ძიუდო

17:07 | 31.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაცებმა ცუდად დაიწყეს, წინ სტამის დებიუტია

მადრიდში მიმდინარე ევროპის ღია ტურნირის პირველი დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა. ესპანეთში საქართველოს კაცთა ნაკრები გადახალისებული და არასრული შემადგენლობით ჩავიდა. ექვსი სპორტსმენიდან დღეს საქმეში სამი ჩაერთო და სამივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა, რითაც სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი უმალ დაკარგეს.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში კიმონოები ვაჟა მარგველაშვილმა და ნუგზარ ქურასბედიანმა მოირგეს. მარგველაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და ეგვიპტელ აბდელალ მოჰამედს საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე შესრულებული იპონით გასცდა, მაგრამ მერვედფინალში ფრანგ უგო ფონეტისთან სუფთადვე დამარცხდა. მეორე წრიდანვე დაიწყო ქურასბედიანმაც, მაგრამ პირველსავე მეტოქესთან – პოლონელ მიხალ ბარტუსიკთან იუკოთი წააგო.

73 კილოგრამში საქართველოს დროშის ქვეშ ფრიდონ გიგანმა იჭიდავა. რუმინელი ედუარდ ნიკოლაესკუ სამ წუთში ორჯერ დასცა ვაზარზე. ჰოლანდიელ სემ ვან ვესტენდთან კი ვეღარას გახდა.

ხვალ მედლები 81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებს კი გიორგი ნადირაძე (90 კგ), გურამ თუშიშვილი (100 კგ) და როსტომ ხახალეიშვილი (+100 კგ) წარმოადგენენ. სამივე მეთექვსმეტედფინალით დაიწყებს. ნადირაძის მეტოქე ესტონელი ალექსანდრ მარმელიუკი იქნება, თუშიშვილი ესპანელ სერხიო ტრილიო ვალეიროს შეხვდება, ხოლო ხახალეიშვილი - უკრაინელ ანდრეი კოლესნიკს.

ხვალვე შედგება საქართველოს ქალთა ნაკრების ახალი წევრის - ჰოლანდიელი ესტერ სტამის დებიუტი. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჰოლანდიელი ქალბატონი, რომელიც კადეტებსა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია, მერვედფინალში ესპანელ მარია დელ მარ პარედესს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი იტალიელ ჯენიფერ პიზანტისა და კამერუნელ ფაბიოლა ნატაჩა ნდანგა ნანას წყვილიდან გასულს დაეჭიდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108794