თბილისის “დინამოს” სპორტული მენეჯერი ირაკლი ვაშაკიძე 3-4 მარტს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ჩატარებულ ევროპის კლუბთა ასოციაციის (ECA) პლენარულ სესიას დაესწრო, რომელშიც უეფას წევრი 52 ეროვნული ფედერაციის 151 კლუბის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ამის შესახებ “დინამოს” პრესსამსახური იუწყება.
სესიაზე სიტყვით ECA-ს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე გამოვიდა, რომელიც მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორია. მის გარდა, სიტყვა უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომაც წარმოთქვა.
ECA-ს სესიაზე გასული წელი შეაჯამეს და მომავლის გეგმებზე იმსჯელეს. ხსენებულ ორგანიზაცია უეფას ახალგაზრდული ლიგის შექმნას გეგმავს, რომელშიც 15 და 17 წლამდე ფეხბურთელები ითამაშებენ. გარდა ამისა, განიხილეს 2022 წელს ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ფინანსური საკითხები. აგრეთვე, ფეხბურთელების ტრანსფერების რეგულაციაზე და მეტ ფინანსურ მოგებაზე ისაუბრეს. ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, ევროთასებზე გამოსვლიდან კლუბში შემოსული თანხების შესაბამისობაში მოყვანა გაწეულ ხარჯებთან. ასევე განიხილება მე-4 დივიზიონის კლუბებისთვის ევროთასებზე მეტი მატჩების ჩატარების შესაძლებლობა.
ფოტო fcdinamo.ge