილი მათ უკეთ ჩაატარეს. მჯერა, რომ მეორე წრეში ჩვენ უფრო ძლიერნი ვიქნებით. ჩვენ უნდა მოვიგოთ ჩვენი მატჩები და ველოდოთ, როდის დაუცდება ფეხი “ბარსელონას”. ასეთ შემთხვევაში შევძლებთ ჩამორჩენის აღმოფხვრას. ჩვენი უმთავრესი მიზანი ამჟამად სწორედ ესაა.
- ჩემპიონთა ლიგა?
- უნდა ვიმოქმედოთ თანმიმდევრულად. ახლა ჩვენი ფიქრები დაკავშირებულია “ხერესთან”. უახლოეს ტურში ჩვენი თანაქალაქელი “ატლეტიკო” “ბარსელონასთან” თამაშობს და იმედი მაქვს, რომ კატალონიელებთან მიახლოებაში დაგვეხმარება.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა







