როგორც იცით, თბილისის "დინამოს" სპორტული დირექტორი ბუბა ტყავაძე, კლუბიდან დაითხოვეს. ვინ დაინიშნება ამ პოსტზე, ჯერ უცნობია. გუშინვე, საფეხბურთო წრეში იყო საუბარი ირაკლი ვაშაკიძის კანდიდატურაზე. ვაშაკიძე "დინამოს" ყოფილი მცველია, სხვა არაერთ ქართულ გუნდში უთამაშია, ასევე გახლდათ ბერძნულ "არისში" და აზერბაიჯანულ "თურანსა" და "გაბალაში". ვაშაკიძემ 4 წლის წინ დაასრულა ფეხბურთელის კარიერა და სამენეჯერო საქმიანობას მიჰყო ხელი.
"მსოფლიო სპორტი" ირაკლის მხოლოდ ერთი კითხვით დაუკავშირდა, მან კი ასე გვიპასუხა:
"პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემი სპორტულ დირექტორად დანიშვნა გამორიცხულია. მე ფიფას ლიცენზირებული აგენტი ვარ და კლუბს სატრანსფერო ამბებში ვეხმარები".
აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ უახლოეს დღეებში, "დინამოში" სხვა ცვლილებებიც იქნება, თუმცა დაველოდოთ – ეს ოფიციალურად გამოცხადდება. მწვრთნელ დუშან უჰრინს რაც შეეხება, ის პოსტზე რჩება.